გააჩერეთ... გააჩერეთ! ანუ რატომ უნდა გამოაცხადოს მწერალთა კავშირმა თვითლიკვიდაცია?!
საკმაოდ დიდი ხანია, თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე ნეგატიურ პროცესებზე (ეს რბილად ნათქვამია), კრიტიკული სტატიები არ დამიწერია. განა იმიტომ, რომ ვიღაცის მეშინია - როცა ხედავ, ყველას პირში წყალი აქვს ჩაგუბებული და მხარს არავინ გიჭერს, სტიმულიც გეკარგება - კრიტიკა კრიტიკისთვის ხომ არ უნდა იყოს?!
თუმცა, იმდენად აყროლდა ყველაფერი, გაჩუმება ღალატის ტოლფასად მიმაჩნია - იქნებდა, ვიღაცა მაინც ამყვეს და ქართველ მკითხველს დავანახოთ ის სავალალო პერსპექტივა, რაც ქართულ მწერლობას ემუქრება!
ლექსის წერას ვერავის დაუშლი, ვერც წიგნის გამოცემას. თუმცა, ლექსიც არის და ლექსიც. ბუნებრივია, ვისაც მუზა შეუღიტინებს, ან ლექსის წერის მანია შეაწუხებს, ყველა პოეტი ვერ იქნება, მაგრამ ხომ შეიძლება უნიჭოების დემონტრირებას მოვერიდოთ და საკუთარი ჭია ისე გავახაროთ?!
მრავალგზის მითქვამს და კიდევ ვიმეორებ: დღეს ნამდვილად არ მუშაობს (მითუმეტეს, მომავალში ვერ იმუშავებს), ყბადაღებული ლოზუნგი: „დრო ყველაფერს დაალაგებს!“ სამწუხაროდ, დრო ვერაფერს ვერ დაალაგებს, რადგან, თუ ასე გაგრძელდა, ლიტერატურის ობიექტურად შემფასებელი არც კრიტიკოსი გვეყოლება და არც გემოვნებიანი მკითხველი შეგვრჩება.
ყველაფერი კი იქითკენ მიდის!
* * *
სოციალურმა ქსელმა და ზოგადად, ელეტრონულმა ეპოქამ, ძალიან გაამარტივა ინფორმაციის მოპოვება და ნოყიერი ნიადაგი შექმნა პატივმოყვარეთა და ნარცისთა ქვენა გრძნობების დასაკმაყოფილებლად. განსაკუთრებით ეს აისახა ლიტერატურაში, მეტწილად, ქართულ პოეზიაში.
ძნელია მტკიცება, უფრო მუზების „აფეთქებასთან“ გვაქვს საქმე, თუ ნარცისთა და პატივმოყვარეთა „რევოლუციურ“ აღტკინებასთან?!
ერთი რამ ფაქტია: თანამედროვე ქართული ლიტერატურა ნაგვის ბუნკერად იქცა - ყველა პოეტობს, ყველას მწერლობაზე აქვს პრეტენზია, ეს გამოსდის თუ არა. თუმცა, არიან გამონაკლისებიც, ნიჭიერი ავტორები, რომლებსაც დღვანდელი ლიტერატურული სექტა არ ცნობს!
თუ სოციალური ქსელით ვიმსჯელებთ, უნიჭოებს და ლექსიპარიებს ათჯერ უფრო მეტი „აღიარება“ აქვთ, ვიდრე პოეზიასთან წილნაყართ! „აღიარების“ საზომი კი ე.წ. „ლაიქები“ და დითირამბებით დაბანგული გულისამრევი კომენტარებია (ხანდახან ეჭვიც მიპყრობს: სხვა გალაქტიკაში ხომ არ გადავსახლდით!)...
ეს კატეგორია არა მარტო „ლაიქებით“ ყელყელაობს, არამედ, ბრჭყვიალ-ბრჭყვიალა კრებულებითაც. რა მნიშვნელობა აქვს, შიგ რა წერია, ან საერთოდ, არის თუ არა მავანისა და მავანის პოეზია ლიტერატურისთვის დამახასიათებელ ნორმებთან ახლოს:
მინიმალურ ტირაჟებს (200-300 ცალი, მაქსიმუმ 500) რომ თავი დავანებოთ (აქაც ჩანს, რასთან გვაქვს საქმე), ელემენტარულად არ არის დაცული სტილი და კორექტურა, რომ არაფერი ვთქვათ, ლექსის შინაარსობრივ დატვირთვაზე. არადა, მთავარი კომპონენტი მარტო რითმა და რიტმი ხომ არ არის - მთავარია, რამდენად პოეტურად გადმოსცემს ავტორი სათქმელს და შიშველ ემოციებს ხომ არ ეწირება იგი?!
მე არ მახსოვს პრეზენტაციებზე ვინმეს ყურადღება გაემახვილებინოს ავტორის მიერ წარმოდგენილი კრებულის ლიტერატურულ ღირებულებაზე. სხვათაშორის, ეს თემა ტაბუდადებულია ლიტერატურული სექტის მხრიდან - „პრეზენტაციის დღე ავტორისთვის ზეიმია და როგორ შეიძლება კრებულის ღირსება-ნაკლოვანებებზე ისაუბრო, აქ ამის ადგილი არ არის“!
კოვიდაფიორის 2 წლიანმა ეპოპეამ, პრეზენტაციებზე და ტაშ-ფანდურებზე დროებით უარი გვათქმევინა, თუმცა, „თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა“, ამ ბოლო ხანებში ყოველდღიურად რამდენიმე ავტორის პრეზენტაცია იმართება მწერალთა სახლში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში თუ სხვა დარბაზებში - შეფასების სტილი უცვლელია: „გენიალურია“, „უძლიერესია“, „შედევრია“.
ერთი სიტყვით, საქმე გვაქვს სეტყვასავით წამოსულ კრებულებთან, წყალწყალა პრეზენტაციებთან (ხშირად გიტარითა და ჩქარი ტაშით) და უაზრო დითირამბებით დაბანგულ პუბლიკასთან, რომელსაც ავტორის შემოქმედება არც კი აინტერესებს!
* * *
უპირველესად, მინდა მადლიერება გამოვხატო ქ-ნ მზია კვირიკაშვილის (mzia kvirikashvili Lawrence) მიმართ, რომელმაც უზარმაზარი ენერგია და ფინანსური რესურსებიც ჩადო ქართველი პოეტების ინგლისურად ამეტყველებასა და გამოცემაში (ორ ტომად).
მე, როგორც პროფესიონალ გამომცემელს, კარგად მესმის, რა ხარჯებთანაა დაკავშირებული 2 სქელტანიანი ტომის გამოცემა, რომ არაფერი ვთქვათ მის თარგმნაზე და საგამომცემლო მომზადებაზე.
სხვათაშორის, ერთ-ერთ კრებულში ჩემი რამდენიმე ლექსიცაა შესული. საჩუქრად გადმოცემული წიგნი მადლიერებით ავიღე. ვიზუალურად შესანიშნავი გამოცემაა. თარგმანის ხარისხზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან, მე არ ვფლობ ინგლისურს იმ დონეზე, რომ პროფესიონალურად შევაფასო. თუმცა, ეს არ არის მთავარი - მთავარია, რა იყო ამ კრებულების გამოცემის მიზანი.
თუ ინგლისურენოვანი მკითხველისთვის თანამედროვე ქართული პოეზიის გაცნობაა, ვფიქრობ, მიზანი ჩვენს სასიკეთოდ მიღწეული არ არის - არ ვიცი, როგორი ვირტუოზი მთარგმნელია ქალბატონი მზია კვირიკაშვილი და რამდენად კარგად ესმის მას პოეზია, მაგრამ, როცა კრებულში წარმოდგენილ ავტორებს გადავხედე, გული შემეკუმშა - სულ თითზე ჩამოსათვლელია, ვისაც თამამად შეიძლება პოეტი უწოდო.
აქსიომაა: თუ ავტორის შემოქმედება მშობლიურ ენაზე ვერ აკმაყოფილებს პოეზიისთვის დამახასიათებელ კრიტერიუმებს, რაც არ უნდა ვირტუოზი იყო, თარგმანში როგორ შეიძლება იგი „შედევრად“ აქციო?!
არ ვიცი, რა კრიტერიუმით სარგებლობდა ქალბატონი მზია ავტორთა შერჩევისას, მაგრამ ასეთი პოეზიის უცხო ენაზე ამეტყველება დიდ დივიდენდს რომ არ მოუტანს ქართულ ლიტერატურას, ფაქტია!
არ დავმალავ, როცა საკუთარი ლექსების გადმოგზავნა მთხოვა, მე შევთავაზე პროექტის ავტორს: ჯერ ქართულად დაგვეხვეწა ტექსტი და მერე თარგმნილიყო, თან რაღაც კრიტერიუმით ეხელმძღვანელა ავტორთა შერჩევისას. სამწუხაროდ შეთანხმება ვერ შედგა. დღესაც არ ვიცი, გარდა ქალბატონ მზია კვირიკაშვილისა, ვინ დგას ამ პროექტის უკან, ანუ, ვინ ურჩია მთარგმნელსა და გამომცემელს წიგნში წარმოდგენილი ავტორები?!
ისიც არ ვიცი, რამდენად ჰყვავის დღეს ევროპული პოეზია და რა მოთხოვნები აქვთ ევროპელებს თანამედროვე პოეზიის მიმართ, მაგრამ გემოვნებიან მკითხველს ზემოთ ხსენებული ორტომეულით, მაინცდამაინც დიდი წარმოდგენა რომ არ შეექმნება თანამედროვე ქართულ პოეზიაზე, ამას მტკიცება არ სჭირდება.
* * *
ნამდვილად არ ვიცი, იხუმრა, თუ ასე ფიქრობს, მაგრამ ძალიან გამაოგნა ერთი ჩემი სტუდენტობის დროინდელი კოლეგის (არც თუ ურიგო პოეტის) განცხადებამ, რომელიც საჯაროდ გამოხატა მეგობარი ავტორის წიგნის პრეზენტაციაზე.
კერძოდ, მან ბრძანა: თანამედროვე, ქართული პოეზია მე-20 საუკუნისას ჯიბეში ჩაისვამსო!
აღნიშნული განცხადებისადმი საკუთარი კრიტიკული დამოკიდებულება იქვე გამოვხატე. თუმცა, გამწვავებას მოვერიდე. არ მომითხოვია, განცხადების ავტორს დაესახელებინა ერთი თანამედროვე (21-ე საუკუნის) პოეტი მაინც, რომელიც მე-20 საუკუნის რომელიმე კლასიკოსს ჯიბეში ჩაისვამდა.
ვერ დავამტკიცებ, „იხუმრა“ თუ დარბაზის რეაქცია აინტერესებდა, მაგრამ ძალიან გამომწვევად ნათქვამი რომ გამოუვიდა, ფაქტია.
მიუხედავად იმისა, რომ მე-20 საუკუნის ქართული ლიტერატურა ხანდახან იდეოლოგიური „შხამით“ იყო დაბანგული, ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ სახელოვან კლასიკოსთა შემოქმედებით.
სამწუხაროდ, თანამედროვეებში არავინ მეგულება ისეთი, მე-20 საუკუნის კლასიკოსებს ჯიბეში რომ ჩაისვამს. უფროსი თაობის წარმომადგენლებს, ანუ „ძველ გვარდიას“, რომელიც კანტიკუნტად შემოგვრჩა, ვინმესთან გაჯიბრებაზე, ალბათ, პრეტენზია არც ექნებათ - საკუთარი ხელწერით ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ.
ასე, რომ, მსგავსი საჯარო განცხადებები, არა მარტო აკნინებს მე-20 საუკუნის უმდიდრესი ქართული ლიტერატურის ღირსებას, არამედ, ჩვენი ლიტერატურული გემოვნების დაქვეითებაზეც მეტყველებს.
* * *
ახლა კი მთავარ სათქმელს მივადექით:
საქმე ეხება საქართველოს მწერალთა შემოქმედებით კავშირს, რომელიც თავს არსებული მწერალთა კავშირის სამართალმემკვიდრედ მიიჩნევს.
გარკვეული მიზეზების გამო, თავს ვიკავებდი გამომეთქვა კრიტიკული აზრი აღნიშნული კავშირის მისამართით, მაგრამ იმდენად შეტოპეს და იმდენად სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს, გაჩუმება (თუნდაც, ჩემგან) ქართული ლიტერატურის ღალატის ტოლფასად მიაჩნია - ვგულისხმობ, არა მარტო უნიჭო ლექსმწერების ხარჯზე კავშირის გაფართოებას (რა მიზნით, გასაგებია), არამედ, იმ უპატიებელ პრაქტიკას, რასაც მწერალთა კავშირის ხელმძღვანელობა ეწევა, განსაკუთრებით ამ ბოლო ხანებში.
ჩვენდა სამწუხაროდ, წყალ-წყალა (ბრჭყვიალა ქაღალდზე დატანილი) პრემიებისა და სიგელ-გუჯრების უაპელაციოდ გაცემით მწერალთა კავშირმა თვითმარქვია აკადემიებსაც კი გაუსწრო. როგორც ჩანს, დღვანდელ მწერალთა კავშირს არა აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული (მგონი, საერთოდ არა აქვს) კრიტერიუმი: ვინ შეიძლება წაახალისო და რა დამსახურებით?!
გასაგებია, ვიდრე „კოვიდ-19“-ის, „დელტა შტამის“, „ომიკრონის“ ვირუსები გამოჩნდებოდა, „პოეზიის ვირუსით“ ვიყავით დასნებოვნებული, მაგრამ ეს ხომ არ ამართლებს მწერალთა კავშირის უტიფრობას, სხვას რომ თავი დავანებოთ, ხელაღებით გასცეს გალაკტიონის, ანას, ილიას, ვაჟას პრემიები?!
გალაკტიონის პრემია რომ გასცე (თან ვინ: მწერალთა კავშირმა) პრემიის ლაურეატის შემოქმედება, თუ გალაკტიონს ვერ გაეჯიბრება, პოეზიისთვის დამახასიათებელ მინიმალურ კრიტერიუმებს ხომ მაინც უნდა აკმაყოფილებდეს?!
თუ ვაჟას პრემიას გასცემ, ვაჟასავით ბრძენი თუ არ იქნება, რაღაცით მაინც ხომ უნდა ჰგავდეს მისი ლექსები ვაჟას პოეზიას?!
თუ ილიას პრემიას გასცემ, „ერის მამობაზე“ რომ არაფერი ვთქვათ, ერთი ღირებული პუბლიცისტური ნაშრომი ან ილიასეული სიმახვილით გაჯერებული პროზის ნიმუში ხომ უნდა გააჩნდეს?!
თუ ანას პრემიას გასცემ და „პოეზიის დედოფლის“ კვარცხლბეკზე ასკუპებ, ანასთან მიახლოებული რამდენიმე ლექსი ხომ მაინც უნდა ჰქონდეს?
ანას პრემიამ გამახსენა: ამ ბოლო ორ თვეში, ეს პრემია ორი ავტორისთვის უფეშქაშებია თურმე ქალბატონ მაყვალა გონაშვილს.
ლაურეატებს არაფერს ვერჩი (თუმცა, თვითონაც უნდა დაფიქრდნენ, რას ეპოტინებიან!), მაგრამ, რა პრინციპით (მინდოდა მეთქვა, ნამუსით) არიგებს საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი ასე გულუხვად ქართველი კლასიკოსების სახელობის პრემიებს - ეს ხომ იმ ბუმბერაზი პოეტებისა და მწერლების შეურაცხყოფაა?!
როგორც ამბობენ, ქალბატონი მაყვალა (ვისთანაც ნორმალური ურთიერთობა მაკავშირებს) ასეთ ვექსილებს ერთპიროვნულად არიგებს. ცუდია, თუ ეს ასე ხდება, მაგრამ, უფრო უარესია, თუ თანათავმჯდომარეები (მათ შორის, ორი პოეტი და ორიც ლიტერატორი და პროფესორია) ამას „ვერ ხედავენ“. თუ ხედავენ და არ იმჩნევენ, მაშინ, გამოდის, რომ ეს მწერალთა კავშირი კი არა, ბუტაფორიაა!
მესმის, მწერალთა კავშირი ძველი ინერციით აგრძელებს საქმიანობას და ნარცისები და პატივმოყვარენი, ამით საკუთარ ამბიციებს იკმაყოფილებენ, მაგრამ, რა დააშავა ქართულმა მწერლობამ, რომლის სახელსაც ეს ბუტაფორიაა ამოფარებული?
ასეთი შარლატანური მიდგომებით, ჩვენ სახელს ვუტეხთ და ზურგში ლახვარს ვცემთ ქართულ ლიტერატურას, რომლითაც დღემდე ნამდვილად ვამაყობდით!
ძალიან მიმძიმს ამ სიტყვების დაწერა, მაგრამ ვიტყვი:
ასეთი თვითმარქვია მწერალთა კავშირი არავის სჭირდება - პირიქით, იგი ქართული მწერლობისადმი, ზოგადად ქართული ლიტერატურისადმი ნიჰილისტურ დამოკიდებულებას უწყობს ხელს. ნიჰილიზმიდან ლიტერატურის გაფარჩაკებამდე კი ერთი ნაბიჯია!
აქედან გამომდინარე, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა თვითლიკვიდაცია უნდა გამოაცხადოს.
უნდა შეიქმნას ლიტერატორთა და მწერალთა ახალი გაერთიანება, რომელიც საკუთარ მისიად ლიტერატურის განვითარებისთვის ზრუნვას და ნიჭიერი ავტორების წარმოჩენას დაისახავს.
დავიწყოთ...
P.S. შეიძლება ბევრს ახსოვს ინციდენტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა მწერალთა შემოქმედებითი კავშირის ბოლო ყრილობაზე, ჩემსა და ყრილობის ორგანიზატორებს შორის.
მაშინ კორექტულად ვითხოვდი მწერალთა კავშირის ორგანიზაციული სტრუქტურის ტრანსფორმაციას (რეორგანიზაციას) და მმართველი გუნდის გადახალისებას.
სამწუხაროდ, ყრუ კედელს წავაწყდი და „თეთრი ყვავის“ ამპლუაში აღმოვჩნდი.
არადა, ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის ინიციატივა ჩემგან არ მოდიოდა - ყრილობამდე დაახლოებით ორი თვით ადრე ქალბატონმა მაყვალა გონაშვილმა (რომელიც ჩემი ხელდასხმით ჩემსავე გამომცემლობაში ერთ-ერთ კრებულს გამოსაცემად ამზადებდა) თავად მირჩია, მიმეღო მონაწილეობა კენჭისყრაში და ყველაფერს გააკეთებდა, რომ მე მოადგილედ (თანათავმჯდომარედ) გავსულიყავი. როგორც თვითონ ამბობდა, ჩემისთანა ინიციატივიანი პუბლიცისტი სჭირდებოდა, რომ მწერალთა კავშირის საქმიანობა უფრო გამოგვეცოცხლებინა.
მე შეთანხმება არ დამირღვევია, თვითონ კი ჩირგვში დაიმალა და ჩემი თავი „საჯიჯგნად“ „ყვავ-ყორნებს“ მიუგდო... დანარჩენს არ მოვყვები.
მაშინ მეყო სულგრძელობა, ეს შეთანხმება არ გამესაჯაროებინა და არც ვაპირებდი, მწერალთა კავშირი ასეთ ბუტაფორიად რომ არ გადაექციათ!
არ ვიცი, რამდენად სწორია, მაგრამ, იმასაც მოვკარი ყური, რომ ეს კავშირი არა ტრადიციული მწერალთა კავშირის ბუნებრივი სამართალმემკვიდრე, არამედ, იმ ადამიანების დაფუძნებულია თურმე, რომლებიც თითქმის 2 ათეული წელია ცოცხალი თავით არ თმობენ ლიდერობას მწერალთა კავშირში.
ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციას ჩვენც დავაფუძნებთ და მერე საქმითაც დავამტკიცებთ, რომ მწერალთა გაერთიანება უნიჭოების და თვითმარქვიების ადგილი არ არის!
ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი