აკაკი მინაშვილი: ბაჩო ახალაია მკვლელია, ვანო მერაბიშვილი უარესი?
"ბაჩო ახალაია მკვლელია, ვანო მერაბიშვილი უარესი? ეს პოლიტიკური დევნის გაგარძელებაა, რაც ჩვენი გუნდის წინააღმდეგ დაიწყო, ყველა ბრალდება უსაფუძვლო, გამომრიცხავი და შეთითხნილია",-აცხადებს უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი გაზეთ "ვერსიასთვის" მიცემულ ინტერვიუში.
მინაშვილი დაბეჯითებით აცხადებს, რომ დაპატიმრებების სერიები "ქართული ოცნების" ღია ომია. რამდენიმე დღის წინ, აკაკი მინაშვილს პროკურატურაში 7 საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ თენგიზ გუნავას საქმესთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, გაჩნდა მოსაზრება, რომ შესაძლოა ისიც დაეკავებინათ, რადგან, როგორც წესი, დაკითხვაზე დაბარებულ მაღალჩინოსნებს უკან აღარ უშვებდნენ, მაგრამ მინაშვილი გამოუშვეს.
უმცირესობის ლიდერი მის დაკითხვას პროკურატურაში, მისი და თენგიზ გუნავას ახლო ურთიერთობით ასაბუთებს, და აღნიშნავს, რომ ბაჩო ახალაიას დაკავების შემდეგ ისინი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ კატეგორიულად უარყოფს გუნავას ნარკოტიკებთან კავშირს.
"გამორიცხულია, სამართლიანობის აღდგენა უსამართლობით-თენგო გუნავას საქმეზე ისეთი პრაქტიკა გამოიყენეს, როგორსაც შევარდნაძე იყენებდა",-აცხადებს მინაშვილი.
შაბათს შსს-მ პროკურატურას გადასცა მასალები, რომლის მიხედვითაც, ვანო მერაბიშვილმა სამსახურეობრივ უფლებამოსილებას გადააჭარბა. მართალია ამ დრომდე, პროკურატურაში შს ყოფილი მინისტრი არ დაუბარებიათ, მაგარმ, ეს ალბათ, უახლოეს დღეებში მოხდება.
"ახალაიების დევნა, ფინანსური პოლიციის შესვლა თვითმართველობებში, ზეწოლა საზოგადოებრივ მაუწყებელში, გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილის მიმართ გაკეთებული განცხადებები_ეს ყველაფერი იმის მცდელობაა, რომ ქვეყანაში ალტერნატიული მოსაზრება არავის ჰქონდეს!"-განაცხადა აკაკი მინაშვილმა ინტერვიუში.
"ნაციონალური მოძრაობა" ახალი ხელისუფლების ქმედებებს პოლიტიკურ დევნას უწოდებს, ამასთან, წინასაარჩევნო დაპირებების არშესრულებასა და ხალხის მოტყუებაში ადანაშაულებს:
"ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიზანია პოლიტიკური ოპონენტების გაქრობა. მას არ მოსწონს ის კრიტიკა და დებატები, რაშიც პარლამენტში აქტიურები ვართ. საერთოდ, ჩემი აზრით, ეს მთავრობა ძალიან უუნაროა, ამ ეტაპზე ვერც ერთ პირობას ვერ ასრულებს და საჯაროდ ამბობს, რომ ვერც მომავალში შეასრულებს",-ასკვნის "ნაცების" ერთ-ერთი სახე აკაკი მინაშვილი.