სამი აფერისტის ხელში ჩაძირული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი!
ნამეტანი საეჭვოდ აქოთქოთდა,
სამთავრობო და ოპოზიციადწოდებული პოლიტჭილყვავი,
ამ ბოლო დროს „ანაკლია პორტზე“!
2013 წლის თებერვლიდან დღემდე უამრავი სტატია მაქვს „ანაკლია პორტზე“ გამოქვეყნებული, პერიოდულ და ინტერნეტგამოცემებში.
იმათგან, ვინაც დღეს ამ თემაზე „ვენებს იჭრის“, წერას ჰყავს აყვანილი და ენად არის გაკრეფილი ტელეეკრანებზე, არცერთისგან არ მსმენია ერთსიტყვიანი საქმიანი რეპლიკაც კი, მაშინ, როცა ჯერ კიდევ შეიძლებოდა „ანაკლია პორტის საუკუნის პროექტის“ გადარჩენა, ის რომ ქართველ-ამერიკელ თაღლითებს, მამუკა ხაზარაძეს და კურტ კონტის არ ჩავარდნოდათ ხელში!
ამჯერად, მთავრობის ინიციატივა და განცხადება:
„ანაკლია პორტს სახელმწიფო ააშენებს და 51%-ს დააფინანსებს“ უთუოდ მისასალმებელია, მაგრამ ასევე დიდი რისკის შემცველია, რადგან „ანაკლია პორტის“ ჯერ ჩაშლილი ტენდერის უარყოფითი კვალიც კი არ არის გასუფთავებული. ის კი არა, უპირობო დამნაშავე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და მისი საეჭვო რეპუტაციის ხელმძღვანელები სახელმწიფოს პირგასამტეხლოს სახით რვაასმილიონ აშშ დოლარს ედავებიან.
ასეთ პირობებში, თუნდაც სახელმწიფოს მიერ პროექტის ღირებულების 51%-ს დაფინანსებაც კი, ძნელად დასაჯერებელია დარჩენილი 49%-ის დამფინანსებელი ინვესტორისთვის მიმზიდველი წინადადება იყოს!
ამ და სხვა საკითხებზე, მე პირადად, ახალი არაფერი მაქვს დასაწერი, ვისაც გაინტერესებთ ოთხი წლის წინანდელი სტატიის სრულ ვარიანტს შემოგთავაზებთ („საერთო გაზეთი“ 09.06.2019), სადაც არაორაზროვნად ვწერდი თუ რამ განაპირობა ექვსი წლის წინანდელი ტენდერის ჩაშლა და რა პირობებს უნდა პასუხობდეს, ტენდერის გამომცხადებელი და ტენდერში გამარჯვეული.
...დღეს დილას დავტოვე ანაკლია, სადაც, რომ არა ქვეყნის მთავრობის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება „საუკუნის პროექტისადმი“, რასაც შედეგად, ქართველ-ამერიკელი თაღლითების მიერ ჩაგდებული ტენდერი მოჰყვა, საოკეანო გემები უნდა მდგარიყვნენ.
გემების სანაცვლოდ, 100 ჰექტარ ფართობზე რვა მეტრის სიმაღლეზე დაზვინული, ზღვის ფსკერიდან ამოღებული მილიონობით კუბური მეტრი მომწამვლელი მასა, დღემდე რომ უპატრონოდაა მიგდებული, არავის ადარდებს!
David Kobalia
09.06.2019
Mit Öffentlich geteilt
სამი აფერისტის ხელში ჩაძირული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი!
მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გაბედეთ და ხმამაღლა თქვით სიმართლე:
- თუ ვინმე უშლის ხელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, პირველ
რიგში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და მისი ხელმძღვანელი მამუკა ხაზარაძეა!
ნახევარი წელი გაილია მას შემდეგ, რაც „ანაკლია პორტი“ ქართული მასმედიის საკვები თემა გახდა. მე პირადად, მივესალმები ასეთ აქტივობებს ანაკლიასთან მიმართებაში, რადგან 2013 წლიდან, ანაკლია პორტთან დაკავშირებული წვრილმანი საკითხიც კი არ დამრჩენია გაუშუქებელი.
გულდასაწყვეტი ის არის, რომ, სანამ კვირიკაშვილ-ქუმსიშვილ-ხაზარაძის „ანაკლია პორტის“ „ურემი“ არ გადაბრუნდა და ქვეშ არ მოიყოლია საქართველოს მთავრობა, პრემიერმინისტრიან, ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამინისტროებიანად, იშვიათი გამონაკლისის გარდა ხმა არავის ამოუღია!
როცა, უფულო, უიდეო, სახელმწიფო და საბანკო ავანტურისტების მიერ, სპეციალურად „ანაკლია პორტის“ ტენდერის მოსაგებად შექმნილ ე.წ. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ (იგივე „ხაზარაძე და კონტი ჯგუფი“) ვამხელდი და საჯაროდ ვაცხადებდი, რომ – ესენი, ახალი აბრეშუმის გზის, ერთერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილის „ანაკლია პორტის“, საქართველოსთვის ათასწლეულის პროექტს დაღუპავენ და მომავალში, მსგავსი შემთხვევა ჩვენს ქვეყანას არ მიეცემა -მეთქი, _ სამთავრობო ჩინოვნიკებთან ერთად, ქართული მასმედია დუმდა და კანტიკუნტად ხმას თუ ამოიღებდა – ისევ ზემოთხსენებული ავანტიურისტების სასარგებლოდ!
სამწუხაროდ (ისევე, როგორც ბევრი სხვა), ჩემი ნათქვამი „ანაკლია პორტის“ მოსალოდნელ კრახზე, აცხადდა!
საკვირველი ის არის, რომ, ამის შემდეგაც, ქათული მასმედია „ათასწლეულის პროექტის“ დაქცევის მიზეზებზე კი არ მსჯელობს და წუხს, არამედ ფაქტს აფიქსირებს, რომლის შესახებაც მე 2016 წლის 5 თებერვალს „ანაკლია პორტის“ ტენდერის გამარჯვებულის გამოცხადების ორი კვირის თავზე („საერთო გაზეთი“, N6 (359) 24.02.2016) ვწერდი:
„რატომ გამოცხადდა გამარჯვებულად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტენდერში კომპანია, რომელიც სახელმწიფოს მიერ წარდგენილი პირობებიდან ვერცერთს ვერ ასრულებს?“
2016 წლის 5 ივლისს „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ვამხელდი:
„ორწლიანი ხანგრძლივობის ტენდერის შემდეგ გამარჯვებულად გამოცხადებულ კომპანიას არ უნდა გაეჩინა კითხვები, მაგრამ აქაც იჩინა თავი „სამთავრობო ყმაწვილების“ ზედაპირულმა მიდგომამ სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტებისადმი და ზემოთხსენებული ტენდერის არცერთი პირობა არ შესრულდა, უფრო მეტიც – ამის გამო სირცხვილის გრძნობაც კი არ გაჩენიათ არც ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებულ „ხაზარაძე და კონტი ჯგუფს“ და არც მათ ლობისტებს.
ასე მოიარეს ხუთივე კონტინენტი 2016 წლის 8 თებერვლიდან (ტენდერში გამარჯვებულის გამოცხადების თარიღი) პრემიერმა კვირიკაშვილმა, ეკონომიკის მინისტრმა ქუმსიშვილმა და „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ხაზარაძემ ანაკლიაში პორტის ასაშენებელი ფულის სამათხოვროდ, მაგრამ ყველა მხრიდან მხოლოდ „ქების სიგელებით“ დაბრუნდნენ.
მოდით, ცოტა ხნით აქ დავსვათ წერტილი და ვიკითხოთ:
რატომ ვიყავი უკიდურესად სკეპტიკურად განწყობილი ტენდერში გამარჯვებული ე.წ. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისადმი?“
პირდაპირ თუ ირიბად, სამთავრობო და საპარლამენტო პირები მირჩევდნენ ანაკლიის თემას შევშვებოდი, მაგრამ ჟურნალისტური გამოძიება არ შემიწყვეტია და პარალელურად ვსწავლობდი, ევროპის ანალოგიური პორტების მშენებლობის ისტორიებს.
ამ კუთხით, საგანგებოდ უნდა აღვნიშნო, ცნობილი ოკეანოლოგის, მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, ბატონი ნოდარ წივწივაძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია:
„პორტის მშენებლობის ეკოლოგიური მიდგომების უცხოური გამოცდილების მაგალითები:
„…ზემოთქმულის თვალსაჩინო მაგალითს ჰავრის პორტის მშენებლობის პროექტი წარმოადგენს (თითქმის ანაკლიის „პორტის“ ტვირთბრუნვის ტოლი). პროექტის ღირებულება 1 მილიარდ ევროს შეადგენდა. მას „Harpora“ ეწოდება. სამი ქალაქი ჰავრი, რუანა და პარიზი გაერთიანებულია ერთი ავანპორტით. გარემოს დაცვაში ინვესტირებულ იქნა დაახლოებით 50 მილიონი ევრო. მშენებლობისთვის მზადების პერიოდი 7 წელს შეადგენდა. აქედან უმეტესი დრო გარემოზე ზეგავლენის შესწავლამ, ცოცხალ ორგანიზმებზე დაკვირვებამ და გარემოს შენარჩუნების რეკომენდაციების შემუშავებამ დაიკავა.
ასეთივე ეკოლოგიურობით გამოირჩევა კალეს ავანპორტი, რომელსაც შეუერთდა ქალაქი ბულონი, მშენებლობისათვის მზადებამ 11 წელს გასტანა. ამ ხნის განმავლობაში გაანალიზებულ იქნა 20 ალტერნატიული ვარიანტი, მხედველობაში მიღებულ იქნა ჩატარებული კვლევების შედეგები. ორჯერ განიხილეს ავანპორტის გავლენა გარემოზე, პირველად დაწყებისთანავე და მეორედ მშენებლობის შუა სტადიაში.
მოსახლეობის საბედნიეროდ, კალეს ავანპორტი დასახლებული პუნქტებისაგან მოშორებით შენდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ქვიშითა და მტვრით დაიფარებოდა. მშენებლობის სიახლოვეს აირწინაღის გარეშე სუნთქვა უბრალოდ შეუძლებელია.
სამწუხაროდ, ასეთი იღბალი ნამდვილად არ აქვს ანაკლიის მოსახლეობას, რომელსაც პორტი, ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე, ცხვირწინ უშენდებათ.
ამასთან დაკავშირებით ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყო სპონტანურად, ალტერნატიული ადგილებისა და საპროექტო წინადადებების ვარიანტების განხილვის გარეშე (მაგალითად: ქარჩავა-ერაგიას, ან „პაუერ-ჩაინას“ პროექტები), უცხოელი ინვესტორების სწრაფად „მოზიდვისა“ და კერძო უძრავი ქონების დაპატრონების ან ექსპროპრიაციის პროცესში „ადვილი“ მოგების მიღების მიზნით.
მხოლოდ ზემოთნახსენები ინფორმაციის შემდეგ დავინტერესდი დამედგინა ანაკლია პორტის ტენდერში გამარჯვებული კონსორციუმის ასაკი.
ჩემდა გასაკვირად, ტენდერში გამარჯვებული, _ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მხოლოდ ერთი წლის აღმოჩნდა (საჯარო რეესტრში, 27.10.2014-ში მოიხსენიება პირველად; 29.10.2015-ში წილების გაყოფა 50/50 ხაზარაძეს და „კონტის“ შორის), არც მის დამფუძნებლებს და არც მასში შემავალ კომპანიებს არასოდეს ჰქონიათ პორტთან ურთიერთობა და მშენებლობის გამოცდილება, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ – ამერიკულ „კონტი ჯგუფს“ ანაკლიამდე ორი „ბოგირი“ ჰქონდა თურმე ამერიკაში გარემონტებული!
ზედმეტია საუბარი, ხაზარაძის კონსორციუმის მიერ, ზემოთნხსენებ უცხოურ პორტებში („ჰავრის პორტი“ და „კალეს ავანპორტი“) ჩატარებული, ანალოგიური წინასამშენებლო სამუშაოების ჩატარებაზე ანაკლიაში, რაც აუცილებელი პირობაა მსგავსი საზღვაო ნაგებობების დასაწყებად.
საქართველოს მთავრობისგან განსხვავებით, ბუნებრივია, ასეთი შემადგენლობისა და ხარისხის „კონსორციუმისგან“ კარგს და სახარბიელოს, ქვეყნის სასიკეთოდ არაფერს მოველოდით!
ამან განაპირობა ჩვენი მხრიდან უწყვეტი განგაში, რომელსაც, სამწუხაროდ, ზემოთხსენებული სამთავრობო ჩინოვნიკების ყურადღება არ მოჰყოლია!
უფრო მეტიც, ჩვენს წინადადებას, _ ტენდერის გამარჯვებულის გამოცხადებამდე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში მაინც შემდგარიყო ტენდერის ფინიშზე დარჩენილი ორი კომპანიის: კონსორციუმ „ანაკლია პორტი და ეკო პარკის“ და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ პროექტების განხილვა, თითქოს წინ არაფერი ედგა, მაგრამ საბოლოოდ, მეცნიერებათა აკადემიის მხრიდან დაუსაბუთებელი უარი მოჰყვა.
სწორედ ამ გარემოებამ მიიყვანა პორტის მშენებლობის საქმე, გაუგონარ თავხედობამდე, როცა – 2016 წლის 8 თებერვალს, ანაკლია პორტის ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებული „ხაზარაძე და კონტი ჯგუფი“ იგივე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ სამი წლის მანძილზე, პორტის ასაშენებელი ფულის საძებნელად უშედეგო წანწალის შემდეგ, საქართველოს მთავრობას მიადგა და პორტის აშენების დასაფინანსებლად უალტერნატივო პირობები წაუყენა.
მეოთხედ საუკუნეზე მეტია ჩვენს ქვეყანაში „დაუშვებელი“ არაფერია, მაგრამ, ის რომ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კერძო კომპანია, იმავე სახელმწიფოს მთავრობას ულტიმატუმს უყენებდეს და ტენდერის ობიექტის დაფინანსებას თხოვდეს, თან უმკაცრესი პირობებით, ბევრი ვეძიე, მაგრამ ანალოგი ვერსად მოვიპოვე!
ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მივედი იმ დასკვნამდე, რომ ეს შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდეს, როცა:
მთავრობააა კორუფციულ გარიგებაში გარეული „ტენდერში გამარჯვებულთან“, ან არსებობს გარეშე ძალა, რომელიც ე.წ. „ტენდერში გამარჯვებულს“ აგულიანებს მთავრობის წინააღმდეგ, რომელსაც უამრავ სხვა გარემოებებზე დამოკიდებული, ქვეყნის მთავრობა ვერ ამხელს!
ეს ის საკითხია, რომელიც ჟურნალისტურ გამოძიებას სცილდება, იმედია მას სათანადო უწყება მიხედავს!
გულდასმით შევისწავლე ქვეყანაში არსებული ტენდერის ჩატარების კანონები. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, იქ ყველაფერი უნაკლოდაა ჩამოყალიბებული, სადაც არამცთუ ტენდერის ისეთი პირობების დარღვევას, როგორიცაა: ტენდერით დადგენილი ვადების დაცვა; დაფინანსების წყაროების ოფიციალური დასაბუთება; შესასრულებელი სამუშაოს ხარისხი და ა.შ.., არამედ წერტილ-მძიმესაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება!
აქედან გამომდინარე, ქვეყნის მთავრობას ვეკითხები:
ასეთი, წყალგაუვალი კანონების მქონეებს, რა ღმერთი გაგიწყრათ, „ათასწლეულის პროექტის“ დამღუპველებს პასუხს რომ ვერ თხოვთ?
რატომ არ მოთხოვეთ ხაზარაძე და მის ე.წ. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ გაესაჯაროებინა პროექტი, და ქვეყნის მოსახლეობას ენახა, რის აშენებას აპირებს ანაკლიაში?
რომელი პროექტის თანახმად ამოტუმბეს ზღვის ნაპირიდან მილიონობით კუბური მეტრი ქვიშა, რომელიც, ასევე მილიონობით წელი ილექებოდა ზღვის ფსკერზე და არავინ იცის, თაკარა მზის გულზე თვეების განმავლობაში უპატრონოდ დაყრილი, რა ავადმყოფობებს გააცოცხლებს ათიათასობით კვადრატულ მეტრ ფართობზე?
მე ანაკლიელი გახლავართ და რომელიმე არამკითხე ნუ შეეცდება, მასწავლოს აქამდე რა ხდებოდა და რა შეიძლება ამის შემდეგ მოხდეს ანაკლიაში.
შარშან, მას შემდეგ, რაც გადაგვეწურა იმედი, ანაკლიაში არაფერი სასიკეთო არ მოხდება და ქვეყნის მთავრობა ამის გამაკონტროლებელი არ არის, ჩვენ დავაფუძნეთ „ანაკლიის ეკოლოგიური მონიტორინგის ჯგუფი“, სადაც გაწევრიანდნენ ქართველი და უცხოელი, ცნობილი მცნიერები და ცალკეული დარგის სპეციალისტები, რომლებიც უახლოეს ხანში წარმოადგენენ წყალგაუვალ დასკვნებს, თუ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს, ზღვის ფსკერიდან უმიზნოდ ამოტუმბულმა შეუსწავლელმა მასალამ, ადგილობრივ მოსახლეობას და გარემოს!
აქვე გარკვევით ვაცხადებ – საწყენად ნურავინ გამიგებთ, „ანაკლია პორტის“ პრობლემებს ნუ შეეხებით ისინი, ვისაც ერთხელ მაინც არ გძინებიათ გემბანზე, ან პორტის ნაპირზე მხოლოდ სასეირნოდ გაგივლიათ!
სხვა თემებია „ანაკლია პორტის“ და „ფოთის პორტის“ ერთმანეთთან შედარება, ან ზოგადად, რამდენად შეუშლის ხელს საქართველოს სხვა პორტებს „ანაკლია პორტის“ მშენებლობა და სხვა…
ამ საკითხებზეც, უახლოეს ხანში „ანაკლიის ეკოლოგიური მონიტორინგის ჯგუფი“ მეცნიერულად დასაბუთებულ სტატიებს შემოგთავაზეთ.
სტატიის დასასრულს, ვისაც მცირეოდენი წარმოდგენა მაინც აქვს „ანაკლია პორტის“ წინარე ისტორიაზე და ტენდერის ფინიშზე დარჩენილი ორი მონაწილედან ერთ-ერთი მივიწყებულის, „კონსორციუმ ანაკლია პორტი და ეკო პარკის“ შესახებ, რატომ არავის გაუჩნდა კითხვა სად არის და რას საქმიანობს დღეს „კონსორციუმი ანაკლია პორტი და ეკო პარკი“ და მისი პრეზიდენტი ბატონი თეიმურაზ ქარჩავა?
ხაზარაძის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მსგავსად, თეიმურაზ ქარჩავას „კონსორციუმი ანაკლია პორტი და ეკო პარკი“ კონკრეტული ტენდერის მოსაგებად კი არ შექმნილა, იგი 2003 წლიდან არსებობს და „ანაკლია პორტის“ კვლევის საკითხებზე მუშაობს. ამჟამად, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, კონსორციუმში შემავალ ჩინელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობს მეგა-პროექტებში, მათ შორის პორტების მშენებლობაში.
დავით ქობალია
P.S. როგორც ზემოთ აღვნიშნე, სტატია შემოკლებული სახით, ოთხი წლის წინ „საერთო გაზეთში“ გამოქვეყნდა. მას შემდეგ „ანაკლია პორტის ეკოლოგიური მონიტორინგის ჯგუფმა“ ცალკე წიგნად (საექსპერტო დასკვნა „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პრობლემები“) გამოაქვეყნა სტატიაში ხსენებული მეცნიერული კვლევა, რომელიც ქვეყნის მთავრობას, შესაბამის სამინისტროებს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას დაურიგდა, მაგრამ საქმიანი, არამცთუ შენიშვნა, რეპლიკაც კი არსაიდან მიგვიღია.
მიუხედავად ამისა „ანაკლია პორტის ეკოლოგიური მონიტორინგის ჯგუფი“ აგძელებს მუშაობას და გამოსაცემად მზად არის „შავი ზრვის სანაპიროს“ ახალი სამეცნიერო კვლევა, რომელიც უსათუოდ დაეხმარება „ანაკლია პორტის“ მშენებლობის ახალი ტენდერის შემდგენლებს, უშეცდომო პირობების გამოცხადებაში.
P.S.+P.S. სანამ სტატიას გამოსაქვეყნებლად ვამზადებდი, POSTV - ანალიტიკა-ამ ვრცელი ტელეგადაცემა („რა დატოვა მამუკა ხაზარაძის კონსორციუმმა ანაკლიაში პორტის მაგივრად?!“) მიუძღვნა ხაზარაძე და მისი კონსორციუმის მიერ „პორტის მშენებლობად“ წოდებულ, ანაკლიის უძვირფასესი ზღვის ნაპირის წაწყმედას.
არ მოვყვები ტელეგადაცემის კრიტიკას, ბევრ რამეში ვეთანხმები მის ავტორებს, მაგრამ საბოლოოდ, იგი მექანიკურად გაკეთებული მასალაა იმ კონკრეტული დავალების შესასრულებლად, რაც დამკვეთებისგან მიიღეს.
ვიდეომასალის დიდი ნაწილი ზღვის ფსკერიდან ამოღებული ქვიშის ზეგანზეა გადაღებული, რაც გასაკვირი არ არის, მაგრამ ამ ზეგანზე მოსიარულე ტელეწამყვანს ერთხელაც არ წამოცდენია, რომ ეს ის ადგილი არ არის სადაც „სამრეწველო-სავაჭრო ნავსადგური“ უნდა აშენდეს; მიზეზებს აქ არ მოვყვები, _ „რატომ არ არის ის ადგილი?“, ამის შესახებ არაერთგზის მისაუბრია ჩემს სტატიებში.
მე დიდი ეჭვი მაქვს:
ან არ იციან ტელეგადაცემის დამკვეთებმა, რომ ანაკლიის დასახლებულ ტერიტორიაზე მიჯრით მიდგმული „ვითომ პორტი“, სინამდვილეში „აშშ-ს სამხედრო საზღვაო ბაზად“ იყო ჩაფიქრებული, იგი ანაკლიის დარჩენილი მოსახლეობის და საბოლოოდ, ენგურის და შავი ზღვის შესართავთან არსებული, ანტიკური კოლხური დასახლების დარჩენილი ნაწილის გასახლებას მოითხოვდა, რადგან სამხედრო საზღვაო ბაზა და მის გარშემო სამოქალაქო დასახლება, შეუთავსებადია!
ანდა, ახალი ტენდერიც, საიდუმლოდ, _ ამერიკული „სამხედრო საზღვაო ბაზის“ მშენებლობის გაგრძელებაა!
არამც და არამც, ეს არ უნდა მოხდეს, თუ მის ავტორებს, აფხაზეთთან ერთად, უბედურება გადატანილი სამეგრელოს დაქცევა-დაკარგვაც არ გადაუწყვეტიათ!
ამიტომ, ახალი ტენდერის გამოცხადების წინ, საქვეყნოდ უნდა გაცხადდეს: „ანაკლია პორტად წოდებული“ მშენებლობის პროექტი, მისი ფუნქციით, გარემოზე ზემოქმედების შეფასებით და დანიშნულებით.