საქართველოში მოქმედ კანონს სოდომის ცოდვასთან მიმართებაში შარს ვერ მოსდებთ!
მამუკა გიორგაძე
პაატა კოღუაშვილი
საქართველო არის ტრადიციულად დემოკრატიული ქვეყანა. საქართველოსა და ქართველ ერში არსებობს საზოგადოების ყველა წევრისთვის პირადი თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის აუცილებლობის ცნობიერება, რაც სამოქალაქო საზოგადოებისათვის მკვიდრი მორალური საფუძველია.
დემოკრატიის ერთ-ერთი ნორმა, რომლის გამარჯვებასაც ისტორიულად მრავალი ჩვენი თანამემამულე გამოჩენილი მოღვაწეებისა და რიგითების სისხლი შეეწირა, ის გახლავთ, რომ ადამიანს უფლება აქვს თავისი აზრი საჯაროდ გამოთქვას. ბუნებრივია, რომ სხვებს უფლება აქვთ მას შეეკამათონ და ამ ჯანსაღი კამათის შედეგი იქნება წინსვლა საერთო მიზნის მიღწევის გზაზე (თუ საერთოდ ასეთი მიზანი არსებობს?!).
ქართველ ერში ტრადიციულად ეროვნული და დემოკრატიული სულისკვეთება ერთია და მას, სხვა ცოცხალ წყაროსთან ერთად, პირველ ყოვლისა, მისი სარწმუნოება ასაზრდოებს!
საქართველოს ისტორიაში სქესობრივი უმცირესობისადმი დამოკიდებულებაში არც რაიმე განსაკუთრებული ექსცესი ჩანს, არც მაინცდამაინც გამოკვეთილი სიმკაცრის ნიშნები. ძუნწი ისტორიული ცნობები ამ სფეროში მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ ჩვენმა ისტორიამ იცის პერიოდები, როცა მოვლენა შეფასდა (რუის-ურბნისის კრება და სხვ.), და ნაკლებად იცის შემთხვევა რაიმე მკვეთრი მოქმედებისა „სექსუალური უმცირესობის“ რომელიმე წარმომადგენლის მიმართ (განსხვავებით მრავალი სხვა ქვეყნისა). ასე, რომ საქართველოში „სოდომის ცოდვისადმი“ დამოკიდებულების საკითხი “სასიცოცხლო” პრობლემად არასდროს გამხდარა და არც უნდა გახდეს.
საქართველოს სავსებით აკმაყოფილებს ამ მიმართულებით მისი კანონმდებლობის დღევანდელი მდგომარეობა: „უმცირესობა“ კანონის მიერ არ იდევნება, მოქალაქეთა დისკრიმინაცია სქესობრივი ორიენტაციის ნიშნით პრინციპულად აკრძალულია.
მოვლენათა განვითარების ამ ხაზის შეცვლა საქართველოს არ სჭირდება. იმ განსაცდელში, რომელშიც საქართველო დღეს იმყოფება, ამ თემისაკენ თავისი ენერგიისა და ძალისხმევის მიმართვა მისთვის ისეთი ფუფუნებაა, რომლის უფლება, მას არ აქვს.
ქრისტიანობა აძლევს ადამიანს თავისუფალი არჩევანის უფლებას, ანუ უფლებას, რომ მან თვითონ აირჩიოს თავისი ცხოვრების წესი (მითუმეტეს, რომ ცნება „ცოდვა“ არ გამოიყენება იმ ადამიანების ქმედებების მიმართ, რომლებიც თავისი ნებით უარს აცხადებენ ეკუთვნოდენ ქრისტიანულ სამყაროს), მაგრამ ამავე დროს იტოვებს უფლებას, რომ ზოგიერთი ქმედება თავისთვის ცოდვად მიიჩნიოს. დღევანდელი “ფსევდოლიბერალები” კი მოითხოვენ, ყველამ, მიუხედავად აღმსარებლობისა, უპირობოდ აღიარონ ის, რაც მათ რელიგიურ შეხედულებებს ეწინააღმდეგება _ აღიარონ ცოდვა ადამიანის ჩვეულებრივ მდგომარეობად.
ეს პირდაპირი ძალადობაა.
ამასთანავე, მოითხოვენ განსაკუთრებულ პატივისცემასა და პრეფერენციას სხვისგან მხოლოდ იმის გამო, რომ განსხვავებული არიან და არა მათი ადამიანური უნარ-ჩვევებისა ან გამორჩეული შემოქმედებითი შესაძლებლობების გამო. ანუ, მოითხოვენ გამორჩეულ საჯარო ყურადღებას გამორჩეული პოზიტიური პირადი მახასიათებლების უქონლობის პირობებში.
ესეც პირდაპირი ძალადობაა.
გააპროტესტებ ძალადობასა და ცოდვის გავრცელების სტიმულირებას და, საქმეში ჩართავენ ადმინისტრაციულ რესურსსა და მედიას და, მოძალადედ დაზარალებული გამოჰყავთ. შუა საუკუნეების ფუნდამენტალისტის, ანტიდემოკრატისა და „მართლმადიდებლური ირანის“ იმიჯი გარანტირებული გაქვს.
საზოგადოების დიდ ნაწილში გაუგებარი და მიუღებელი ტენდენციების ხელოვნური სტიმულირება საზოგადოებაში დაუცველობისა და უპერსპექტივობის განცდასა და მძიმე ემოციურ ფონს ქმნის და აიძულებს მას კანონის დარღვევის ზღვარზე იმოქმედოს.
ვითარებას განუზომლად ამძიმებს ის, რომ საზოგადოების მკაფიოდ გამოხატულ საერთო აზრზე ზეწოლა ხდება იმ ფართოდ პროპაგანდირებული ვერსიის ფონზე, თითქოს გეი-პარადისადმი სიმპათიზირება, გეი-პრაქტიკის ქუჩაში გამოფენისადმი მოსახლეობის კეთილმსურველი დამოკიდებულება მიჩნევა საზოგადოების დემოკრატიულობის საზომად, ხოლო საპირისპირო პოზიცია ჰომოფობიაა (რადგან ეს, თითქოს, უკვე „დადგენილია“ და გადახედვას აღარ ექვემდებარება არასოდეს), უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქუჩის აქციათა თავისუფლების პრინციპი ვრცელდება ისეთ მოთხოვნებზე, რომელიც არ შეიცავს საკუთარი პრაქტიკის – ყველას მიერ არმოწონებულის და მრავალთათვის ბიოლოგიურად ამაზრზენის – საჯარო დემონსტრირების უფლებას. ფორმა „პარადი“, ანუ აღლუმი (ძალთა დემონსტრირება) დღევანდელ მოცემულობაში შეიცავს იძულების მომენტს, რასაც დემოკრატია არ გულისხმობს და არც იგუებს.
საზოგადოდ არის აღიარებული, რომ ნებისმიერი ჯგუფის „უფლება” მთავრდება იქ, სადაც აწყდება სხვათა უფლებას და ამ უკანასკნელთან წინააღმდეგობაში მოდის. საჯარო სივრცე, რომელიც, ამავდროულად პედაგოგიური სივრცეა, არ შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც აბსოლუტური თავისუფალი და არაფრისგან შეზღუდული. მით უმეტეს, რომ ქართულ საზოგადოებაში არ შემდგარა ფართო დისკუსია თუ რამდენად ეწინააღმდეგება ის მოზარდ თაობათა აღზრდის იმ შეუვალ და კატეგორიულ მოთხოვნებს, რომლებიც ძალაში არიან პედაგოგიკაში, როგორც მეცნიერებაში და მომავლის მთელ ხილულ პერსპექტივაში ძალაში იქნებიან.
მსოფლიოს ის ნაწილი, რომელმაც უკვე დაიკმაყოფილა მისი სახელმწიფოებრივი მდგრადი განვითარებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ძირითადი პარამეტრები და რომელიც ამ „მოძრაობაში“ ამა თუ სახით თავის ინტერესს დებს ან ინტერესს პოულობს, ამ „პრობლემაში“ თვითონ გაერკვევა, ჩვენი მრავალტანჯული ქვეყნის (რომელსაც ეგზისტენციალური სხვა საფრთხეები ისედაც არ აკლია) ჩართვის გარეშეც. ყოველივე, როგორც იტყვიან, მშვიდობიანად დაბრუნდება თავის ბუნებრივ პროპორციებში. მით უმეტეს, რომ იმ ქვეყნებში ამ თემას პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს. ხსენებულ უკიდურესობებს კაცობრიობა, ჯამში, არ მიიღებს (თუ მას თვითლიკვიდაცია არ აქვს გადაწყვეტილი).
მეცნიერულად გაუშუქებელ ანუ შემეცნების თანამედროვე დონეზე დაუსაბუთებელ რეკომენდაციებს პრაქტიკული ყოველდღიურობისთვის კაცობრიობის გონებრივი ელიტა არც ღებულობს და, მაქსიმალური ალბათობით, არც ოდესმე მიიღებს. ამიტომაც ის იმ ქვეყნებშიც ვერ გახდა საერთო ღირებულება და ყველა ქვეყანაში დარჩა როგორც ნაწილის ან პიროვნებათა ჯგუფის (შეიძლება ძალიან ცნობილის) ხედვად…
ჩვენი ქვეყნისთვის მთავარ პრობლემას ქმნის ხელისუფლების დემონსტრაციული უმოქმედობა ღიად და ფარულად სტიმულირებული და დაინტერესებული მცირე ჯგუფების აგრესიული შეტევის ფონზე. საქართველოს მმართველნი, პრივილიგირებული მედიისა და ე.წ.“არასამთავრობო სექტორის” ნაწილის აქტიურობას მაქსიმალურად იყენებს იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, საზოგადოების ყურადღება არსებითი სახელმწიფოებრივი პრობლემებიდან სხვა, ადამიანურად უფრო ემოციური მიმართულებით გადაიტანოს და მოსახლეობის მკვერთ დაპირისპირებას შეუწყონ ხელი და მეორე მხრივ, საზოგადოება დაარწმუნონ რომ „ცუდი“ დასავლელი პარტნერების წნეხის ქვეშ იმყოფებიან.
თუმცა, ხელისუფლება სახელმწიფოს სტაბილური განვითარებისთვის რიგი აუცილებელი რეფორმების განხორციელების გზაზე მძაფრად ეწინააღმდებება დასავლელ პარტნერთა რეკომენდაციებს, მაგრამ საკუთარი „პროდასავლურობის დამტკიცებას“ გულმოდგინედ ცდილობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქაოსისა და დაპირისპირების გამომწვევი საკითხების „წარმოშობის“ დროს.
ხელისუფლება, რომელიც დართავს გეი-აღლუმების ჩატარების ნებას, ხელს შეუწყობს შეგნებულად არასწორი, პოლიტიკურად და მეცნიერულად არაარგუმენტირებული ინფორმაციისა და ქმედების ტირაჟირებას, ფაქტობრივად, სტიმულირებას გაუწევს პროვოკატორთა და სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ქმედებებს.
ხელისუფლება, ვალდებულია პოლიტიკურ ცხოვრებაში განახორციელოს მკაფიო და მკვეთრი საკანონმდებლო და პრაქტიკული ქმედებები საზოგადოებაში შფოთისა და განხეთქილების აღსაკვეთად.
საზოგადოება უფლებამოსილია მოითხოვოს ხელისუფლებისგან (აიძულოს კიდეც) ღია, საჯარო და კონკურენტული სადისკუსიო სივრციის უზრუნველყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იგი საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ახალ ნაბიჯებს გეგმავს.
აქედან გამომდინარე, თავისი ქვეყნის შიგნით ქართველ ერს მართებს დაცვა თავისი საჯარო სივრცის ყოველგვარი უკიდურესობებისგან, ყოველგვარი ძალდატანების მცდელობებისგან საკანონმდებლო სფეროში და ყოველგვარი პრაქტიკული პროვოკაციებისგან.
ამიტომაა, რომ ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია ამ პერმანენტული შემოტევისგან საქართველოს დაცვა და ჩვენს თანამემამულეებსაც მოვუწოდებთ ამ დაცვაში სწორი აქტიურობისკენ.