რატომ დააბრალეს ირაკლი კობახიძეს „პოლიტიკური უმწიფრობა“?!

რატომ დააბრალეს ირაკლი კობახიძეს „პოლიტიკური უმწიფრობა“?!

 

გუშინ, სოციალურ ქსელში, ანალიტიკოსმა დემურ გიორხელიძემ, საქართველოს პრემიერის, ირაკლი კობახიძის გაეროს ასამბლეაზე გამოსვლას „პოლიტიკური უმწიფრობა“ უწოდა და დაასახელა სამი მიზეზი, რის გამოც გაიმეტა ასეთი შეურაცხყოფისთვის!


 

მრავალგზის მითქვამს: მე არ ვყოფლივარ „ქართული ოცნების“ ე.წ. ფანი, პირიქით, ხშირად ვაკრიტიკებდი კიდეც ნებსითი თუ უნებლიე შეცდომებისა თუ ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღების გამო, მაგრამ, ეს არ მაძლევს უფლებას, მუდმივად ერთ პოზიციაზე დავრჩე და არ დავინახო განსხვავება ადრინდელ და დღევანდელ „ქართულ ოცნებას“ შორის!


 

გულწრფელად გითხრათ: იმდენად არა ბატონ დემურ გიორხელიძის ნეგატიურმა შეფასებებმა გამაოგნა, რამდენადაც, ამ სტატუსის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა - აშკარად ჩანს, რომ  საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც პოლიტიკის გარტყმაში არ არის, როგორც უნდა ისე ჭრის და კერავს, ოღონდ, უმაღლესი რანგის სახელმწიფო მოხელის შეურაცხყოფა გაამართლონ.

 

საკუთარი მოსაზრება, ბ-ნ დემურის სტატუსთან მიმართებით იქვე დავაკომენტარე, თუმცა, აქ იმდენად ირაკლი კობახიძის განქიქება არ არის არსებითი, რამდენადაც, ხელისუფლების პირველი პირების მიმართ დაგროვილი ნეგატივი, რომელიც განსაკუთრებით დღეს ზიანის მეტს არაფერს მოუტანს ქვეყანას!


 

ახალი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ბოლო 30-წლიანი პოლიტიკა კოლექტიური დასავლეთისადმი ვასალურ დამოკიდებულებაზე და დირექტივების უსიტყვო შესრულებაზე იყო აგებული და როცა ქვეყანა საკუთარი სუვერენიტეტის დაცვის გზას დაადგა, ნაცვლად მხარდაჭერისა, კრიჭაში ვუდგებით და ძველი შეცდომებისა თუ ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების შეხსენებით, მხოლოდ მტრის წისქვილზე ვასხამთ წყალს!


 

საქართველოში ნამდვილი პოლიტიკოსების დეფიციტი რომ არის, ეს კამათს არ უნდა იწვევდეს, მაგრამ, ახალგაზრდა პრემიერს, რომელიც თავისი პირუთვნელი, სახელმწიფოებრივი განცხადებებით საკუთარი სიცოცხლითაც რისკავს, პოლიტიკური უმწიფრობა დააბრალო, უნამუსობაა! მეტსაც ვიტყვი და ამ შემთხვევაში არანაირი ანგარება არ მალაპარაკებს: ირაკლი კობახიძის დონის დინჯი, პრინციპული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პროფესიონალი პოლიტიკოსი ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს არ ჰყოლია. თუმცა, ამას დანახვა და აღიარება უნდა, რომელიც ჩვენ ძალიან გვაკლია!

 

დიახ, დღეს ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვიჭრიდეთ ვენებს, რატომ არის კობახიძე ივანიშვილის „რუპორი“ (ცხადია, მისი ყველა გადაწყვეტილება შეთანხმებული იქნება ივანიშვილთან), არამედ, ყველანაირად უნდა ვეცადოთ მშვიდობიანად გადავაგოროთ „ასაფეთქებელ ბომბად“ გამიზნული კარს მომდგარი არჩევნები და შიდა და გარეშე მტრებს დავანახოთ, რომ საქართველო არ დაიჩოქებს და საკუთარ იდენტობას და სუვერენიტეტს არ დათმობს - არც სამოქალაქო დაპირისპირების არენად გადააქცევს ქვეყანას!!!


 

წარმოიდგინეთ, ამას ვამბობ მე, რომელიც მთელი 11 წლის განმავლობაში აკრიტიკებდა „ქართული ოცნების“ არასწორ პოლიტიკას. თუმცა, როცა ქვების სროლის ნაცვლად ქვების შეგროვების დროა, ქვები უნდა შეაგროვო და შიდა და გარეშე მტერს მომზადებული უნდა დახვდე!


* * *


გუშინ გამოქვეყნდა „ქართული ოცნების“ და ძირითადი ოპოზიციური პარტიების (თუ გაერთიანებების) საარჩევნო სიები.


 

ვიქნები ობიექტური: არა მარტო ოპოზიციის, არამედ, „ქართული ოცნების“ სიებმაც არ აღმაფრთოვანა, თუ არ ჩავთვლით „ოცნების“ პირველ ოცეულს, სადაც მეტ-ნაკლებად ცნობადი სახეები და სახელისუფლებო ვერტიკალზე გამოცდილი პერსონები არიან წარმოდგენილნი.

 

თუმცა, როგორც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მტკიცებით, რადგან სიის პირველი ნომერი - ბიძინა ივანიშვილია, ის ლოკომოტივის ფუნქციას შეასრულებს და „ქართული ოცნება“ უმრავლესობას მოიპოვებს!


* * *


ზემოთ დავწერე: ოპოზიციაზე რომ არაფერი ვთქვათ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიამაც არ აღმაფრთოვანა-მეთქი! თუმცა, ეს არ არის ამჯერად არსებითი - დიდი ანალიტიკოსობა არ სჭირდება იმის დანახვას, რომ კარს მომდგარი არჩევნები ადრინდელი წინასაარჩევნო ციებ-ცხელებით არ გამოირჩევა, არც საარჩევნო სიები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ კონკურენტები ერთმანეთს ცნობადი სახეებით ეპაექრებიან!


 

დასკვნა მარტივია: ყველაფერი იქითკენ მიდის, ვინ ვის გადაუგრიხავს ხელებს. ცნობილია, რომ გაყალბების მოტივით მე-5 კოლონა არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, თავიანთ მფარველებთან ერთად, სამოქალაქო დაპირისპირებისთვის ემზადება. საინტერესოა, როგორ აპირებს მოქმედი ხელისუფლება მათ განეიტრალებას და სახელმწიფო გადატრიალების (სამოქალაქო დაპირისპირების) თავიდან აცილებას?!


 

პასუხს უახლესი მომავალი გვიჩვენებს. თუმცა, მთლად ხელისუფლების იმედზეც ნუ ვიქნებით - ჩვენც ფხიზლად უნდა ვიყოთ - ძალა ერთობაშია!


 

და კიდევ: რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი უნდა მივიდეს არჩევნებზე, რომ ხალხის მზაობა მშვიდობის შესანარჩუნებლად ცხადი გახდეს დანარჩენი მსოფლიოსთვისაც!


ზაურ ნაჭყებია, პუბლიციტი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: