რაზე ვერ შეთანხმდნენ იუსტიციის სამინისტრო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი?
პირობითი სასჯელისგან ყველა მსჯავრდებულის გათავისუფლების ინიციატივას იუსტიციის სამინისტრო არ იზიარებს. ამის შესახებ ინფორმაციას პროექტის ერთ- ერთი ავტორი გედევან ფოფხაძე ავრცელებს.
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე კანონპროექტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს წერილობით რეკომენდაციებს უკვე გაეცნო. მისი განმარტებით, რეკომენდაციები და შენიშვნები სხვა სამინისტროებიდანაც გადაიგზავნა.
"იუსტიციის სამინისტროს შენიშვნები "სისხლის სამართლის კოდექსის" ცალკეულ მუხლებს და პირობით სასჯელებთან დაკავშირებულ ჩანაწერს ეხება. კანონპროექტის თანახმად, პირობითი სასჯელისგან გათავისუფლება ყველას ეხება. იუსტიციის სამინისტრო კი მიიჩნევს, რომ პირობით სასჯელს თავისი პრევენციული მნიშვნელობა გააჩნია და ყველა მსჯავრდებულთან მიმართებაში პირობითი სასჯელის მოხსნა მიზაშეწონილი არ იქნება. ციხეში მყოფ საკმაოდ მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პატიმრებს რეალურ სასჯელთან ერთად, პირობითიც აქვთ მისჯილი და არსებობს პოზიცია, თუ რატომ უნდა მოეხსნათ ასეთ პატიმრებს პირობითი სასჯელი. ადამიანი, რომელსაც პირობითი სასჯელი აქვს უფრო ფრთხილია, ვიდრე ის, ვისაც არ აქვს", - აცხადებს გედევან ფოფხაძე.
შეგახსენებთ, რომ "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტმა 19 ნოემბერს დაიწყო, მიუხედავად ამისა, სესიაზე ის ჯერ არ გაუტანიათ.