რა იქნება ხვალ?

რა იქნება ხვალ?

 

ძნელია წინასწარი პროგნოზის გაკეთება, საბოლოოდ როგორ დასრულდება ხვალინდელი საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ ფაქტია, რომ არჩევნების შემდგომი პერიოდი სერიოზული ექსცესების გარეშე არ ჩაივლის!


 

ნიშანდობლივია, რომ ქართველი ექსპერტ-პოლიტოლოგები ეჭვქვეშ აყენებენ „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობით დარჩენას ხელისუფლებაში, თუმცა რა შედეგიც არ უნდა დადგეს, მე-5 კოლონის მხრიდან, რომელსაც ზურგს უმაგრებენ დასავლელი პარტნიორები, სამოქალაქო დაპირისპირების, ხელოსუფლების ძალადობრივი გზით გადატრიალების მცდელობა არ უნდა გამოირიცხოს!!!


 

ამაზე აშკარად მეტყველებს მათი მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიის უხეიროდ ჩატარება - ოპოზიციას აგრესიული საარჩევნო კამპანიის ჩატარებაზე (რასაც წინა არჩევნებზე ჰქონდა ადგილი), თავის პარტიულ ენჯეოებიანად, არათუ, მაქსიმალური, არამედ მინიმალური ხარჯებიც არ გაუწევია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არჩევნების შემდგომი პროცესებისთვის ემზადებიან.


 

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არჩევნებს გაყალბებულად, ხოლო, არჩევნების შედეგებით გამარჯვებულ ხელისუფლებას არალეგიტიმურად გამოცხადებას წინასწარ აანონსებენ. უნდა ვივარაუდოთ, რომ სერიოზული რყევები არ აგვცდება - ვფიქრობ, ხვალ საღამოს, წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე ატყდება დიდი ალიაქოთი, რომ არჩევნები გაყალბდა, რასაც ბეჭედს დაუსვამს პღეზიდანი (დავესესხები სოსო მანჯავიძეს) ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელსაც საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე, სხვა მოღალატურ ნაბიჯებთან ერთად, ეს საპატიო მისიაც დაეკისრა! სავარაუდოდ, კოლექტიური დასავლეთის რეაქციაც არ დააყოვნებს და არჩევნები გაყალბებულად, ხოლო, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არალეგიტიმურად გამოცხადდება, რასაც მოჰყვება წინასწარ დაანონსებული ე.წ. ტექნიკური მთავრობის დასახელებაც.


 

ერთი სიტყვით, რა ვარიანტებიც არ უნდა განვიხილოთ, საქართველო სერიოზულ შარშია გახვეული და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი იქნება ამომრჩეველთა აქტიურობა, რა მხარდაჭერას მიიღებს „ქართული ოცნება“, როგორი ბალანსი იქნება ოპოზიციის ჯამურ ნიშნულსა და მმართველი პარტიის მიერ აღებულ პროცენტებს შორის და რაც მთავარია, რამდენად მტკიცედ დაიცავს ქართველი ხალხი სახელმწიფოს ინტერესებს - არ მისცემს შიდა და გარეშე აგრესიულ ძალებს სახელმწიფო ინსტიტუტების კიდევ ერთხელ ჩამოშლის საშუალებას (რაც შეეხება მოქმედ ხელისუფლებას, მას ყველა ბერკეტი გააჩნია დესტრუქციული ძალების ასალაგმავად).


* * *


თუ „გორბის“ ბოლო კვლევებს ვერწმუნებით, საარჩევნო ბარიერს მხოლოდ 3 პარტია გადალახავს („ქართული ოცნება“, „გაერთიანებული ნაციონალები“ და „ახლები“, ანუ „კოალიცია ცვლილებებისთვის“). კვლევის შედეგებით, ბარიერს მიღმა რჩებიან გახარია, „ლელო“ და „ეროვნული ერთობა“ („პატრიოტთა ალიანსი“ - „ალტ-ინფო“ - კონსერვატორები“), რაც საეჭვოდ მეჩვენება.


* * *


თუ „გორბის“ კვლევებს დავუჯერებთ, პარლამენტში ისევ „ქართული ოცნება“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ იქნებიან წარმოდგენილნი, რაც ნამდვილად არ შედის სახელმწიფოს ინტერესებში.


  

თეორიულად დავუშვათ, რომ ასეთი სურათი მივიღეთ, რა იქნება შემდეგ? საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსული „ქართული ოცნება“ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ გააუქმებს და მარტო დაჯდება პარლამენტში?


 

თუ ასეთ რეალობამდე მივედით (ძნელია ამტკიცო, სინამდვილეში რა იქნება), კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გაუქმების  შემდეგ, ოპოზიციის გარეშე საკონსტიტუციო უმრავლესობით დარჩენილი ხელისუფლება, იძულებული გახდება კონსტიტუციაში შეიტანოს დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებები და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები (ეს, რა თქმა უნდა, თეორიული ვარაუდია. თუ როგორ განხორციელდება პრაქტიკაში, ამას უახლოესი დღეები გვიჩვენებს).


 

არის მეორე ვარიანტიც: გაუტკბეს ჭარბი ძალაუფლება და ავტორიტარიზმის გზას დაადგეს.


 

თუმცა, რა შედეგიც არ უნდა დადგეს, მთავარი ტვირთი მაინც საზოგადოებაზე გადადის - ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მომავალში მაინც, კონსტრუქციული  ოპოზიციის ფორმირებას შეუწყოს ხელი, რომ „შუა გაკრეფის“ პოლიტიკამ, რომელმაც ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას, „ჩაილურის“ წყალი დალიოს!


 

P.S. თუ სამოქალაქო დაპირისპირებას და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლას გადავურჩით,  „ქართულ ოცნებას“ მოუწევს სერიოზულად გადახედოს საკუთარ საშინაო პოლიტიკას - განსაკუთრებული აქცენტი უნდა გააკეთოს განათლების სისტემის არსებით რეფორმაზე და საკადრო პოლიტიკაზე, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მისი აქილევსის ქუსლია. ნეპოტიზმით და პარტიული ნიშნით კადრების შერჩევა წარსულს უნდა ჩაბარდეს!


 

დანარჩენს უახლოეს დღეებში ვიტყვი.


ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: