ნუგზარ შარია - სამშობლოს სიყვარულით გულდაკოდილი!
სახელოვანმა მამულიშვილმა ნუგზარ შარიამ უფლის სასუფეველში გადაინაცვლა!
ამიერიდან, ბატონ ნუგზარს, მხოლოდ მოგონებებში გავესაუბრებით. მკითხველს კი აქვე ვპირდები, იგი არანაკლებ საინტერესო და წლების შემდეგაც „თანამედროვე და აქტუალური“ იქნება, რადგან ნუგზარ შარიას, მიუხედავად ფიზიკური განშორებისა, საქართველო სულიერად არასოდეს დაუტოვებია - სამშობლოს სატკივარი საკუთარზე მეტად სტკიოდა, ხშირად მოვლენებს უსწრებდა, მაგრამ საქვეყნოდ არ აცხადებდა, ისედაც დაზაფრული მისი თანამემამულენი რომ მოსალოდნელი ავბედობით მეტად არ დაემძიმებინა.
როცა ქვეყნის და მისი მოსახლეობის თავისუფლების ჟამმა მოაწია, იგი ერთერთი პირველი დადგა ქართული ეროვნული მოძრაობის რიგებში და ქვეყნის თავისუფლებას და მისი მოსახლეობის კეთილდღეობას შეწირული პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას ერთგულ თანამებრძოლად დარჩა სიცოცხლის ბოლო წუთამდე.
ბედის ირონიაა, ალბათ: სწორედ ეს არ აპატიეს ქვეყნის და მისი თავისუფლების დამამხობელებმა ჭეშმარიტ მამულიშვილს, წამითაც არ შეუწყვეტიათ მისი ფარული დევნა და რომ არა, ქვეყანაში ჯერ კიდევ არჩამქრალი „თავისუფლების შიში“, მას „საბჭოთა იმპერიის მოღალატედ“ გამოაცხადებდნენ და ამის გამო მისი უარყოფისკენ მოუწოდებდნენ ქართველობას!
ბუნებრივია, იგი ამას ხედავდა და ამიტომაც, არაერთხელ უთქვამს:
„კიდევ დიდი ხანი დასჭირდება საქართველოს, ვიდრე, „ნამდვილ თავისუფლებას“ მოიპოვებდეს, იგი არც ქაღალდზე დაწერილი დეკლარაციაა, არც ვიღაცის მიერ მინიჭებული თავმოსაწონი წოდება - ერმა და ბერმა ერთად უნდა შექმნას ქვეყნის შიგნით და მის გარეთ ისეთი ატმოსფერო, რომ ყველა მეზობელი და ცხრა მთას გაღმიდან მოსული სტუმარი ერთნაირი მორიდებით და პატივისცემით გვეპყრობდეს!
- დიდი მუხრანის თქმის არ იყოს: ჩვენ არაფერი გჭირს სხვისი მისაბაძი!
ხაზგასმით ვამბობ, საქართველოში 29 წელიწადი ვიცხოვრე, 44 წელიწადია უცხოეთში ვარ და ხმამაღლა ვაცხადებ:
საქართველოზე შესანიშნავი ქვეყანა დედამიწის ზურგზე არ არსებობს, ისე არსად იგრძნობა მშობლისადმი და შვილებისადმი სიყვარული, გარდაცვლილის პატივისცემა, ნათესაობის დაფასება, ნათლიაობა და ღმერთის დიდება, როგორც ჩვენთან. არცერთი ქვეყანა არ გვჯობია!
44 წელი უცხოეთში ვარ, მაგრამ 44 წამი არ მიცხოვრია ჩემს სამშობლოზე ფიქრის გარეშეა - რადიოში ჩემს ყოველ გადაცემას სიმღერით „ქარი გიმღერის ნანასა“ ვიწყებდი - პირადად ვასრულებდი.
როდესაც ამ ლექსის ავტორმა ანა კალანდაძემ ჩემი სიმღერა მოისმინა, ჟურნალიდან ჩემი ფოტოსურათი ამოჭრა (კინოფილმიდან "პალიასტომის ტბა", სადაც დათიკო დარჩიას როლს ვთამაშობ) და გულის ჯიბეში შეინახა.
ანა კალანდაძე ჩემი სურათით დაკრძალეს და ამაზე დიდი დაფასება ჩემთვის არ არსებობს!“
„გარდაცვლილის პატივისცემა... დაფასებაო“ ბატონმა ნუგზარმა ახსენა.
აკი ვთქვი, იგი კვლავაც გაგვესაუბრება-მეთქი!
თავს ვიკავებდი ამ წერილში მეხსენებინა ის, რაც ბოლო წლების მანძილზე სამშობლოსადმი თავდადების გამო მადლობის სანაცვლოდ, დაუმსახურებელ დარდად რომ გაჰყვა ბატონ ნუგზარს, მაგრამ ეს ის მომენტია, როცა „თქმა სჯობს არა თქმასა“, ამიტომ მინდა ისეთივე გულახდილი ვიყოთ, როგორიც ბატონი ნუგზარი იყო თავისი სამშობლოს მიმართ!
...ზაფხულიდან მოყოლებული ვიცოდი ბატონი ნუგზარის შეუძლოდ ყოფნის შესახებ. ბოლო წლების მანძილზე, კვირა არ გასულა ზურაბ შარიასთან მამის ჯანმრთელობაზე და ყველასათვის ნაცნობ, მაგრამ მაინც „უხილავ ძალაზე“ არ გვესაუბრა - „ნუგზარ შარიას ვარსკვლავის გახსნას“ რომ თავგამოდებით ებრძოდა და ბლოკავდა!
მომავალი წლის 18 თებერვლისთვის, 81 წლის იუბილეზე ვგეგმავდით, კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა მათთვის, ვისაც ეკუთვნოდა და ვალდებული იყო, აღესრულებინა ბატონი რეზო ჩხეიძის დანაბარები:
„...ჩემი ვარსკვლავის გვერდით, ჩემი უმცროსი მეგობრის და კოლეგის, ნუგზარ შარიას ვარსკვლავი უნდა გაიხსნას!“
სამწუხაროდ, მიუხედავად მრავალგზის შეხსენებისა, არ ისმინეს იმათ, ვისაც ამ ანდერძის აღსრულება ევალებოდათ, _ „ყაჩაღებმა და კაცისმკვლელებმა, ქვეყნის ამრევებმა და დამაქცევარმა პუტჩისტებმა“ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ეს დანაბარები არ აღსრულებულიყო!
ამ დღეებში, სწორედ ისინი ატეხენ ყველაზე მეტ გნიასს და მოთქმას, ნუგზარ შარიას 80 წლის იუბილეზე გამოქვეყნებულ ჩემს სტატიას რომ გულმოდგინედ წაუყრუეს!
მკითხველს, მცირე ამონარიდს შევახსენებ ამ სტატიიდან, სადაც იგი ასევე დიდებული ქართველის, ბატონ რეზო ჩხეიძის მონათხრობს წაიკითხავს, ვისი სულიც პირველი დახვდება ღმრთის სასუფეველში, ერთგული მოსწავლის და მეგობრის სტუმრობას!
„2014 წელს, დოკუმენტურ ფილმზე „რეზო ჩხეიძის მოგზაურობა საქართველოში“ მუშაობისას, ზუგდიდში დავგეგმეთ ჩასვლა.
ბატონ რეზოს, ჩემდა გასახარად, ცნობილ ქართველ კინოხელოვანთა ჯგუფთან ერთად, ბატონი ნუგზარ შარია ჩამოჰყვა, რამაც დიდი ქართველი რეჟისორის ჩამოსვლით გამოწვეული მაყურებლის სიხარული გააორმაგა.
არ მოვყვები იმის აღწერას, თუ რა ხდებოდა ბატონი რეზო ჩხეიძისა და ნუგზარ შარიას - „ოსტატისა და შეგირდის“ ერთად გამოჩენისას ანაკლიასა და ზუგდიდში, ქალაქის ბულვარსა და დადიანების სასახლე-მუზეუმში, კინოდარბაზ „ატრიუმში“, მაგრამ იმას კი ვერ ავუვლი გვერდს რა ხდებოდა დარბაზში ბატონი ნუგზარის გამოსვლისას.
ორმოცდასამი წლის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებულ ნუგზარ შარიას, დადიანების სასახლეში დაწყებული საუბრის სიმძაფრე დარბაზშიც შემოჰყვა.
სამურზაყანოში დაბადებულს და „ენგურის ნაპირებზე“ გაზრდილს, თვალწინ მშობლიური თაგილონი დაუდგა, სადაც მამა-პაპათა საფლავებთან მისვლა აუკრძალეს. ზეცისკენ ხელებაპყრობილმა მაყურებელს „იქნებ ბიჭო პაპა იყო შენი, საფლავშიაც ბორკილები ედო!“ რომ წაუკითხა, ჩამოსულ სტუმრებსაც განუახლა აფხაზეთის ტრაგედიით გამოწვეული მოუშუშებელი იარა, თორემ ადგილობრივებს მას რა დაავიწყებს!..
ოვაცია და ცრემლები მანამ გაგრძელდა, ვიდრე ბატონი რეზო ფეხზე ადგა და დარბაზი სმენად იქცა:
„ყველა გამომსვლელს და სტუმარ-მასპინძელს გულითად მადლობას ვწირავ. რაც შეეხება ნუგზარის გამოსვლას, მე იგი უთქმელადაც ჩამესმოდა მუდამ... ამ ბოლო დროს, საქართველოში, ცნობილი ხელოვანების ვარსკვლავების გახსნის ტრადიცია დამკვიდრდა მათი ასპარეზის ადგილების თვალსაჩინო ალაგას.
როგორც ვატყობ, ვერც მე და ნუგზარი გადავურჩებით ამ სასიამოვნო „განაჩენს“ და თუ ეს, ასე უნდა მოხდეს, მაშინ დავიბარებდი - ჩემი ვარსკვლავის გვერდით, ჩემი ერთგული მოწაფისა და მეგობრის ნუგზარ შარიას ვარსკვლავი გაიხსნას!“
უსასრულო ოვაციები მოჰყვა ქართული კინოს პატრიარქის, ბატონი რეზო ჩხეიძის სამადლობელ სიტყვა-ანდერძს!..
ვიღაცამ დარბაზს გადასძახა:
„ეს ოვაცია, ენგურს გაღმა, შარიების ოდაბადეს მიწვდებაო უთუოდ!“
* * *
რვა წელიწადი გავიდა ამ წერილის დაწერიდან. შარშან 19 თებერვალს ბატონი ნუგზარი 80 წლის გახდა!
საქართველოში რამდენიმე მამულიშვილს თუ გაახსენდა ალბათ ბატონი ნუგზარის საიუბილეო თარიღი, ჩვენ კი იგი არ დაგვვიწყნია!
არ დაგვვიწყნია, იმიტომ, რომ ბატონი რეზო ჩხეიძის თქმით, ნუგზარ შარია და ენგურს გაღმა საქართველო, დღეს ისევე შორია, როგორც „ენგურის ნაპირებზე“ გაზრდილი ბიჭი, რომელიც: „ენგურის, მტრის ხელით დაშორებული, ორივე ნაპირის ერთადერთ გამაერთიანებელ დესპანად რჩება!“
მახსენდება, ბატონი ნუგზარის შვილმა, ასევე ცნობილმა მსახიობმა, ზურაბ შარიამ გვაუწყა მაშინ:
დღეს, 19 თებერვალს, ნუიორკში, ბროდვეიზე, ჯოზეფინ ლევინის თეატრში აღნიშნავენ ნუგზარ შარიას 80 წლის იუბილეს, რაც ერთი კვირის წინ თეატრის დირექტორმა ტედ ნენმა შეგვატყობინა.
მამამ მადლობა მოუხადა თეატრს დაფასებისთვის და სინანულით აუწყა, რომ ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო, 19 თებერვალს, ვერ დაესწრება მის საიუბილეო საღამოს.
პასუხად, იუბილარს დაუდასტურეს, ეს მათ ხელს არ შეუშლის დაგეგმილი საღამოს ჩატარებაში და შეახსენეს იმავე დარბაზში, 75 წლის იუბილეზე, სტივენ სპილბერგის მისალოც გამოსვლაში ნათქვამი სიტყვები:
„ნუგზარ შარია უდავოდ მოიაზრება ბროდვეის ხელოვანთა ოცეულშიო!“
ყოველივე ამის შემდეგ, დიდი ქართველი რეჟისორის ბატონ რეზო ჩხეიძის დანაბარების, მისი ვარსკვლავის გვერდით ნუგზარ შარიას ვარსკვლავი გაიხსნება თუ არ გაიხსნება, საქართველოში აშშ-ს ოთხი ყოფილი პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებულის, საქართველოს სახალხო არტისტის, გერმანიის სახალხო არტისტის, ისრაელის დროშის საპატიო მფლობელის, ბროდვეის თეატრის არტისტის, სამშობლოს წინაშე ვალმოხდილი მამულიშვილის, საქვეყნოდ ცნობილი ჩვენი თანამემამულის დამსახურებას არაფერი დააკლდება - დაფასებას არ სჭირდება გარეგნული სამშვენისები, - მისი „ვარსკვლავი“ ყველა იმ ადამიანის გულშია გახსნილი, ვისაც საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია!
ნათელში ამყოფოს უფალმა შენი სული, უფროსო მეგობარო და დიდო ერისკაცო!
დავით ქობალია