დავით ღვინიანიძის პატარა საქართველო დიდ ამერიკაში
მსოფლიოში ცნობილმა საოპერო მომღერალმა, ბარიტონმა დავით ღვინიანიძემ ფილადელფიაში საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი დღე გალაკონცერტით აღნიშნა.
შოუსანახაობამ გულგრილი არავინ არ დატოვა. პანდემიური შეზღუდვების შემდეგ ეს ქართველთა პირველი მასშტაბური თავყრილობა გახლდათ ამერიკაში. ღონისძიებას დავით ღვინიანიძე უძღვებოდა, რომელიც სიმბოლურად საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში იყო გამოწყობილი.
როგორც მოგეხსენებათ, დავით ღვინიანიძე ცნობილია პატრიოტული და ეროვნული იდეალების პატივისცემით და ეს პროექტიც ამის დასტურია.
შეხვედრას ამერიკაში მოღვაწე არაერთი ცნობილი სახე გამოეხმაურა:
"ქართული სულისკვეთებით და სიყვარულით სავსე ვარსკვლავური დღე, რომელმაც დაუვიწყარი ემოციით აგვავსო"- წერს მევიოლინე სოფიო ხურცილავა.
"მადლობა დავით ღვინიანიძეს ამ ფანტასტიკური საღამოსთვის"-აღნიშნა პიანისტმა ლევან შენგელიამ.
დავით ღვინიანიძის ინიციატივით კვლავ არაერთი კულტურული ღონისძიება იგეგმება ამერიკაში.