მხარს ვუჭერ აქციას და ამით ვიცავ სახელმწიფოებრიობას! ანუ, მე მოვდივარ! თქვენ?!
ფართომასშტაბიანი აქციის თარიღი ცნობილია - 30 აპრილი, 18 საათი.
რაც არ უნდა ხალხის შეცდომაში შეყვანა მოინდომონ, თუნდაც „უცნობზე“ მანიპულირებით (ზოგი წერს, რომ „უცნობის“ აქციაზე არ წავა), დარწმუნებული ვარ, კრიტიკული მასა აუცილებლად შეიკრიბება-ეს იქნება პირდაპირი გზავნილი დესტრუქციული ოპოზიციისთვის და მათი მხარდამჭერი ევრო-ამერიკელი ჩინოვნიკებისთვის.
ასეთი ფაეართომასშტაბიანი აქციის აუცილებლობაზე, ჯერ კიდევ 7-8 წლის წინ ვწერდი-მაშინაც ვამბობდი, რომ უნდა გაგვეპროტესტებინა ხელისუფლების ლოიალური დამოკიდებულება ფაშისტური რეჟიმის ნარჩენების მიმართ, რომლებიც კოჰაბიტაციით „გაბლატავებულნი“ ძალისმიერი მეთოდებით ხელისუფლებაში დაბრუნებით იმუქრებოდნენ.
უკვე გვიანია იმაზე საუბარი, აწყობდა თუ არა დღევანდელ ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობა“ ჰყოლოდა მუდმივ საფრთხობელად, თუმცა, ისიც კარგად ვიცით,რამხელა ზეწოლა იყო ხელისუფლებაზე, რომელსაც ხშირად აიძულებდნენ,მიეღო ანტიქართული გადაწყვეტილებები.
სწორედ, ამის გათვალისწინებით იყო საჭირო ხალხის ერთობა, იგივე ხალხის ძალის დემონსტრირება, რომ, ჯერ ერთი, გვეიძულებინა ხელისუფლება, გაეთვალისწინებინა საზოგადოების მოთხოვნები, მეორეც, დაენახა დესტრუქციული ოპოზიციის მხარდამჭერებს შინ და გარეთ, რომ ხალხის მოთხოვნა იყო კოჰაბიტაციის დასრულება და დამნაშავე რეჟიმის გასამართლება!
ეს ასე არ მოხდა, რის გამოც ქვეყანა ბევრი ანტიქართული გადაწყვეტილებების მსხვერპლი გახდა (ვგულისხმობ, ანტიდისკრიმინაციულ და იუვენალური იუსტიციის შესახებ კანონებს და სხვა ანტიქართულ ინიციატივებს).
ცუდია, რომ, ხელისუფლების ნებისმიერი კრიტიკა ყოველთვის აღიქმებოდა „ნაციონალების“ წისქვილზე წყლის დასხმად, რამაც უარყოფითი შედეგები მოგვიტანა.
დღეს, როცა სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ხელისუფლების კრიტიკის და მისთვის ანგარიშსწორების დრო ნამდვილად არ არის-საჭიროა საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და დესტრუქციულ ძალებს - შინ და გარეთ, არ მივცეთ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის და საქართველოს რუსეთთან ხელახალ კონფლიქტში ჩართვის საშუალება!
დიახ, დღეს სახელმწიფოებრიობის გადარჩენა ხელისუფლების გადარჩენაზე გადის,თუმცა, ეს არ ნიშნავს, პარალელურად არ ვემზადოთ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის.
ერთი რამ ფაქტია:
თუ მშვიდობიანად მივედით აჩევნებამდე, დღევანდელი კრიმინალური ოპოზიციური სპექტრის იმიჯის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, ხელისუფლება რეალური ოპოზიციის გარეშე დარჩეს, რისი დაშვებაც არ შეიძლება.
ამიტომ, აქედანვე უნდა ვემზადოთ, რომ გამოჩნდეს ალტერნატიული ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, რომელიც დღევანდელ კრიმინალურ ოპოზიციას ჩაანაცვლებს!
თუ ეს ვერ მოხერხდა მიზეზთა და მიზეზთა გამო, აუცილებელია პროფესიონალი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებისგან ჩამოყალიბდეს სახალხო (საზოგადოებრივი, სამოქალაქო) დარბაზი, რომელიც იქნება ხელისუფლების ლეგიტიმური ჯანსაღი ოპონენტი და ამავდროულად, იგივე ხელისუფლებას, დაეხმარება შიდა და გარეშე მტრების მხრიდან წამოსული დესტრუქციული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების განეიტრალებაში.
30 აპრილის აქციამ სწორედ ამას უნდა დაუდოს სათავე.
მე მოვდივარ!
თქვენ?!