ჰეი, თქვენ... „მოღალატენო“!
ყოველთვის ვიყავი და მომავალშიც ვიქნები რადიკალიზმის, არაკორექტული გამონათქვამების, ადამიანის პიროვნული შეურაცხყოფის წინააღმდეგი!
ძალიან მაღიზიანებს პრიმიტიული აზროვნებაც, მითუმეტეს, თუ ამ პრივიტივიზმის მაღალ ფასეულობად წარმოჩენას ცდილობენ.
წინასწარ ვაცხადებ: არანაირი ურთიერთობა არ მაკავშირებს "ალტ-ინფოს" ბრმა მხარდამჭერთა მიერ შეჩვენებულ პიროვნებებთან. თუ არ ვცდები, ერთისთვის მხოლოდ ხელი მაქვს ჩამორთმეული, მეორეს კი საერთოდ არ შევხვედრივარ. ამდენად, ჩემი პოზიცია მათ უპირობო მხარდაჭერად არ ჩაითვლება!
უბრალოდ ვწუხვარ, რომ ადამიანური ურთიერთობების ყველა ზღვარი გადავლახეთ და ძალიან ადვილიად შეგვიძლია გავიმეტოთ ერთმანეთიც - უცერემონიოდ მივაკრათ "მოღალატის", "ვირთხის" იარლიყი და სოციალურ ქსელში ფეხის ხმას აყოლილთა თუ პრიმიტიულად მოაზროვნეთა შეურაცხყოფის ობიექტად ვიქცეთ!
ახლა პირდაპირ საქმეზე:
ამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა საკმაოდ აჟიტირებული ბლოგერის, ბექა ვარდოსანიძის სტატუსი, სადაც იგი მოღალატურ აქტად აფასებდა "ალტ-ინფოდან" თენგიზ ომანიძის გადასვლას ტელეკომპანიაში: "სოლიდარობა მშვიდობისთვის".
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საზოგადოებრივი პლატფორმა "სოლიდარობა მშვიდობისთვის" რამდენიმე თვის წინ დარეგისტრირდა პოლიტიკურ პარტიად, რომელსაც კონსერვატიული ნიშა უჭირავს, თენგიზ ომანიძის გადასვლა შეფასდა, როგორც კონკურენტი პარტიის ტელევიზიის მხარდაჭერა და "ალტ-ინფოს" ღალატი!
ამის თაობაზე საკუთარი მოსაზრება კომენტარის სახით იქვე დავაფიქსირე. რა თქმა უნდა, ჩემი გფანსხვავებული პოზიცია "ალტ-ინფოს" მხარდამჭერებს არ მოეწონათ, თუმცა, ყოველთვის მივიჩნევ, რომ ჩემი პოზიცია, არის ჩემი პოზიცია! იქვე განვმარტავ, მავანთა მხრიდან ასეთი მიდგომა დათვური სამსახურის გაწევა იყო თავად "ალტ-ინფოსთვის".
მეგონა "მოღალატეთა" განქიქება ამით ამაოიწურა, თუმცა, შევცდი.
გუშინ, ამ თემაზე "ალტ-ინფოს" აქტიური მხარდამჭერის ქ-ნ მაია დვალიძის სტატუსი გამოჩნდა: "მადლობა ყველა ვირთხას, ვინც დროულად გაეცალა "ალტ-ინფოს". თხოვნა მაქვს, თუ კიდევ ხართ ვინმე ეგეთი, დროულად წადით!"
კომენტარებით გაირკვა, რომ ამ "ვირთხა"-ში "ალტ-ინფოდან" "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ტელეკომპანიაში გადაბარგებული თენგიზ ომანიძე იგულისხმებოდა. თუმცა, იგივე იარლიყი მიაკერეს დავით ახვლედიანსაც, რომელიც ადრე წავიდა "ალტ-ინფოდან" და არა მარტო ტელეწამყვანად, არამედ, პარტია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" პოლიტსაბჭოს წევრადაც მოგვევლინა.
დავიწყოთ იქიდან, რომ ადამიანი თავისუფალია საკუთარ არჩევანში - ის იქ წავა, სადაც უკეთეს პირობებს შესთავაზებენ. სხვა საკითხია, თუ იდეური თანამებრძოლია, თავიდანვე იდგა პარტიის სათავეებთან და უმიზეზოდ გაიქცა სხვა პარტიაში, თან პარტიის საიდუმლოებები გააყოლა ხელს! რამდენადაც ვიცი, არც ერთ ზემოთ დასახელებულ "მოღალატეს" და "ვირთხის" შემთხვევაში ამ უკიდურესობასთან არ გვაქვს საქმე. დანარჩენი მიზეზი უკვე საინტერესო არ არის. მავანთა ბრალდება, რომ ახვლედიანმა და ომანიძემ ფულზე "გაყიდეს" ღირსება, საკმაოდ არაკორექტული ნათქვამია!
მე არც ერთის დამცველად არ გამოვდგები და არც ვაპირებ, უბრალოდ, ჩემთვის ყოვლად მიუღებელია უცერემონიოდ "მოღალატის" იარლიყის მიწებება ადამიანებისთვის - ასეთი მიდგომა არა მარტო ანგრევს ადამიანებს შორის ურთიერთობას, არამედ მომაკვდინებლად აისახება ერის სასიცოცხლო ინტერესებზეც.
გავიხსენოთ, რა დამანგრეველი შედეგი მოჰყვა "მოღალატის" იარლიყების ცვენას დამოუკიდებლობააღდგენილ საქართველოში, როგორ გაიხლიჩა ერი დაპირისპირებულ ჯგუფებად, რასაც დღეს ძალიან მწარედ ვიმკით!
ვიყოთ ობიექტური: ადამიანი თავისი ბუნებით ეგოისტია, ის ყოველთვის იქ მიიჩქარის, სადაც უკეთესად იგრძნობს თავს - გამონაკლისი იდეალისტები არიან, რომლებიც არ ისე ბევრია ჩვენს სინამდვილეში.
და ბოლოს: არ შეიძლება ადამიანს დაამადლო ის სიკეთე, რომელიც თავის დროზე გაუკეთე - ეს ყველაზე დამამცირებელია თავად ბრალმდებლისთვის.
რატომ ვამბობ ამას?!
ქ-ნ მაია დვალიძის სტატუსის კომენტარებში ხაზგასმით ეწერა, რომ ომანიძე და ახვლედიანი უმადურები აღმოჩნდნენ.
"ლაპარაკი ძლივს ისწავლა „ალტ-ინფოზე“, რომ მოძლიერდა, გაიქცა".
"რაც მოსკოვში გავუშვით და "ალტ-ინფოს" სახელით ლავროვისთვის შეკითხვის დასმის საშუალება მივეცით, გაპოპულარდა" - ეს ბრალდება კი დავით ახვლედიანის მისამართით გაჟღერდა.
ჩემი ჟურნალისტური პრაქტიკის მანძილზე, რამდენიმე გაზეთის, ჟურნალისა და საინფორმაციო სააგენტოს დამფუძნებელი და რედაქტორი ვიყავი. იმდენი ახალბედა ჟურნალისტი გამიზრდია და დამიფრთიანებია, ყველა ჩემგან წასულს ღალატი რომ დავაბრალო, მითუმეტეს, ჩემი ძალისხმევა დავამადლო, საკუთარი საქციელი არა თუ სხვას, მეც არ მომეწონება!
ასე რომ, დაივიწყეთ სიტყვა "ღალატი" . თუ ორი ადამიანის, თუნდაც ხუთის ან ათის, წასვლაზეა დამოკიდებული "ალტ-ინფოს" და "კონსერვატიული მოძრაობის" ბედი, ცუდად ყოფილა მათი საქმე!
ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი