შორია ევროპიდან ევროკავშირამდე?!
„ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“
ჩემს მსოფმხედველობრივ მრწამსში „რა ვთქვაზე“ მეტად, ყოველთვის „რა არ ვთქვას“ ვიცავ, თუმცა ამ ჯერზე, „შორს გახედვის“ მიუხედავად, აშკარად ვიგრძენ, გაჩუმება დანაშაულია!
„უცხოური აგენტის რეგისტრაციის“ თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტებმა პოლარიზებულ მხარეებს ფილტვებში დაგუბებული იმდენი მომწამლელი შავი ბოლი გამოაშვებინა, საქართველოს თავზე საავდროდ შეყრილან მეწამულ ღრუბლებად - ერთნი გამარჯვებას ზეიმობენ (?!), სხვები ახსნას უძებნიან „უკან დახევას“, ბევრი ამ დღეებს უმშვენიერესს და საღათა ძილისგან გამოღვიძებას უწოდებს, ნაწილი გმირობის შარავანდედს იმშვენებს, ოპოზიციის აგრესიული აქტივისტები კი პროვოკაციებს ხლართავენ, ისტორიის „ნათელ მხარეს“ მდგომი, მორალისგან დაცლილი, „ნადიდკაცარი“ ფიგურები სიცრუით ამუნათებენ საგანგებოდ მოხმობილ „მრევლს“, ერთსახა პოლიტიკანები და მათ ქვენა გრძნობებს მიტმასნილი „ექსპერტები“ ტვინების გამორეცხვას აგრძელებენ. ტელევიზიები დაერივნენ ერთმანეთს... უცხოელი „მეგობრები“ საგულდაგულო დარიგებებს არ იშურებენ, ჭკუას გვასწავლიან, თითის დაქნევასაც მოუხშირეს. მონა, მოღალატე, აგენტი, ჩანერგილი - ყველას ეს სიტყვები აკერია პირზე. ერთი მეორეს რუსი ხარო - აბრალებს, მეორე პირველს აქეთ სწამებს რუსის აგენტობას. დედაქალაქში, მრავალჭირნახულ რუსთაველის გამზირზე და რეგიონებშიც გრძელდება პატრიოტიზმს შეფარებული ყვინჩილების ქუჩური დაპირისპირება.
აირია, მერამდენედ აირია ქვეყანა!
ყალბად აღქმულმა თავისუფლებამ და „ევროპელობამ“ იმდენი ნაღმის დეტონატორი ამოწვერა, მცირე არასწორი მოძრაობაც კი საკმარისია, რომ ჰაერში აიწიოს აქამდე ჯაფით მოტანილი მშვიდობიანობა.
პროექტების ინიცირებას, ცხადია, თავისი მიზანი გააჩნდა, მისი უკან წაღებაც (თუ პოლიტიკური მანევრიც) გარკვეულ ჩანაფიქრს ემსახურებოდა. ამ არეულობაში ცუდად მენიშნა, კულუარებში კი არა, რაც გარეთ ხდება და ჩვენს მენტალობას წალეკვას უპირებს.
ვისაც ესმის, დაიჯერებს, რომ პარლამენტში კანონპროექტის განხილვაზე გატანა ევროპულ პერსპექტივაზე უარის თქმა არ იყო, არც უკან დახევაა სისუსტე. მაგრამ როგორი კეთილშობილი მიზანიც უნდა ჰქონოდა, რანაირი ახსნაც მოიძებნოს ან რა ემოციებიც აღძრას „ევროკავშირის“დროშით წყლის ჭავლთან წინაღდგომამ“, ვფიქრობ, რომ მოცემულ ვითარებაში ამ კანონპროექტების ინიცირება იყო ინტრიგით ნაზავი პოლიტიკური შეცდომა, რომელმაც საზოგადოების ცნობიერება და ზნეობა, მთლიანად ქვეყანა, მძიმედ აზარალა. ფაქტია, რომ ხელისუფლებამ სარწმუნო და საკმარისი ინფორმაცია ვერ მიაწოდა საზოგადოებას, ვერც პარტნიორ ქვეყნებთან იმუშავა სათანადოდ!
ოპოზიციას, აგრეთვე პირველსავე დაძახებაზე მიტინგების შტატიან შემავსებელს უნდა ახსოვდეს, რომ მავნებელთა დიდი გაერთიანება (კეთილმყოფელს ამ ბრბოს ვერ დაარქმევ), ახლა რომ გარეთ ყაყანებს და დარიგებებს იძლევა, ცოტათი ადრე თვითონ იჯდა საჭესთან, დროც საკმარისი ჰქონდა, მხარდამჭერიც არ აკლდა. მაგრამ ლამის კბოდეზე გადაჩეხა ქვეყანა - რეფორმატორის იმიჯი შეიქმნა, სინამდვილეში ცრემლი და ცხედრები მოიტანა, ტერიტორიები დაკარგა, მოსახლეობას სარჩო წაართვა, გაყიდა, გაანიავა ქონება, ადამიანის უფლებები გათელა, ღირსება და საამაყო მიულეწა, ათასი სხვა უბედურება დამართა საკუთარ მოქალაქეს. სკოლიდან პირდაპირ მინისტრების სავარძლებში მოკალათებულთა ნაკრების ნამოქმედარ უკუღმართობებს დღემდე იმკის საზოგადოება.
ვინც მათ სახელმწიფოს შექმნასა და აღმშენებლობას აბრალებს, მას არ ესმის ამ სიტყვების მნიშვნელობა!
წარსულის პირწმინდად უარყოფა და დანგრევა ბარბაროსობაა. წარსულისგან კარგი და სადიდებელი ჩვენ უნდა მოვიღოთ, მოვუფრთხილდეთ და განვავრცოთ...
ქვეყნის მართვა მარტო ხელისუფლების საქმე სულაც არ არის. მასში საზოგადოების ყველა შრე - არჩეულიც და ამომრჩეველიც, პოზიციაც და ოპოზიციაც, ერიც და ბერიც, ერთობლივად, კეთილგანწყობილად, პასუხისმგებლობით უნდა ღებულობდეს მონაწილეობას. ეს ქვეყანა ყველასია - შენიც და ჩემიც, იმისიც, ჩვენს შემდეგ რომ მოვა. ამიტომ ყველამ უნდა გაიღოს აღმშენებლობაში წვლილი. ხალხისა და ხელისუფლების გამიჯვნა, მომხრეებად და მოწიანააღმდეგებად დაყოფა, ერთგულებად და მოღალატეებად წარმოდგენა სიბეცე და უგუნურობაა. ასეთ განწყობას ვერ უშველის ვერანაირი გაერთიანება, ვერც ევროკავშირი, რომელიც არ არის იდეალური და უნაკლო.
ევროპული პერსპექტივით მოხიბლულ თაობას ევროპის ბნელი წარსული არ ახსოვს, თუმცა ისტორიამ იცის, რომ ბარბაროსული ჯვაროსნობა, ინკვიზიციები, ეშაფოტები, საუკუნოვანი დაპირისპირებები მეზობელ ქვეყნებს შორის აქედან დაიწყო... სხვათაშორის, სწორედ ევროპაში ჩაისახა ყველა დროის შავი ჭირი - ფაშიზმი, რამაც მიწასთან გაასწორა ცივილიზაციის შედევრები, ქალაქები, სოფლები და 50-მილიონზე მეტი ადამიანი მსხვერპლად შეიწირა. ფაშიზმის ნარჩენი გამოვლინებები დღემდე მოსვენებას არ აძლევს კაცობრიობას.
ეს ჩვენს სახეაშლილ მუდმივ მომიტინგეებს დღეს ეჩვენება ევროპელობა მიმზიდველად, თორემ სულ ცოტა ხნით ადრე, შუაგულ ევროპაში დაინგრა იუგოსლავია, ღვიოდა ნაციონალური და რელიგიური შუღლი; ევროკავშირმა საბერძნეთი ლამის ჯვარს აცვა; ევროკავშირს გაექცა დიდი ბრიტანეთი. კონტინენტური ევროპის ყველა ქვეყანა ევროკავშირში შესვლას არ ითხოვს და მის გარეშეც თავს კარგად გრძნობს. ევროპარლამენტში ჰყვავის კორუფცია...
ამ სივრცეს ჩვენს წარსულზე, კულტურაზე, ტრადიციებზე უკეთესი, არაფერი გააჩნია!
ვითომ პატრიოტულ ნოტზე აროკვებულ „ახალ აზროვნებას“ უნდა ესმოდეს, რომ სხვა ქვეყანათა სტატეგიული პარტნიორობა, „ევროპული პერსპექტივა“, გულუხვი დახმარებები სათაგურში სატყუარი ყველივითაა და უფასო სულაც არ არის. მათ გაღებულ ყოველ ცენტს თავისი დანიშნულება აქვს. ისინი მხოლოდ თავიანთი ინტერესებისთვის იხდიან, ოღონდ უმეტეს შემთხვევაში, იმაზე ნაკლებს, ვიდრე აქედან მოსალოდნელი სარგებელი ღირს. საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარირებიდან მათ ამ ინტერესებში უკვე იმდენი აქვთ გაღებული, ჩვენი მხრიდან, გარე მარბენალ და ხსნის სხვასთან მაძებარ მედროვეებს იმდენი აქვთ ათვისებული, რომ მოსალოდნელიც იყო, ჩანაფიქრის გამჟღავნებას, ხმის ამოღებასა და მათი დარიგებებისთვის დაუმორჩილებლობას საქართველოს უკვე არ აპატიებდნენ, შიგნით ხალხს აუბუნტებდნენ და გარედან ზეწოლას გაუძლიერებდნენ. ახლა უკვე გვიანია იდაყვების დაკბენა.
შეიძლება ითქვას, რომ სივრცობრივად ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ. ამ გაერთიანებაში უკეთესობის პერსპექტივა უთუოდ არსებობს და ჩვენ ეს შესაძლებლობა გონივრულად უნდა გამოვიყენოთ. მაგრამ უბედურება ის არის, რომ იმ ევროკავშირს, რომელიც ჩვენს ახალგაზრდობას კეთილდღების სავანედ მიაჩნია და „ევროპაში გაღვიძებისთანავე“ უზრუნველად იცხოვრებენ ჰგონიათ, სხვა მართავს - ოკეანის გაღმიდან ატალღებულმა ზესახელმწიფოს მსოფლიო მართვის საჭეთპყრობის დაუოკებელმა ჟინმა უკვე მთელ კონტინენტს გადაუარა და სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ შეუფერხებლად მიემართება. ჩვენ ამ შტორმში მოყოლილ კოლექტიურ დასავლეთს არც ადრე ვეხატებოდით გულზე და არც ახლა ვჭირდებით - ეს ჩვენ ვიხვეწებით: გვათოვს, გვაწვიმს, კარი გაგვიღეთ, შიგნით შემოგვიშვითო! იმათმა კი, თავიანთივე ინტერესების უზრუნველსაყოფად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჟანდარმები ჩაგვიყენეს, ელჩები ქცევის და მოქმედებების ნორმებს გვიდგენენ, სამიზნე კოორდინატები დაგვირიგეს, კომუნალურ საცხოვრისში მოხვედრისთვის მათთვის სასურველი „გადასახდელები“ დაგვიდგინეს და ღირსების შემლახავი პირობები თავს მოგვახვიეს. ამიტომ, თუ ევროპიდან ევროკავშირში მოხვედრა გვინდა, მხოლოდ მორჩილებას, მათი მითითებების უსიტყვო შესრულებას მკაცრად მოითხოვენ.
ჩვენს პოლიტიკურ და აღმასრულებელ ხელმძღვანელობას ბრმა მორჩილების უუნარობას და ღირსების უქონლობას მიზანდასახულოდ თუ დააბრალებ, თორემ ვექტორის შეცვლა ნამდვილად არ უცდია. რა რესურსიც გააჩნია, იმას მაქსიმალურად იყენებს.
ევროინტეგრაციის მომხრეებს ამ გაერთიანებაში საკუთარი კეთილდღეობა, თანამდებობები და მაღალი ანაზღაურებები ხიბლავთ. დამოუკიდებლობის სტატუსი, ტრადიციები და ეროვნული ფასეულობები მათთვის მეორე ხარისხოვანია.
ილუზიაა „ევროპული უზრუნველობის“, სრული პარტნიორობის, დაფინანსების უწყვეტი ნაკადის დინების იმედად ყოფნა - ჩვენს გასაკეთებელს სხვა ვერავინ გააკეთებს, არავის სხვას არ სჭირდება ამ ქვეყნის წარმატება და კეთილდღეობა. ჩვენ მხოლოდ ფარის და მეხამრიდის, ჩრდილოელი მეზობლისთვის ირგვლივ დესტაბილიზაციის რკალის შემკვრელის დანიშნულებას გვაკისრებენ.
„შალიკოს ფანჩატურში“ მოლაყბე „თემატური ერთობა“ რუსეთს უშვერი სიტყვებით აგინებს. რუსულმა ხასიათმა, ოკუპაციურმა რეჟიმმა და შოვინიზმა, მარტო საქართველო კი არა, მსოფლიო გადაიმტერა! ვფიქრობ, ბრმაა და შლეგი, ვინც არ იცის და არც უნდა გაიგოს, რომ ბევრ სხვა ნეგატივთან ერთად, რუსეთთან ურთიერთობამ შეგვინარჩუნა არსებობა - ფეხზე დავდექით, გავმრავლდით. ჩვენ იმდენად ვართ მიჯაჭვული და გადახლართული რუსეთის ეკონომიკასთან, ამ კავშირების მყისიერი გაწყვეტა წარმოუდგენელ ეკონომიკურ კრახს გამოიწვევს!
ჩვენი ეკონომიკა ჯერ ძლიერ სუსტია და ეს მხოლოდ ხელისუფლების „დამსახურება“ როდია. ახალი ბაზრების დივერსიფიკაცია და საქონლის ექსპორტზე გატანა, უმკაცრეს კონკურენტულ პირობებში, ვიღაცის სურვილით ან დაჟინებით არ ხდება - არსებული ბაზრის ჩასანაცვლებლად უდიდესი შრომა, წარმოების კულტურის ამაღლება, სტანდარტების დაცვა და უთვალავი გარემოებაა გადასალახი.
ისტორიამ გვასწავლა, რომ სხვადასხვა დროს, ხან ოსმალეთისკენ ვიყურებოდით, ხანაც სპარსეთი გვინიშნავდა მეფეს. გამყიდველი და სულით ქვეშვრდომი მაშინაც არ გვაკლდა. ძმაზე განაწყენებული უფლისწული ან ურჩი თავადი უცხო „ბრძანებელს“ თხოვდა დახმარებასა და „მოღალატეთა“ დასჯას. ბოლოს რუსეთს მივეკედლეთ. პატარა ერების ხვედრი მუდამ ასეთი იყო - ვინმეს უნდა შევფარებოდით! ოღონდ რუსეთთან არა და ყველა სხვა ახალ ეშმაკს შეეკვრება.
უფრო დიდი უბედურება რა შეიძლება ერს სჭირდეს, რომ მოქალაქეთა ერთი ნაწილი სხვა ქვეყნის ხელისუფალთან გარბოდეს და მეორე ნაწილის დაბრმავებას სთხოვდეს, შიდა საქმეებში ჩარევას, „ურჩი“მართველი გუნდის ჩამოგდებას უკვეთავდეს და სანაცვლოდ, სამუდამო ერთგულებას ჰპირდებოდეს?! მოსახლეობის ნაწილი კი, უპერსპექტივობის გამო, უცხოეთში მიედინებოდეს და დამამცირებელი შრომით იქ ემსახუროს ჩვენი ქვეყნის მოძულეთა მოდგმას...
მონა და მორჩილი, გამყიდველი რომ აკერია პირზე, იმათ უნდა ესმოდეთ, ასეთ „თავისუფლებასა“ და ძველ „ქვეშემდგომლობას“ შორის სხვაობა ძლიერ ცოტაა. ქვეყნის სუვერენიტეტი იქ მთავრდება, სადაც წინააღმდეგობრივი სულისკვეთების გაუცხოება, სხვების დაკრულზე ბუქნაობა, სხვისი გადაწყვეტილებებისადმი უპირობო მორჩილება, უცხოური ორგანიზაციების მონაწილეობით წესრიგის დამყარება იწყება!
ახირებაა და უარგუმენტო, რომ პროექტი რუსებმა გვიკარნახეს და მისი მიღება საჭირო არ იყო. უცხოური აგენტების შესახებ ანალოგიური ან მსგავსი კანონი, რუსეთის გარდა, სულ ცოტა, კიდევ 5 ქვეყანაში (აშშ, ავსტრალია, უნგრეთი, ისრაელი, დიდი ბრიტანეთი) მოქმედებს. უაზრობაა იმაზე იოგების წყვეტაც, რომ მხოლოდ მტრულად განწყობილ ქვეყნებს უნდა შეხებოდა კანონის მოთხოვნები.
დარწმუნებული ვარ, ამ კანონზე მსჯელობა ადრე თუ გვიან განახლდება, ბევრი სხვა სახელმწიფო, მათ შორის, ევროპულიც, მას მალე მიიღებს.
გამართულ ვითარებაში, ნებისმიერი ხელისუფლება უნდა ნატრობდეს ჯანსაღ ოპონირებას. მართალია, არასამთავრობო ორგანიზაციებს კრიტიკა ემარჯვებათ, თუმცა ჩვენთან ეს უკუღმაა. არასამთავრობო ორგანიზაციების აღზევება საქართველოში 90-იანი წლების მიწურულიდან „ნაციონალურმა“ მოძრაობამ და მისმა გარედან დამფინანსებლებმა წაახალისეს. „ვარდების რევოლუციის“ სცენარები მათი მეცადინეობით დაიწერა და დაიდგა კიდეც! სწორედ ამის გამო, ე. წ. რეფორმატორთა სახელისუფლებო სპექტრი ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით იყო ფორმირებული. ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, არასამთავრობო სექტორიდან მოსულმა, უკვე გადაბირებულთა გუნდმა მმართველობითი გამოცდილება უფრო დახვეწა, კავშირები გაიმყარეს, რესურსული უზრუნველყოფის წყაროები დაიგულეს. 2012 წელს არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მათი დიდი ნაწილი ისევ არასამთავრობო სექტორს დაუბრუნდა, ნაწილი მმართველობით ვერტიკალში „ჩარჩა“. სულაც არაა გასაკვირი, რომ ისინი თავიანთ სარფიან პოზიციებს ასე გააფთრებით იცავენ და ძველ კავშირურთიერთობებს ხელისუფლებაში მობრუნებისთვის იყენებენ! ყველაზე აგრესიულები, უკომპრომისო არაკონსტრუქციული და კაცთმოძულე სწორედ მათი ერთობაა.
„გარდასული დიდების“ მსგავსად, არასამთავრობო სექტორი, აწ უკვე გაზრდილი მოცულობითა და ინტენსიურად, დაფინანსებას კონკრეტული დანიშნულებით, არეულობისთვის იღებს (არ ვგულისხმობ ჯანმრთელობის სფეროს, ეკოლოგიის, სასწავლო-გაცვლითი პროგრამების და სხვა მიმართულებების კეთილშობილურ მისიებს. მათ ეს პროექტები ისედაც არ ეხებათ) და ღია, ჩასაფრებულ საქმიანობას ეწევიან. ისინი ადგენენ ანგარიშებს, გარბიან „დამკვეთებთან“, მიაქვთ დასმენები, მათ მითითებებს ასრულებენ, აშავებენ ქვეყანას იმაზეც კი, რაც მიღწევად შეიძლება მივიჩნიოთ! არასამთავრობო ორგანიზაციებზე უკეთ, ქვეყნისთვის თავსლაფდასხმას ოპოზიციური პარტიული გაერთიანებები და ხელისუფლებაში ინტეგრირებული მათი მოენეები ახერხებენ. არსად ისე არ „ურევენ“ ოპოზიციური პარტიები, როგორც აქ, ისედაც პოლიტიკით გადავსებულ ქვეყანაში!მათ კისერზეა ყველა უბედურება, ისინი იფარებენ ხალხს, მათგან მხარდაჭერას მოითხოვენ, „ილუზიური ოცნების კოშკებს“ ჰპირდებიან, ხალხის სახით ლაპარაკობენ, ხალხის ხმებს ითვლიან და მოდიან ხელისუფლებაში... მერე კი ამომრჩეველი არავის ახსოვს. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან ხალხი მთლიანად გაირიყა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. პოლიტიკა იქცა ბიზნესად და უსაქმურთა საკრებულოდ. დიდ ბიზნესში ხელმოცარული ყველა ამ უსახურ თავყრილობას ეტმასნება. ამიტომ აუცილებელია ხალხმა დაიბრუნოს თავისი ადგილი ქვეყნის მართვაში, ხელისუფლებას არ გააკაროს უსახური, გამოუცდელი, ათას ინტრიგას გადამხტარი, სულგაყიდული გვამი და ნამდვილი პოლიტიკოსები გამოჭედოს! ასე იქნება თუ ისე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გარემარბენალი პოლიტიკური გაერთიანებების თავაშვებული პარპაში უნდა დასრულდეს!
ფაქტია, რომ ჩვენთან ოპოზიციას, თუ თვითონ არ იქნება ხელისუფლებაში, არც ქვეყანა უნდა და აღარც დემოკრატიის წესების დაცვა. ვიდრე ოპოზიციაშია, მათ არ ესმით, რომ დემოკრატია არ ნიშნავს ხელისუფლებაში მოსასვლელად დასმენების წახალისებას, „საზღვრებს“ გარეთ უკონტროლო გასვლას, ქვეყნის ინტერესების შებღალვას და მის დანაშაულებრივ მოქმედებებზე ხელშეუხლებლობას. არც ისაა დემოკრატია, როცა გარე ძალები ოპოზიციას აგულიანებენ და თავიანთი გლობალური ინტერესების მიღწევაში სარფიანად იყენებენ - დემოკრატია, უპირველესად, კანონების უზენაესობაა, წესრიგი, ბრძოლისა და მოქმედებების ღია, თანაბარუფლებიანი ქცევის წესები, უმრავლესობის ნების უპირატესობა, უმცირესობის კანონიერი მოთხოვნების გათვალისწინება, ხელისუფლებაში არჩევნების გზით, არაძალადობრივი მოსვლაა!
მოკლედ, დროულად იფიქრეს თუ უკვე დაგვიანდა, ან იყო თუ არა უცხოური აგენტების განეიტრალების სხვა არჩევანი, ამას დრო გვიჩვენებს. ერთი კი აქედანვე ცხადია, რომ ქუჩაში გამოსულ ხალხს, მათ ორგანიზატორებსა და შემგულიანებელთა ერთობას პროექტები წაკითხულიც არ ჰქონდა, დანიშნულება და შინაარსიც არ იცოდნენ...
მიტინგები, ქუჩის აქციები, გაფიცვები, საწარმოების გაჩერება, მაგისტრალებისა და რკინისგზების გადაკეტვა, მასობრივი არეულობები (ნგრევით, ცეცხლით, მსხვერპლით) გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს საბჭოთა იმპერიის დამხობის უცხოეთში აგორებულ ტალღას შემოჰყვა და ხელისუფლებასთან წინააღმდეგობის გაწევის ლამის ერთადერთ ფორმად დამკვიდრდა.
ვინც მიტინგებზე დგას და ორგანიზატორთა მითითებებს ემორჩილება, არ იცის, რომ საქართველოში შექმნილი მოთუხთუხე მდგომარეობა დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირებების გამოძახილია, თუმცა მასში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წვლილიც კარგად ილანდება - ხელისუფლებამ ღიად და დაუფარავად გამოხატა დაუმორჩილებლობა გარედან თავსმოხვეულ დირექტივების ბრმად შესრულებაზე მშვიდობის სანაცვლოდ, უცხოელებისგან შეგულიანებული ოპოზიცია კი რევოლუციური სცენარის სათადარიგო ვარიანტების მზადებითაა გართული.
დამოუკიდებლობის დეკლარირებიდან დღემდე, ხელისუფლების თითქმის ყველა ცვლილება რევოლუციური გზით ხორციელდება, რაც არაა ნორმალური მოვლენა. ყოველგვარი რევოლუცია ძალადობაა და ამ გზას მხოლოდ უბედურება მოაქვს. შიდა დაპირისპირება, ურთიერთობათა დაძაბულობა გრძელდება არჩევნებიდან არჩევნებამდე და მუდმივად გაისმის მოწოდებები რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ. არჩევნებში ჩართული ყველა სუბიექტი ხალხს სთხოვს მხარდაჭერას და მათ მსახურად დგომას ჰპირდება. მაგრამ ყველაზე საშინელება, მავნებლობა და ხალხის ნების იგნორირება, რაც კი შეიძლება წარმოიდგინო, ეს ამომრჩევლის მანდატის მქონე დეპუტატის პარლამენტში არ-შესვლა და მუდმივი ბოიკოტია.
უმცირესობა იმის მაგივრად, რომ კონსტრუქციულად მუშაობდეს მმართველ ძალასთან, საპარლამენტო დებატებში მონაწილეობდეს და არგუმენტირებულად მსჯელობდეს, პირველივე დღიდან ხალხის აბუნტებითაა დაკავებული.
ნაკლებსარწმუნოა, რომ ოპოზიციის ძალისხმევით შეკრებილი მომიტინგეთა ნაწილი, მით უფრო, ყოველმხრივ ორიენტაციადაკარგული ფერადი აქტივისტები, ქვეყნის სიყვარულს გამოყავდეს ქუჩაში. მათი წივილი, მუქარა, თავდაჯერებული დანაქადები, არ მგონია, წინსვლას ემსახურებოდეს. „მოლოტოვის კოქტეილების“ დაშენა პოლიციებზე, ქვების სროლა, მანქანების აყირავება, ბარიკადების აღმართვა, ცეცხლის გაჩენა, პარლამენტზე შტურმი, ფანჯრების ჩალეწვა, შიშველი მკერდის წყლის ჭავლზე მიშვერა და სხვა ათასი მსგავსი „თავგანწირვა“ სულაც არაა ქვეყნის სიყვარულით გულანთებული ადამიანების გააზრებული საქციელი.
მოწოდება სახელმწიფო ინსტიტუტების დამხობისკენ, პოლიციელების ლანძღვა, სამართალდამცავი სტრუქტურების შეურაცხყოფა ევროპაშიც დასჯადია და სახელმწიფოს უთხრის ძირს. ჩვენი წინაპრები ხილულ თუ უხილავ მტრებთან საუკუნეობით იბრძოდნენ, ინარჩუნებდნენ სახელმწიფოებრიობას. ესენი კი, შიგნით, თვითონ ანადგურებენ ხალხის მიერ ნაგროვები სახსრებით შექმნილ სახელმწიფო ინსტიტუტებს - როცა პოლიციელს ასახიჩრებენ, სპეციალური დანიშნულების რაზმების დისკრედიტაციას ეწევიან, ჯარს, პრემიერს, მინისტრებს, განურჩევლად ყველას აგინებენ, ფიზიკურად თავს ესხმიან, ეს უპატიებელი დანაშაულია!
უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ რუსთაველის პროსპექტზე ხალხი სპონტანურად შეიკრიბა, ახალგაზრდებიც თავისით მოვიდნენ და სპეცრაზმის შემადგენლობამაც თვითონ დაიკავა პოზიციები. აქციაზე სტუდენტობის გამოჩენა ბევრმა გმირობად წარმოადგინა და „გამარჯვების“ შემოქმედის მთავარი ტიტული მათვე მოარგო. ტყუილია ეს! ყველა აქციას ორგანიზატორი ჰყავს, წინასწარ მუშავდება განვითარების სცენარი და გაურკვეველი წარმოშობის დიდძალი თანხაც იხარჯება!
აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებული საპროტესტო ტალღა მორალგამოცლილ ხანგრძლივ სახელისუფლებო ანტიპროპაგანდას მოჰყვა და უფრო უკეთესად იყო ორგანიზებული, ვიდრე ეს „გავრილოვის ღამეს“ აგორდა. ხელისუფლებაც უფრო მოზომილად მოქმედებდა, თუმცა ორივე მხრიდან ადგილი ჰქონდა სამტრო დაპირისპირებას წესების გარეშე!
ძლიერ სახიფათოა და კეთილშობილურ მიზნებს არ ემსახურება პოლიტიკურ კინკლაობაში ახალგაზრდების ჩართვა, ხელისუფლების, ქვეყნის მიმართ მათი დაპირისპირებული განწყობის გაღვივება.
სამწუხაროდ, „ნაციონალების“ იდეოლოგიამ სასწავლო აუდიტორიებშიც შეაღწია, ქუჩის აქციები თუ მიტინგები სტუდენტური თაობის მყიფე გონებას რყვნის და წამლავს, დაუნახაობას აჩვევს, აგრესიულობას უნერგავს. პოლიტიკანები და მათი უცხოური დამკვეთები სტუდენტობის ზურგს ამოეფარნენ და არეულობისთვის, არასტუდენტური მიზნებისთვის იყენებენ. სტუდენტობა „გმირებად“ აქციეს, დააჯერეს კიდეც, რომ ხელისუფლებას „რუსული“კანონპროექტი უკან გაატანინეს!
თითქმის 20 წელი გადის, რაც „ნაციონალური“ მოძრაობის ტერორის ქვეშ ვცხოვრობთ და ამ სახადისგან ვერ განვთავისუფლდით. სიყალბე, ძალადობა, დესტრუქცია, დაუნდობლობა, ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობა, ათასი სხვა გაუსაძლისი მსოფმხედველობრივი ზემოქმედება სწორედ ამ გუნდიდან მოდის!
ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მისი ხელმძღვანელის აცუნდრუკებამ, ახირებებმა და ძალადობამ გაუსაძლისად აქცია ისედაც გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანების ყოფა. ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც მისი თავნებობების და თვალთმაქცობების მომსახურებას ხმარდება ჩინოსანთა ძალი და ენერგია.
ნიშანდობლივია ისიც, რომ ავადსახსენებელმა კოჰაბიტაციამ გაათამამა და წაახალისა დამნაშავეთა ეს ხროვა.
კოლექტიურ დასავლეთს არ უნდა დაინახოს თავისი პროექტი ყოფილი პრეზიდენტის დანაშაულებრივი წარსული და მას ჯილდოების ჩამორიგებით ამხნევებს. ამით ხელს უმართავს პოზიციათა პოლარიზაციას, მენტალურ შეუთავსებლობის კიდევ უფრო გამწვავებას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც.
თანდათანობით გამაღიზოიანებელი და აუტანელი ხდება ქვეყნის შიდა ამრევებისა და უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობისადმი, რომელიც ერთი-ერთში ჰგავს ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას. უკრაინაში ომი ეს მსოფლიო კატასტროფაა. კოლექტიური დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირება უკვე უმწვავეს ფაზაში შევიდა. იმის მაგივრად, რომ სამშვიდობო მისია იკისრონ, ომი შეწყდეს, გიგანტი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები ომის გამწვავებით არიან დაკავებულები. საზოგადოების ნაწილმა იცის და დადებითად აფასებს ქვეყნის აღმასრულებელი ხელმძღვანელობის უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომას, სამშვიდობო მეცადინეობას, თუმცა აუცილებელია ყველამ გააცნობიეროს, რომ ამ ომში ნებისმიერი სხვა სახით ჩართვა ახალი დიდი უბედურების მომასწავლებელია.
ჩვენი საზოგადოება დიდი ხანია მუდმივ დაპირისპირებაში ცხოვრობს - ერთ მხარეს ხელისუფლების მომხრე, მეორე მხარეს კი არაკონსტრუქციული ოპოზიცია - „ერთიანი ნაციონალური“ სიბნელე და მისი ნაშალი ნაწილები დგას. როგორც ვთქვი, ხალხი კი ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისიდან ამ დაპირისპირებაში იგნორირებულია. ის პოლიტიკურ პროცესებში მხოლოდ არჩევნების წინ და არჩევნებზე ახსენდებათ!
7-8-9 მარტის მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ ხელისუფლების სამივე შტო - პრეზიდენტი, მთავრობა და პარლამენტი განსხვავებულ პოზიციაზე იდგა. პრეზიდენტმა ოპოზიციას დაუჭირა მხარი - თითს უქნევდა პარლამენტსა და მთავრობასაც; პარლამენტართა უმრავლესობაშიც არ იყო ერთიანობა. ვერც მთავრობამ მოახერხა დაპირისპირება ჩაეცხრო და შიგნით მოეწესრიგებინა უთანხმოება. გარედან მართული დესტრუქციული ძალები, საერთაშორისო ორგანიზაციებში ნაციონალების მიერ მოსყიდულ-გაბრუებული ჩინოვნიკობა, მტრულად განწყობილი გარემოცვა და მეტწილ, შემოტმასნულ-ჩანერგილი ორგულობა ხელისუფლებას გასაქანს არ აძლევს უფრო ორგანიზებულად იმოქმედოს!
ვერც ევროკავშირი, ვერც სხვა ნებისმიერი გაერთიანება ვერანაირ სიკეთეს ვერ მოუტანს სახელმწიფოს, თუ ხელისუფლება, პოზიცია და ოპოზიცია ერთმანეთთან დიალოგს, საერთო უმთავრესი მიზნისკენ სწრაფვას არ ისწავლის, თუ შიდა პრობლემებზე გარე-გარე სირბილი, აქციებზე გამოყვანილი მომხრეთა რაოდენობის, ძალის, გავლენების დემონსტრირების და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე მოწოდებები არ შეწყდება.
წარსულში და ახლაც, ჩვენი წარუმატებლობის, სუდუხჭირის და მუდმივი შიდააშლილობის ძირითადი მიზეზი საკადრო პოლიტიკაა. ხალხის გარეშე ჩატარებული არჩევნებით, ხელმძღვანელობაში მოდიან შემთხვევითი, გამოუცდელი, მართვის უუნარო კაცუნები. ძალაუფლებასა და კომფორტს დახარბებული ჩინოსნები ყველაფერზე მიდიან - ავიწყდებათ დანაპირები, ერიც, მამულიც, ენაც, სარწმუნოებაც. მეტი ნებივრობისთვის, მათ უვიცები მოჰყავთ აღმასრულებელ პოსტებზე, თავიანთი ძალაუფლების განსამტკიცებლად აბრძოლებენ და თუ კი ვენმე „აზრზე მოვა“, ისინი მტრები, მოღალატეები ხდებიან.
კატეგორიულად მცდარია პოზიცია, რომლის მიხედვითაც ყველაზე მაღლა დგას სახელმწიფო, მის ინტერესებს უნდა ემსახუროს ყველა და ყველაფერი. სახელმწიფოში, ცხადია, ინსტიტუტები მნიშვნელოვანია და მათ ღირსებაზე მოქალაქეებმაც უნდა იზრუნოს. მაგრამ ადამიანი, სამყაროს შემომქმედის ეს სრულყოფილი ქმნილება, ყველაზე ძვირფასია და მის კეთილდღეობას უნდა ემსახუროს სახელმწიფო და მისი ინსტიტუტებიც.
ასეთი მენტალური ცვლილების გარეშე, საზოგადოება ჩარჩება ძველ დროში. ევროპული პერსპექტივაც უკან დარჩება.
ჩვენ მუდამ უკვე მომხდარი ფაქტების გამოხმაურებებს მივდევთ. მერე, რამდენიმე დღე ყველა ამ მოვლენას ატრიალებს ყველა ბრუნვაში. მასში ზოგი პოზიტივს ხედავს, ზოგიც - ქვეყნის დასასრულს. საზოგადოება, რომელიც მხოლოდ მომხდარ ფაქტებზე რეაგირებს და ახალი გასართობის მოლოდინშია, წინ არ იხედება, განწირულია დროში ჩამორჩენისთვის. საზოგადოება მხოლოდ მაშინ ავლენს სიმწიფეს, თუ გამოცდილების საფუძველზე მოახერხებს მოვლენების განჭვრეტას, პროცესების განვითარების ვექტორის განსაზღვრას და შესაბამისად იმოქმედებს - მოსალოდნელი ნეგატიური შედეგებს აიცილებს ან მის სასიკეთოდ შემობრუნებას შეუწყობს ხელს.
ყველა დროის უბედურების სათავე, რაც ჩვენ გვჭირს, გაუნათლებლობა, კანონების უმოქმედება და შერჩევითი სამართალია! ეს უბედურებანი უკუნი სიბნელიდან მოდის. ადრეც შორს ვიყავით ცოდნისგან. მაგრამ ათასში ერთი-ორი გამოერეოდა თვითნაბადი ბრძენკაცი და უძღვებოდნენ ერს, განარიდებდნენ კარსმომდგარ ფათერაკს. ჩვენს დროში ბრძენი წინამძღოლები შემოგვაკლდა, არც კარგი სტრატეგები შემოგვრჩა. ამიტომაც გარედან მართულმა ჩინოსნებმა, სრულიად შეგნებულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მოშალეს განათლების სისტემა და ამ არეულობას 90-იანი წლების დასაწყისში გლობალური რღვევის პროცესებმა დაუდეს სათავე, 2000-იანი პირველ ათწლეულში კი ბოლო მოეღო!
დიახ, ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ცოდნის და მართლმსაჯულების დეფიციტია! ცოდნისადმი ინტერესი დიდი ხანია გაქრა და სწავლის პროცესიც ჩაკვდა. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ სისტემა აძლევს მათ ამის საშუალებას. ამის გამო, სწავლას მოწადინებულთა რაოდენობაც შემცირდა. დარჩენილთაგან ნაწილი უცხოეთში გარბის, იქ იხვეჭენ სახელს და დიდებას.
ცოდნისადმი ინტერესი სწავლების ხარისხზეა დამოკიდებული. ბაღი, სკოლა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ფაქტობრივად, არაფერს აძლევს მოზარდს. ქვეყანაში მიმდინარე არეულობებმა ოჯახს შვილების აღზრდისთვის საჭირო დრო და მოტივაცია წაართვა. ბაღი „ბავშვების შესანახ“ სივრცედ იქცა, სასკოლო პროგრამები ეროვნულობისგან და საჭირო მასალისგან დაიცალა. დღეს სტუდენტობა სწავლაში ფულს იხდის და „დამპალ ვაშლს“ - უხარისხო ცოდნას ყიდულობს, მიტინგებზე ხარჯავს სწავლის დროს და არც იცის რას აპროტესტებს, სრულფასოვან ცოდნას რომ არ იძენს, ამაზე კი ხმას არ იღებს!
ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ჩვენ მასწავლებლებიც არ გვყავს. მათ არ ადარდებს მოსწავლე/სტუდენტი ღებულობს თუ არა ცოდნას - არც მოტივაცია გააჩნიათ ამისი და არც სურვილი. იმიტომ, რომ მათაც „დამპალი ვაშლი“ აქვთ ნაყიდი და ყოველდღიურ საცხოვრის ორომტრიალში ყელამდე არიან ჩაძირული.
დიახ, პრობლემა მართლაც დიდია. მაგრამ მიუხედავად ამისა, არაფერი კეთდება იმისათვის, რომ განათლების სისტემა შეიცვალოს. ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ ოკეანის გაღმა „ნასწავლმა“ ახალმა თაობამ დაამკვიდრა ჩვენში გაუნათლებლობა და სხვა უბედურებანიც. მაჰათმა განდის აქვს ნათქვამი: „ყველაზე საშიში მტერი არა კოლონიზატორი და ოკუპანტია, არამედ მათ მიერ გამოწვრთნილი შენი თანამემამულე“ უცხოეთში ნასწავლი უცხოელის მსახური, მორჩილი გახდა და მათ საქმეს მითითებების გარეშეც კარგად აკეთებს! გასტროლიორმა „განათლების მაძიებლებმა“ვერც უცხოური ცოდნა აითვისეს სრულყოფილად და ვეღარც მშობლიურ სიბრძნეს დაეუფლენ. ამიტომაც ჩავრჩით ბნელეთში და გვიჭირს.
გაუნათლებლობის გამოვლინებაა მართლმსაჯულების მოუწესრიგებლობა ქვეყანაში. ამ დარგში მრავალ მოუგვარებელ და გადასაწყვეტ საკითხთა შორის, მთავარი პრობლემა სასამართლო ინსტანციებში მოსამართლეების გავლენათა ჯგუფებისგან დამოუკიდებლობაა. მოჩვენებით წესრიგში მართლმსაჯულება, მართლაც, დამოკლეს მახვილივითაა და ყველაზე მეტად, ხელისუფლებას უნდა აწყობდეს ამ სფეროში სრული წესრიგი.
„ქვეყანა იმით კი არ არის უძლური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე გონება-გახსნილი გულ-განათებული კაცები არა ჰყავს“, ბრძანებდა ილია. მაგრამ ვინ მოუსმინა?!
„მხოლოდ განათლება იყო და არის წყარო ყოველგვარი ხალხის ბედნიერებისა და კეთილდღეობისა“ - საუკუნოვანი წარსულიდან გვმოძღვრავს აკაკი და დღესაც უკუნეთიდან გამოსავალი ცოდნის მიღებასა და წარსულის მწარე გამოცდილების გათვალისწინებაშია.
იური პაპასქუა