როცა „ერის წყლული“ მწერლობის წყლული არ არის! ანუ, შორს ჩემგან „ლაიქიშნიკები“...
გუშინ სოციალური ქსელის აქტიურმა მომხმარებელმა, გიორგი არჩემაშვილმა ფრიად სიმპტომატური სტატუსი დადო:
„აღმაფრთოვანა ბათუ დანელიას ლექსმა („თეთრი ძახილი“), რომელსაც სამწუხაროდ ძალიან ცოტა მოწონება ჰქონდა. სოციალური ქსელი, ისევე როგორვ ჩვენი, მახინჯი რეალობა, არაადექვატურია... ლექსების მჯღაბნელებო, ძალით რომ ირქმევთ პოეტის სახელს, წაიკითხეთ ბათუ დანელიას ლექსი და მიხვდებით, რამხელა სხვაობაა ნამდვილ პოეზიასა და უნიჭოდ ნაკოწიწებს შორის. წერეთ, ოღონდ, თქვენთვის. ნუ გვატენით მდარე ნაჯღაბნებს“.
ობიექტურად გაბრაზებული კაცის პოზიციაა, რომელსაც აშკარად გული შესტკივა თანამედროვე ქართული მწერლობის მომავალზე, რადგან, „მდარე ნაჯღაბნები“ ჩვენს მომავალ თაობებს სულიერ საზრდოს ვერ მისცემენ. არადა, დღეს „მოდაში“ სწორედ „მდარე ნაჯღაბნებია“.
რაც შეეხება სტატუსის ადრესატს, ნიჭიერ პოეტს, ბათუ დანელიას, ჩემი დაკვირვებით, მას ნამდვილად არ სწყალობენ „ლაიქიშნიკები“, რომელსაც თვითონაც ძალიან განიცდის...
როცა ასეთი ხალასი ლექსების ავტორი გულდაწყვეტით გეტყვის: 800 ლაიქს ვინ ჩივის, 80-იც სანატრელი მაქვსო, უნდა იფიქრო, რომ დღეს ჭეშმარიტი პოეზიის შეფასების მთავარი კრიტერიუმი ღილაკზე თითის დაჭერაა, რომელსაც ე.წ. „ლაიქი“ ჰქვია...
გიორგი არჩემაშვილს, რომელიც თავადაც ნიჭიერი ლექსების ავტორია, მიუხედავად ბევრ საკითხში თანამოაზრეობისა, სტატუსის ძირითად პათოსში ვერ დავეთანხმები: რადგან, ბათუ დანელიას ლექსებს „ლაიქებით“ არ ანებივრებენ, გამოდის, რომ იგი თანამედროვე „მჯღაბნელებისგან“ განსხვავებული პოეტია, ანუ, ნამდვილი პოეტი, რაც პირიქით უნდა გვიხაროდეს!
დიახ, ჩვენთვის მთავარი ის კი არ უნდა იყოს, ვინ რამდენ „ლაიქს“ აგროვებს ლიტფანატებისა და ფარისევლების წყალობით, არამედ, ვინ როგორ და რაზე წერს!
ამჯერად ამ უკანასკნელზე შევჩერდები. თუმცა, ვიდრე „გორდიას კვანძს“ გავხსნიდე, ვიტყვი: დღეს ძალიან შეცოტავდა (შეიძლება ითქვას, თითზე ჩამოსათვლელია) სიტყვის ჭეშმარიტი ოსტატები, ვისაც ესმის თუ რა არის ნამდვილი პოეზია და პროზა და როგორ უნდა ემსახურო მუზას!
თანამედროვე ლექსმწერებზე ბევრი მითქვამს და დამიწერია და ამჯერად არ შევჩერდები. არც ის არის ახალი, თუ ვიტყვი, რომ „მდარე ნაჯღაბნმა“, ანუ მაკულატურამ წალეკა თანამედროვე ქართული ლიტერატურა. უფრო დამაფიქრებელია, რა არის დღევანდელი „მუზის ოსტატების“ შთაგონების წყარო და რამდენად დგას თანამედროვე ქართული ლიტერატურა ერის სადარაჯოზე, რამდენად აძლევს იგი სულიერ საზრდოს ქართველ მკითხველს?!
ბოლო 5 წლის მანძილზე, თანამედროვე ლიტერატურის პრობლემებს ძალიან ბევრი სტატია მივუძღვენი („რატომ დუმს ერის მედროშე“; „როგორ გადავარჩინოთ ქართული მწერლობა“; „ბოლო ჟამი ქართულ მწერლობაში და პანტა-პუნტით ჩამორიგებული რეგალიები“; „რატომ დუმს ქართული მწერლობა“; „ფეისბუქპოეტები, დითირამბებით დაბანგული პრეზენტაციები და შარლატანების მახვილით „დაჭრილი“ ქართული ლიტერატურა“; „სად იმალება ქართული მწერლობა“; „თვითჩარეცხილები, ანუ აურ-ზაური მწერალთა სალხინეთში“...).
სტატიებში პირუთვნელად ვამბობდი, რომ ქართული ლიტერატურა მავანისა და მავანის გაძლიერებული ქვენა გრძნობების სათარეშოდ იქცა - დღეს ყოველი მეორე „პოეტია“, ყოველი მეხუთე „პროზაიკოსი“, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თანამედროვე ქართული ლიტერატურა საკმაოდ ღარიბია.
ცხადია ისიც, ფსევდოლიტერატურის მომძლავრებას ხელი შეუწყო ლიტერატურული კრიტიკის დუმილმა, რომელიც თუ ასე გაგრძელდა, კვდომისკენ მიდის! მადლობა ღმერთს, ჯერ კიდევ შემოგვრჩნენ ნიჭიერი (პროფესიონალი) ლიტერატორები და კრიტიკოსები, მაგრამ, ისინიც საკუთარი თავის ატკიებას ერიდებიან. ცდილობენ, არავინ გაანაწყენონ - ფსევდო პოეტ-პროზაიკოსთა და მათი ბრმა მხარდამჭერთა ლაშქრის თავდასხმის ეშინიათ!
სამწუხაროდ, კრიტიკული აზროვნების, მითუმეტეს, პროფესიონალური კრიტიკის დეფიციტი ყველა სფეროში იგრძნობა და პერსპექტივაში ფრიად უნუგეშო ტენდენციები იკვეთება.
ლიტერატურული სუროგატების, ანუ „მჯღაბნელთა“ არმიის აღზევებას ხელს უწყობს საზოგადოებაში ფესვებგადგმული არასწორი ფორმულა: წერონ, რას ერჩით, რაც ნამდვილია, საბოლოოდ, მხოლოდ ის დარჩება!
ამ სიტყვებში დიდი ნაღმია ჩადებული, რომელსაც შეიძლება არ (ვერ) ვაცნობიერებთ - ლიტერატურული კრიტიკისა და მკითხველთა გემოვნების კატასტროფულად დაქვეითების ფონზე მალე კარგის და ცუდის გამრჩევიც არ დაგვრჩება და მომავალ თაობებს სულიერი საზრდოს ნაცვლად სუროგატი შერჩებათ ხელში.
სხვათაშოროს, ძალიან მაღიზიანებს, როცა ომახიანად მახსენებენ, რომ დღევანდელი ლექსმწერები თანამედროვე ეპოქის შესატყვისად წერენ და მათ ყველაფერი ეპატიებათ!
არა, ბატონებო და ქალბატონებო.
„თანამედროვე ეპოქის შესატყვისად“ წერა არ უნდა ნიშნავდეს, „ხელი გავიქნიე ფეხის“ ტირაჟირებას - ადამიანს ყველაფრის უფლებას თუ მისცემ, ის ყოველთვის ისე მოიქცევა, როგორც მას სურს და არა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს!
ასეა ლიტერატურასთან მიმართებაშიც - თუ მავანი და მავანი მაკულატურას პოეზიად ან პროზად ასაღებს, უნდა ვუთხრათ, რომ ეს მაკულატურაა და არა ჭეშმარიტი შემოქმედება.
მთელი უბედურება კი იმაშია, რომ ისეთები იჩემებენ მუზის მსახურებას, რომელთაც წარმოდგენა არა აქვთ პოეზიაზე (ზოგადად ლიტერატურაზე) და არც იციან, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს იგი!
ახლა კი მივადექით მთავარ სათქმელს:
ერთია, რომ ვერ წერენ, მაგრამ, მეორეა, რაზე წერენ!
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ლიტერატურა ერის (კაცობრიობის) სულიერი საუნჯეა, მივალთ დასკვნამდე, რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურა ამ მისიას ვერ ასრულებს! მეტიც, იგი სიყალბისა და ბუტაფორიების ტყვეობაში აღმოჩნდა. დღეს წერენ ყვეოაფერზე და არაფერზე - ტკეპნიან ერთ ადგილს, ღეჭავენ თემებს, რომელიც მრავალგზის გადაღეჭილია და არანაირ სიახლეს, მითუმეტეს, არანაირ სულიერ ღირებულებას არ წარმოადგენს!
თუ მამაკაცთა უმრავლესობისთვის მთავარი ლიტერატურული სამიზნე ქალის მოშიშვლებული მკერდი და ამობურცული ტუჩებია, ქალბატონები საკუთარ ვნებებში იძირებიან და ემოციების გაშიშვლებით ცდილობენ ფეის-სივრცეში ადგილის დამკვიდრებას. არადა, ქართული მწერლობა ყოველთვის იდგა ერის სადარაჯოზე, თითქმის ყოველთვის (ქვეტესტებში) მაინც იგრძნობოდა ეროვნული სუნთქვა!
ლიტერატურულ სიღრმეებს და პროფესიულ ღირსებებს რომ თავი დავანებოთ, თანამედროვე მწერლების (პოეტების) შემოქმედებაში იშვიათად იგრძნობა ეპოქის მაჯისცემა - პუბლიცისტური თუ მხატვრული ფორმით იშვიათადაა გადმოცემული ის სულიერი კატაკლიზმები, რა კატაკლიზმების წინაშეც რეალურად დავდექით. ასევე, მკითხველს იშვიათად ესმის მწერლის საყვირის ხმა, რომ გამოფხიზლდეს და რეალურად აღიქვას ის გამოწვევები, რის წინაშეც ეპოქამ დააყენა!
დიახ, დღეს საერთოდ არ იგრძნობა მწერლის მეამბოხე ხმა - არადა, თუ ის მოწოდებით მწერალია (პოეტია), სიმართლის თქმის და ბარიკადებზე დგომის არ უნდა შეეშინდეს!
მტკიცება არ უნდა, რომ ქართული სიტყვა ქართული იდენტობის, ქართული ტრადიციების სადარაჯოზე უნდა იდგეს და მეწინავე დროშას აფრიალებდეს!
რა ხდება სინამდვილეში?
თუ თქვენ დამისახელებთ რომელიმე თანამედროვე მწერალს, ღიად რომ ამხელდეს სატანისტთა მზაკვრულ გეგმებს და ხალხს სულიერი ერთობისკენ მოუწოდებდეს, მადლობას გეტყვით.
საპირისპირო მაგალითად შეიძლება მოვიყვანო პოეტი რეზო ამაშუკელი (რომელიც ნამდვილად კარგი პოეტია), მისი ლაივ-ჩართვები ჩემში აშკარა გაღიზიანებას იწვევს. მართალია, მწერალი ღიად უნდა ამხელდეს მზაკვართა (უზნეო პოლიტიკოსთა) ჩანაფიქრებს, მაგრამ, არ შეიძლება მისი ლექსიკა ზნეობის ჩარჩოებს გადაცდეს - მისი სიტყვა ერის გამაერთიანებლად უნდა ჟღერდეს! გავიგეთ, ოპოზიცია რომ მარგინალიზებულია, მაგრამ ხომ აქვს მნიშვნელობა, რა სიტყვებით ცდილობ მათი უკეთურების მხილებას. მეორეც, მწერალი რეალისტი უნდა იყოს. აქდან გამომდინარე, იგივე რეზო ამაშუკელი რატომ არაფერს ამბობს მეორე მხარეზე - ე.წ. პოზიციაზე, რომელიც თავისი ინიციატივებით ერის სულიერ დეგრადირებას უწყობს ხელს?!
ილია ჭავჭავაძე იმიტომ იყო ერის მამა, ერის ტკივილი რომ სტკიოდა და ტყვიასაც შუბლი შეუშვირა. ნიკო ნიკოლაძეს იმიტომ მივიჩნევთ ჭეშმარიტ მამულიშვილად, მისი კალამი ერის სასიცოცხლო ინტერესებს რომ ემსახურებოდა. დავით გურამიშვილი კი იმიტომაც არის გამორჩეული ქართველი მოკალმე, რომ თამამად აშიშვლებდა ერის სულსა და სხეულში დავანებულ მეტასტაზებს, გაგრძელება კიდევ შეიძლება...
დღეს კი, დღეს იმაზე ვმსჯელობთ, ვის უფრო მეტი „ლაიქი“ აქვს და ვინ დავასკუპოთ ცრუ კვარცხლბეკზე!
ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი