იგორ გიორგაძე საქართველოში ბრუნდება?!
ტერაქტების ორგანიზებასა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში ბრალდებული, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე საქართველოში ბრუნდება. მას მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლით ქვეყნის ვექტორები შეიცვალა. მისთვის სრულიად მისაღებია ახალი მთავრობის პოლიტიკური კურსი.
"იმედი მაქვს, ახალი ხელისუფლება თანმიმდევრულად შეასრულებს თავის დანაპირებს და პოლიტიკური ნიშნით დევნილთა მიმართებაში სამართლიანობას აღადგენს. თუ ეს ასე იქნება, მე ვერ ვხედავ ჩემი საქართველოში დაბრუნების ხელშემშლელ პირობებს", _ აცხადებს იგორ გიორგაძე გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
ინტერპოლის მიერ ძებნილი გიორგაძე აცხადებს, რომ მისთვის რეალურად არც ბრალდება წაუყენებიათ, არც საქმეა აღძრული მის წინააღმდეგ და არც განაჩენი გამოუტანიათ. 1995 წელს პრესაში გამოქვეყნებული გიორგაძის ღია წერილის შემდეგ, რომელიც შევარდნაძის ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული, მაშინდელმა პრეზიდენტმა ძებნილად და ტერაქტში ბრალდებულად გამოაცხადა.
იგორ გიორგაძე ბიძინა ივანიშვილის ახალი ხელისუფლების პოლიტიკის მომხრეა, განსაკუთრებით კი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების ასპექტში. მისი განცხადებით, რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის გარეშე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ვერ მოგვარდება.
იგორ გიორგაძე ასევე საუბრობს პარტია "სამართლიანობის" საქმიანობაზე და აცხადებს, რომ პარტიის გააქტიურება უახლოეს მომავალში მოქმედ ხელისუფლებას მიზნების მიღწევაში წაადგება.