მიბაძეთ... ჩხოროწყუს!

მიბაძეთ... ჩხოროწყუს!

არ მიყვარს დითირამბები და მლიქვნელობა, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის ყველაფერს თავისი სახელი დავარქვა - შესაქები შევაქო, გასაკრიტიკებელი გავაკრიტიკო. თუმცა, ზომიერებისა და კორექტულობის განცდა არასდროს მღალატობს!


საკმაოდ ფრთხილი ვარ, როცა საჯარო მოხელეთა საქმიანობაზე მიხდება საუბარი. არც ამჯერად დავარღვევ ტრადიციას - სათქმელს მოკრძალებულად ვიტყვი.


თემა, რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება, პირდაპირ ჩხოროწყუს ახალგაზრდა მერის, ბატონ დავით გოგუას სახელმწიფოებრივ ხედვას უკავშირდება. თუ რას ვგულისხმობ, პირდაპირ მოგახსენებთ:


გასული წლის ზაფხულში, ჩემმა უმცროსმა მეგობარმა და სულიერმა ძმამ (ორივე დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მრევლი ვართ), წარმოშობით ჩხოროწყუელმა, ალიკა (ალექსანდრე) წურწუმიამ მთხოვა: მეშუამდგომლა ჩხოროწყუს მერთან, ბატონ დავით გოგუასთან, მხარი დაეჭირა ჩხორწყუში სახელოვნებო სკოლის გახსნისთვის. თან დაამატა, რომ ამ ინიციატივაში მხარში ედგა საყოველთაოდ ცნობილი ფერმწერი, ხატმწერი და ხატმჭედი, ბატონი შალვა გერაძე

ბატონი შალვა ვახსენე და ბარემ აქვე ვიტყვი: მის შემოქმედებას არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იცნობენ. შეტანილია კატალოგებში, როგორც გამორჩეული ხატმწერი და ხატმჭედი. მის მიერ დაწერილი (მოჭედილი) ხატები დაბრძანებულია საქართველოს არაერთ ეკლესია-მონასტერში.


ჩემს კითხვაზე: მოზარდებს რა უნდა შეასწავლონ, სხაპასხუპით ჩამომითვალა: ფერწერა, გრაფიკა, ტიხრული მინანქარი, ხატწერა, ხატჭედვა და ოქრომჭედლობა...


დარწმუნებული ვიყავი რა, ორივე ხელოვანის ნიჭიერებასა და ღრმა პასუხისმგებლობაში, შუამდგომლობის მისია სიამოვნებით ვიტვირთე. 


ბატონმა დავითმა ყურადღებით მოგვისმინა, ოპერატიულად შეკრიბა ხელოვნებისა და კულტურის სფეროსთან დაკავშირებული მუშაკები, ადგილზევე მზადყოფნა გამოთქვა მოეძია საჭირო ფართობი, ტექნიკური საშუალებები და გაეხსნა ჩხოროწყუს კულტურის ცენტრთან არსებული სახელოვნებო სკოლა, სადაც დაინტერესებული მოსწავლეები ხელოვნების სხვადასხვა დარგს დაეუფლებოდნენ.


სიტყვა საქმედ იქცა - პრაქტიკული ნაბიჯები ოპერატიულად გადაიდგა და უკვე რამდენიმე თვეა, ჩხოროწყუს კულტურის ცენტრთან არსებული სახელოვნებო სკოლა ნიჭიერ მოზარდებს ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით დაოსტატებაში ეხმარება.


მართალია, არსებული სამუშაო პირობები ყველა მსურველს, ჯერჯერობით, ვერ აკმაყოფილებს, მაგრამ გაფართოებასთან ერთად, ხელოვნების სხვადასხვა დარგის დაუფლების მსურველთა რაოდენობაც თანდათან გაიზრდება.


უდაოდ დიდი საქმე გაკეთდა, რაშიც (კიდევ ვიმეორებ) განსაკუთრებული წვლილი ჩხოროწყუს მერს, ბატონ დავით გოგუას მიუძღვის. ასევე თვალსაჩინოა ჩხოროწყუს კულტურის სამსახურის უფროსის, ქ-ნ ათინა წურწუმიას მხარდაჭერაც.


მიბაძეთ... ჩხოროწყუს!


P.S. საგულისხმოა, რომ ბავშვებმა სწრაფად აითვისეს სხვადასხვა სპეციალობა და უკვე საკუთარი ხელით ქმნიან ნაკეთობებს (თურმე, განსაკუთრებით ხიბლავთ ტიხრულ მინანქარზე მუშაობა). როგორც ალექსანდრე წურწუმიამ მითხრა, მაისში მათი ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვაც გაიმართება.

             

  

  

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: