იშიმშილონ და... იყონ!
ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს: არა ერთი და ორი, არა ორი და სამი, არამედ, რამდენიმე ათეული ადამიანი (ყოველ შემთხვევაში, ამას მასობრივი შიმშილობა დაარქვეს) შიმშილობს (ისიც გასარკვევია, რამდენად შიმშილობენ) პრეზიდენტყოფილი მიხეილ სააკაშვილის ციხიდან განთავისუფლების მოთხოვნით!
ახლა იმაზე საუბარი, ეს ადამიანები ამ გმირული „თავგანწირვის“ სანაცვლოდ გარკვეულ „საჩუქარს“ იღებენ თუ არა, სერიოზული არ იქნება!
უფრო არსებითი, იმის გარკვევაა, რას აპროტესტებენ ისინი და რამდენად საფუძვლიანია მათი პროტესტი?!
იმის თქმა, რომ პრეზიდენტყოფილი სააკაშვილი უდანაშაულოდ ზის ციხეში, მართებული არ იქნება - პირიქით, მას იმდენად მსუბუქი ბრალდება აქვს წაყენებული, სასაცილოდაც კი გამოიყურება იმ ფონზე, რა სისტემური დანაშაული აქვს ჩადენილი მის მიერ შექმნილ და მისივე დირიჟორობით მოქმედ „ნაციონალურ“ რეჟიმს!
თუმცა, ეს იმდენად სააკაშვილის პრობლემა (ბრალი) არ არის, რამდენადაც დღევანდელი ხელისუფლების, რომელმაც იმაზე მეტი ვერ გაბედა, რაც გაბედა!
„ნაცმოძრაობის“ ლიდერების მუდმივი (ავადმყოფური) აპელირება იმაზე, რომ მას პენიტენციალურ დაწესებულებაში ცუდად ექცევიან, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია - პირიქით, ის და მისი დამქაშები, თვითონ კარნახობენ ხელისუფლებას: რა გააკეთოს, სად გადაიყვანოს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ეექსპრეზიდენტთან ვიზიტი სამკურნალო დაწესებულებაშიც შეზღუდული არ არის, გამოდის, რომ სააკაშვილი იდეალურ პირობებში იმყოფება.
ეგეც არაფერი - მასობრივი შიმშილობა სააკაშვილის ციხიდან განთავისუფლების მოთხოვნით, მიმდინარეობს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაცხადებული შერიგების ინიციატივის ფონზე.
ეს ე.წ. მასობრივი შიმშილობა კი სხვა არაფერია, თუ არა, ულტიმატუმი: პრეზიდენტის ინიციატივის (რომელიც თავს მოახვიეს გარედან) ჩიხში შეყვანის, ან, პრეზიდენტზე ზეწოლის მცდელობა - უაპელაციოდ შეიწყალოს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი სააკაშვილი.
ორივე შემთხვევაში, ავანტიურასთან გვაქვს საქმე - თუ შერიგება გინდა, ულტიმატუმი რა შუაშია, ხოლო, თუ ზეწოლა და ამით იძულებითი გადაწყვეტილების მიღება გსურს, ეს ქვეყანა მართლაც ჩალითაა გადახურული და ხალხს არაფერს ეკითხებიან?!
სიტყვამ მოიტანა და ვინ ეკითხება ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ასეთი ინიციატივით გამოვიდეს ხალხის სახელით ხალხთან შეუთანხმებლად?!
ვისთან უნდა შერიგდეს „ნაცმოძრაობა“ - „ქართულ ოცნებასთან“ თუ საქართველოს მოსახლეობასთან, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა დანაშაულებრივი რეჟიმის სიმძიმე მთელი ცხრა წლის განმავლობაში?!
ბუნებით ჰუმანისტი ვარ და ამდენად, არ ვარ ზოგადად შერიგების წინააღმდეგი, მაგრამ, როგორ უნდა შეურიგდე პრეზიდენტყოფილს, ან მის სახელთან ასოცირებულ დანაშაულებრივ პოლიტიკურ რეჟიმს, როცა ისინი საკუთარ დანაშაულს არ აღიარებენ, სინანულის ელემენტარული განცდა არ გააჩნიათ და შერიგების საფარქვეშ კიდევ აქეთ იმუქრებიან?!
მე მგონი, ასეთ სიტუაციაში შერიგებაზე საუბრის გაგრძელება საზოგადოებისთვის სულში ჩაფურთხების ტოლფასია!
...
რაც შეეხება „ნაციონალების“ სათაო ოფისში საახალწლოდ გაშლილ კარვებს და ე.წ. მასობრივ შიმშილობას, არაფერი კატასტროფული ამაში არ არის - მსოფლიოში ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი შიმშილით იხოცება, ხოლო, ათეულობით მილიონი ადამიანი არასრულფასოვანი კვებისა და სხვა აუცილებელი საყოფაცხოვრებო პირობების უქონლობის გამო, ფიზიკურად იფიტება.
ამ ფონზე „ნაციონალების“ მიერ დაწყებული შოუ-პერფორმანსი, პირადად მე (და ალბათ იგივე აზრზეა საზოგადოების უმრავლესობა) ნაკლებად მადარდებს - იშიმშილონ, სანამ მათი კუჭი ამას გაუძლებს და იყონ!
P.S. დღეს სამყაროში და ბუნებრივია, საქართველოშიც, გაცილებით დიდი პრობლემაა, ვიდრე, სააკაშვილის ციხიდან განთავისუფლება, ან, „ნაციონალების“ “ხელისუფლებაში დაბრუნება - ხალხი ამ ვერაგი ვირუსის სახელით ყოველდღე გვეცლება ხელიდან და რეალური საშიშროებაა, სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდეს!
ამ კატასტროფულ მოცემულობაში მართლაც მავნებელი და საკუთარი ხალხის გამოუსწორებელი მტერი უნდა იყო, ისევ სიტუაციის არევაზე და მორალური ფონის დამძიმებაზე იფიქრო!
როგორც ჩანს, „ნაციონალების“ და მათ მიერ დავერბოვკებული სექტის გამოსწორება არ იქნება!!!
ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი