რევოლუცია არა, მაგრამ, ხელისუფლების გადაბარების პროცესი დაწყებულია!
„ნაციონალები“ კინაღამ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში - მართალია, მუნიციპალური არჩევნების შედეგებით, მაგრამ სხვაობა იმდენად მინიმალურია, ვადამდელ, თუ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, ძალიან დიდი შანსი აქვთ ოცნება აისრულონ, ოღონდ ეს არ იქნება ქართველების ოცნებასთან თანხვედრილი!
როგორც ჩანს, ამაოდ ვიოცნებეთ 9 წელიწადი, რომ „ნაციონალებს“ პოლიტიკურ მოუსავლეთში გავუშვებდით - გაშვება კი არა, ტრიუმფით ბრუნდებიან - ჩვენი დოყლაპიობით და „ქართული ოცნების“ ხელშეწყობით. თუმცა, ამაზე ცოტა ქვემოთ.
მრავალგზის ნათქვამს და არ გავიმეორებ, მაგრამ მოკლედ ვიტყვი: მუნიციპალური არჩევნების შედეგებში მოულოდნელი არაფერი ყოფილა - არც ის გამიკვირდებოდა, საქართველოს მსხვილ ქალაქებში უპირატესობა „ნაციონალებს“ მოეპოვებინათ...
„ქართული ოცნების“ გასაგონად: ასე როგორ უნდა გააფუჭო საქმე შენი უნიათობით, რომ ხალხს ფაშისტური რეჟიმის დაბრუნება მოანატრო?! ნუთუ საქართველოში არ მოიძებნა უფრო გამოცდილი და პოლიტიკაში გაუსვრელი ადამიანები, რომ ნაციონალების საპირწონედ დაგეყენებინათ? თქვენ ამით ხომ მიზეზი მიეცით ე.წ. „შუაშისტებს“, არჩევანი არ გაეკეთებინათ ცუდსა და უარესს შორის და სათოფეზე არ გაკარებოდნენ საარჩევნო ყუთებს?! ეს ხომ ფარული ავანტიურაა ნაციონალების გასაძლიერებლად და მათი ხელისუფლებაში დასაბრუნებლად?!
თვალს ნუ დავიბრმავებთ: სხვათაშორის, ისეთი ადამიანებიც უჭერდნენ მხარს „ნაციონალებს“ ბოლო მუნიციპალურ არჩევნებში, რომლებსაც არასდროს გამოუხატავთ ყოფილი რეჟიმისადმი მხარდაჭერა - პირიქით, 2012 წელს აშკარად „ქართულ ოცნებაში“ ხსნას, ხოლო, ბიძინა ივანიშვილში მესიას ხედავდნენ.
* * *
ბევრი ითქვა და დაიწერა, რომ 2 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე არსებითი გავლენა მოახდინა მიხეილ სააკაშვილის ფაქტორმა - ექსპრეზიდენტის მალულად შემოპარვამ და შემდგომ მისმა დატუსაღებამ, ორივე პოლიტიკურ მონსტრს „სატოპკე“ აუწია და ეს აისახა კიდეც არჩევნების შედეგებზე, თუმცა, მასობრივი მობილიზება ვერ შეძლო - ამომრჩეველთა 51-მა პროცენტმა საერთოდ მიაფურთხა საარჩევნო ბატალიებს, რითაც ორივე (თუმცა, ერთ მთლიან) ძალას აგრძნობინა, რომ არც ერთს არ უჭერდა მხარს!
კარგია ეს თუ ცუდი?! გააჩნია, რა კუთხიდან შევხედავთ:
თუ პოლიტიკური მეძავების შეფასების თვალსაზრისით - კარგი, ხოლო, თუ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ძალიან ცუდი - შე მამაცხონებულო, რა თქმა უნდა, გაქვს უფლება, არც ერთი მოგწონდეს და არც მეორე, მაგრამ, შენი პროტესტით ვის ხელში ტოვებ ისედაც დაჯიჯგნილ და გაუბედურებულ ქვეყანას?! შენი პასიურობით ხომ აშკარად ხელს უწყობ მუდმივი ქაოსის დამკვიდრებას ქვეყანაში და საბოლოოდ, ისევ დანაშაულებრივი რეჟიმის დაბრუნებას ხელისუფლებაში?!
ბევრისგან განსხვავებით, რომელიც ხშირად მსაყვედურობს: „ხალხი რა შუაშია?!“, ვიტყვი: ხალხი შუაში კი არა, თავშია, რადგან, სწორედ ხალხის აღტკინებამ მოიყვანა „ვარდების რევოლუციით“ ხელისუფლებაში სააკაშვილის რეჟიმი, რომლის უღელქვეშ 9 წელიწადი ვგმინავდით, იგივე ხალხმა შერაცხა 2011-2012 წლებში ივანიშვილი მესიად და ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“, რომელიც უფრო უსახურ კონგლომერატს წარმოადგენდა „რესპუბლიკელების“, „კონსერვატორების“ (თუმცა, როგორი კონსერვატორები არიან, ძალიან მალე გამოჩნდა), მურმან დუმბაძის, გუბაზ სანიკიძის და სხვა ოდიოზური ფიგურების თანხლებით - „ოღონდ, სააკაშვილი არა“ ლოზუნგით!
თუმცა, ხალხს იმაზე ფიქრით თავი არ შეუწუხებია, რომ სააკაშვილის რეჟიმის მხოლოდ ფორმალური ჩამოშორება ისევ თავის ტკივილად დაგვრჩებოდა. ამაზე ჯერ კიდევ 2011 წლის 30 ოქტომბრის სტატიაში „ომახიანი გზავნილი ჭორვილადან, ანუ საქართველო ისევ მესიის მოლოდინშია!“ - ვწერდი! ვწერდი, მაგრამ, ვინ მისმინა?!
* * *
ყბადაღებულ ლოზუნგებს: „ოღონდ, შევარდნაძე არა“-ს, „ოღონდ ,სააკაშვილი არა“-ს, მოგვიანებით, „წავიდეს ივანიშვილი პოლიტიკიდან“ დაემატა. ივანიშვილი კი გაეცალა პოლიტიკას (დანამდვილებით ძნელია იმის თქმა, ახლა რა როლს ასრულებს ქართულ პოლიტიკაში), მაგრამ „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნების საშიშროება კიდევ უფრო გამძაფრდა - ეს რომ ასეა, ოქტომბრის მუნიციპალურმა არჩევნებმაც დაადასტურა - „ნაციონალები“ კინაღამ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში!
ამას წინათ დავწერე სოციალურ ქსელში და კიდევ ვიმეორებ: რევანშისტული (დესტრუქციული) ძალების ხელისუფლებაში დაბრუნების დანაშაულის სიმძიმე არა იმდენად იმ ტვინგადაბრუნებული მასის კისერზეა, ვინც „ქართულ ოცნებაზე“ გაბრაზებულმა მხარი „ნაციონალებს“ დაუჭირა, არამედ იმ 51 პროცენტ „შუაშისტებზე“, რომელიც თავისი ინერტულობით დანაშაულობამდე დასულ შეცდომას უშვებს (სხვა საკითხია, რამდენად ლეგიტიმურია არჩევნების შედეგები, როცა მოსახლეობის მხოლოდ 49 პროცენტი მონაწილეობს, თუმცა, საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები ამის უფლებას იძლევა და ვერც გააპროტესტებ).
ერთი სიტყვით, სრული „დურდომია“ ქვეყანაში - ამომრჩეველთა 49 პროცენტის 55 პროცენტი, ანუ სრულუფლებიანი მოსახლეობის დაახლოებით ¼ წყვეტს, ვინ უნდა მართოს ქვეყანა! ამაზე მეტი ცინიზმი რა გინდა?!
* * *
რამდენიმე დღის წინ ჩემს პატარა სტატუსში ხატოვნად აღვნიშნე: „ქართული ოცნება“ თავის „ჩასვრილს“ უკვე მერამდენედ გვაწმენდინებს-მეთქი! ბევრმა ამ წკიპურტის დედააზრი ვერ გაიგო.
ახლავე ავხსნი: უკვე მერამდენე არჩევნებია, იმის შიშით, რომ კრიმინალური რეჟიმი არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, „ოცნებას“ ვინარჩუნებთ. მიუხედავად იმისა, ძალიან კარგად ვიცით, რომ ისინი ერთმანეთს „კვებავენ“ და საქართველოს საზიანოდ ქართულ პოლიტიკაში არსებობასაც იხანგრძლივებენ!
სამწუხაროდ, სააკაშვილის საქართველოში შემოსვლამ და ბოლო არჩევნებმა კიდევ უფრო გააფართოვა ფარისეველთა და ტვინნაღრძობთა კოჰორტა - ისეთმა ადამიანებმა შეაირცხვინეს თავი, საზოგადოება მათი ნიჭისა და დამსახურების გამო პატივს რომ მიაგებდა, არაფერი ვთქვათ, შედარებით არაცნობად ადამიანებში მიჩუმათებული „ვნებების“ გაშიშვლებაზე.
ეს ძალიან ცუდია და ძალიან კარგიც. თუ რატომ არის ცუდი, ამას, მგონი, დაკონკრეტება არ სჭირდება. რაც შეეხება კარგს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების მიმართ ნდობის ვოტუმი ნელ-ნელა ქრება, უნდა ვიცოდეთ: ვინ, ვინ არის!
* * *
ახლა ისევ პასიურ 51 პროცენტს დავუბრუნდები, რომელიც არჩევნებში არ იღებს მონაწილეობას. რაც არ უნდა მძიმედ ნათქვამი გამოვიდეს, ვიტყვი: ისინი გაცილებით დიდ ზიანს აყენებენ ქვეყანას, ვიდრე ადამიანთა ის კატეგორია, რომელიც ფანატიკურად თუ მოვალეობის მოხდის მიზნით მხარს უჭერს „ნაციონალურ მოძრაობას“.
და აი, რატომ:
შე მამაცხონებულო, როცა არც ერთი და ერც მეორე ძალა (ვგულისხმობ, ე.წ. პოზიცია-ოპოზიციას. თუმცა, ოპოზიციაში ძირითადად „ნაციონალური“ რეჟიმი, თავისი ანასხლეტებით მოიაზრება ძირითადად) არ მოგწონს და ცუდსა და უარესს შორის არჩევანს ვერ აკეთებ, შეუწყვე ხელი ახალი (კონსერვატული) პოლიტიკური ძალის აღმოცენებას (ნება იყოს და ლიდერიც გამოჩნდება!) და დაასრულე ეს გულისამრევი და საშიში პოლიტიკური ვაკხანალია!
ეს რომ საჩქაროდ გასაკეთებელია, მუნიციპალურმა არჩევნებმაც ხომ დაგვანახა?!
ისიც დაგვანახა, თუ ამ ორი პოლიტიკური მონსტრის საპირწონე ძალას არ შევქმნით, აიწონა-დაიწონას თამაში გაგრძელდება და ქვეყანას ჭაობიდან ვერ ამოვიყვანთ.
ისიც ხომ დაგვანახა, რომ „ნაციონალები არსად წასვლას არ აპირებენ. პირიქით - შურისძიების გრძნობით გაჟღენთილნი მალე თავზეც დაგვაჯდებიან?!
P.S. ქვეყანაში რევოლუციური მუხტი რომ არ არის, ბოლოდრონდელმა მოვლენებმაც დაადასტურა - ხალხს რევოლუციით „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი არა აქვს, მაგრამ არც „ქართული ოცნების“ ნდობა შეიძლება, რადგან, ფაქტია, რომ არჩევნების შედეგებით ხელისუფლების გადაბარების პროცესი დაწყებულია!
ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი