კარიმარა! - მხოლოდ წინ!
მსოფლიოში "ახალი წესრიგი"-ს მესვეურთა მოლოდინი, ვფიქრობ, არც თუ ჰარმონიულად მიდის წინ, თუნდაც იმის გამო, რომ მსოფლიოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ გიგანტ ქვეყანაში - ამერიკის შეერთებულ შტატებში, საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ეს ნიშნავს საბოლოოდ უარი უნდა ეთქვას ნეოლიბერალიზმის საყოველთაო მოთხოვნასა და დროებით მაინც გზა გაეხსნას მსოფლიოში იმ ადამიანურ ღირებულებებს, რისკენაც ათასწლეულებია სახელმწიფოები მიისწრაფვიან. ყოველივე ამის წინააღმდეგ გაჩაღებული ტოტალური შეტევა იმის შიშითაა განპირობებული, რომელიც ყველა ქვეყნის ადამიანის კეთილდღეობაზე გადის და მცირედი ნაწილის გამეტებაც, საუბედუროდ, საკუთარი უპირატესობის დაკარგვად აღიქმება.
საქართველოში ჩატარებული მორიგი საპარლამენტო არჩევნები, როგორც მოსალოდნელი იყო, "ქართული ოცნების" დიდი უპირატესობით დამთავრდა. ამასთან, ოპოზიციასაც ჰქონდა ცრუ მოლოდინი, რომ ხალხი მათ მხარეს დაიჭერდა, მითუმეტეს, გარე ლიბერალური ძალებისგან უპრეცენდენტო მოლოდინის პირობებში. ამ დროს მმართველმა ძალამ იმდენად ზუსტად გათვალა პოსტ არჩევნების პერიოდი, ცოტა არ იყოს გაკვირვებას იწვევდა ბევრ "ურწმუნო თომაში" ოპტიმიზმის ასეთი მაღალი დონე. ყველა სცენარი, რომელიც შეეძლო ოპოზიციას გადაედგა, წინასწარ ცნობილი იყო და ოი, საოცრებავ! დიდი სიზუსტით ახდა წინასწარი პროგნოზი - დაიწყო ყოველგვარ ზღვარგადაცილებული ბაკხანალიის დემონსტრირება გამარჯვებულთა წინააღმდეგ. ოთხი წლის წინანდელი სცენარი ისევ გაცოცხლდა და მიდის გაუთავებელი ყიყინი მოპარულ(!), აქ ხალხის ნება-სურვილი, რომელიც დემოკრატიის სახელწოდებითაა ცნობილი, რომლის დევიზია "ყველაფერი ნებადართულია, არაფერი არ არის აკრძალული", არავის აინტერესებს, მე მინდა და გათავდა! დანარჩები პროზაა, რომელიც არც გვაინტერესებს!
ამის შემდეგ იწყება ოთხი წლის წინანდელ მოძველებული და კარგად დავიწყებული სცენარის გაცოცხლება. ლექსიკა არ იცვლება, "არჩევნები გაყალბდა"! ხალხს მოჰპარეს ხმები (თურმე!), ჩვენ სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ, სანამ არ დავიბრუნებთ ჩვენს გამარჯვებას ან უკიდურეს შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ევროპის ხელდასხმით ხელახალი არჩევნები, რაც ნიშნავს, სანამ ჩვენ თვითონ არ მივიტაცებთ ძალით და ზეწოლით არჩევნებს! სულ არ გვაინტერესებს, რას ფიქრობს ხალხი. ხალხი, ეს ჩვენა ვართ, ის რაღაც ამომრჩეველთა 37%, მთელ საარჩევნო სპექტრში და ჩვენ უნდა ვმართოთ ეს სახელმწიფო როგორც ჩვენ გვინდა ისე და არა როგორც ხალხს უნდა. უკვე ორ კვირაზე მეტი გავიდა და არ ჩაქრა მათი რევანშისტული მუხტი დიდი ძვრების მოლოდინში, რასაკვირველია, მათ სასარგებლოდ!
აშკარად გამოიკვეთეთა უცხო ქვეყნის პატრონებზე მიბმულობის პრინციპი, რომლებმაც მათი შავი ფულის გარეცხვის შესანიშნავი გზა იპოვეს, თან უკიდეგანო უფლებების მოპოვების სანაცვლოდ. ამ დროს, პროცესები საწინააღმდეგო ბუმერანგში ტრიალდება. ბოლომდე გაიშიფრა ამ ნეოლიბერალთა ნაშიერების კოლონიად წარმოდგენილი ქვეყნის საბოლოოდ დამონების მისია მერე, რომ გამოიყენონ მათი ავი მიზნების სათარეშოდ. ყველაზე დიდ სინანულს ის იწვევს, რომ ეს კეთდება გზასაცდენილ ქართველთა ხელით. კარგად ახსოვს საქართველოს სამასცხრა ქართული სირცხვილის შესახებ, მაგრამ რაც ხდება დღეს, ტექნოლოგიურად და ორგანიზაციულად იმდენად დახვეწილია, მართლაც შეშურდება მავანს მისი...
მოკლედ, "დემოკრატია" და "ხალხის ნება" იმდენად ჭრის უკვე ადამიანის ყურს, თუ დავფიქრდებით, მივხვდებით ამ სიტყვებმა ყოველგვარი ძალა და ხიბლი დაკარგა. მაინც საითკენ მიდის ურთიერთსიძულვილისა და "მე მინდას" უკომპასო გემივით აფრა აშვებული ერთი მუჭა, სიმდიდრის მოყვარულთა წივილ-კივილით აღსავსე ბრბოთა ორგია?! აი, რა არის საკითხავი! ისე, თუ ყოველგვარი კომპლექსებისგან თავისუფალ "ღვთიურ ცოდნას" მოვუხმობთ, დავრწმუნდებით, რომ ის რაც არსაიდან არ მოდის, დიდი ალბათობით, არსად არ მიდის! გამოდის, რომ აბსურდის თეატრი სახეზეა! მისი უნიჭო მსახიობები ხან აღმა დადიან და ხან დაღმა, მხოლოდ ეგ არის, ვერ გაუგიათ სად იწყება რეალობა და სად მთავრდება ილუზია! ავანსცენაზე ჯერ მხოლოდ დამბაჩების სილუეტები სჩანს, რამეთუ იმედი მაინც გააჩნიათ მოკლე ხანში "გამარჯვების" მისაღწევად, თორემ მათი თავდაჯერების მქონე პერსონათა სინერგიული ძალა თავისუფლად ეყოფოდა ერთ გენიოსთა მიერ დაგეგმილ რევოლუციას, რომელიც ყველას და ყველაფერს წალეკავდა... მათ გარდა, ვისაც ნოეს კიდობანში რომ ჰგონიათ თავი...
ყველა ხედავს, ასეთი უკიდეგანო რადიკალიზმი, ნეოლიბერალიზმის ნექტრით დაგესლილ აგრესიული ოპოზიციის მხრიდან ნაკარნახევია ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და რევანშის სურვილით,მომლის უკან დგას კეთილდღეობისა და სხვაზე უკეთ ცხოვრების დაკარგვის მოშიშართა სხვადასხვა ფერის ბრბო, რომელთათვისაც უკან დახევა სიკვდილის ტოლფასია. აკი კარგად ბრძანა ამაზე ბრძენმა: "ბედნიერება ისეთი იშვიათი რამ არის, როცა მას იპოვი, აუცილებლად უნდა შეინარჩუნო და ნაკლებად მნიშვნელოვანია მორალი და გადახდილი ფასი ამ ბედნიერებისათვის!", ამ დროს, ეტყობა მავანთათვის ყველაზე ადვილია იმ ვირტუალური (მათთვის!) სიყვარულის გაყიდვა, რომელიც სამშობლოს ეკუთვნის! სხვაგვარად შეუძლებელია მათი ცხოვრების წესის არსში ჩაწვდომა, რომელიც ძალიან შორს დგას ჭეშმარიტ მამულიშვილთა ზნეობისგან. მაგრამ სოლომონ ბრძენის უკვდავი სიტყვები ქადაგებს "არაფერია ცის ქვეშ ახალი". თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, პავლე სამსჯავროზე რომ იტყვის: "არა სიგიჟეს, არამედ ჭეშმარიტებას და სიწმინდეს ვქადაგებ"... თუმცა, იმ გზაარეულ მავანთა გონება გამყინვარებაშია ჩაკარგული და მისი გალხობის არანაირი ნიშანწყალი არ ჩანს უახლოეს თვალსაწიერში... ისე, შეგახსენებთ მათეს სახარებიდან ბოლო ჟამის სინანულს: "ვაი თქვენდა, ფარისეველნო, ორგულნო, რამეთუ შეჭამთ სახლებსა ქვრივთასა - ამისთვის მიიღოთ უმეტესი სასჯელი!"
...დღეს ძალიან ბევრი მოღვაწე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას თვლის პანაცეად ანუ ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემის მოგვარების გზას მასში ხედავს. რამდენად რელევანტურია ეს და გააჩნია თუ არა მას ხანგრძლივი პერსპექტივა? ვფიქრობთ, ყველაზე მეტი დაფიქრების საშუალებას იძლევა სწორედ ეს ხალხის უმეტესობაში გაბატონებული ზრი.
დღევანდელი ევროპა და კოლექტიური დასავლეთი ხომ არ იძირება ნეოლიბერალიზმის ჭაობში? იქნებ, საქართველოსთვის დრომ მოგვიახლოვა იქიდან ამოსვლის შანსი?! გვირაბის ბოლოში უკვე გამოჩნდა ჯერ კიდევ არაკაშკაშა შუქი? ამის თქმის საშუალებას იძლევა ის სლოგანი, რომელიც მთავარ მოტივაციად იქცა ამერიკაში უკვე მეორედ არჩევით მოსული ტრამპისთვის, რაც გულისხმობს მშვიდობისა და ოჯახურ ღირებულებებზე აქცენტის გაკეთებას! ახლა, როდესაც ევროკავშირის ტრიბუნიდან ისევ საქვეყნოდ ისმის, თუ საქართველო უარს იტყვის გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონებზე, ევროკავშირის კარები მისთვის გაიხსნება და პირდაპირ სამოთხეში აღმოჩნდება ქვეყანა?! აქედან ცხადია, დღევანდელ ევროპას, ამ მცირე ქვეყნიდან სწორედ ის აღიზიანებს, რაც ჩვენთვის ასეთი ისტორიული და ძვირფასია! ამის უკან რაც დგას, ჭკვიანი ადამიანებისთვის ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. ამით პირველი დარტყმა სწორედ იმ მთავარი საუნჯისკენ მიემართება, რომელიც დაგვიტოვეს ჩვენმა დიდმა წინაპრებმა. მასზე უარის თქმა იგივეა, უარყო ყოველი წმინდა რაც შენში დალექილა საუკუნეების განმავლობაში, რამაც თუნდაც დღევანდელ კაცობრიობას ბევრი საამაყო რამ მისცა. ყველაფერი ეს ხდება იმიტომ, რომ შენ აღიარე ევროპა ყოვლის მძლე ზღაპრულ ტიტანად საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად. მაგრამ დღითი დღე ვრწმუნდებით სრულიად საწინააღმდეგო აზრის არსებობის უპერსპექტივობაში.
რა ხდება დღეს? მსოფლიო გლობალურმა ჰეგემონმა 5 ნოემბერს უცებ უარი უთხრა ნეოლიბერალიზმს და მისი გადაფასება დააანონსა. ეს ნიშნავს, გადაიხედება აშშ-ს ჰეგემონია, რომელმაც შეიძლება დაღუპოს ეს ქვეყანა (საქსი). იგივე საქსი ამბობს, "...აშშ-ს გააჩნია განუსაზღვრელი ძალაუფლება. სად უნდა დახარჯოს მან ეს ენერგია? მხოლოდ ერთ რამეში, მსოფლიო გვინდა მოვარგოთ საკუთარ სურვილებს! რაში გამოიხატება ეს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა განვიხილოთ ორი აშშ-ის პოლიტიკა ბაიდენის დროს და ბაიდენის შემდეგ, ანუ ტრამპის დროს რა იქნება.
უნდა ითქვას, რომ დღეის მდგომარეობით აშშ-ს მსოფლიოს 83-ზე მეტ სხვადასხვა წერტილებში აქვს სამხედრო ბაზა განლაგებული. ამის მეშვეობით და სხვა საშუალებებით ახდენს თავისი "მწვანე მასის", დოლარის ექსპორტს, რომელსაც ხელოვნურად მინიჭებული აქვს მსოფლიოს ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის ლიკვიდურობის ხარისხი და ბეჭდავს განუსაზღვრელი რაოდენობით. ამ მხრივ საინტერესოა ასეთი მონაცემებიც: 1974-1989 წლებში, 42 წლის განმავლობაში "სი აი ეის" ორგანიზებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 64 რეჟიმის ცვლილება განხორციელდა! ქვეყანას, რომელსაც არასოდეს არ უომია თავის ტერიტორიაზე, ყოველწლიურად ხარჯავს თავდაცვის ხარჯებისთვის ტრილიონამდე დოლარს.
ავიღოთ თანამედროვეობის ყველაზე ტრაგიკული მოვლენა, რუსეთ-უკრაინის ომი. ამ ომში პირდაპირ თუ ირიბად ტრანსნაციონალური კორპორაციები არიან ჩართულები. მათ მიერ მსოფლიოში განლაგებული საჭირო რესურსების მეტი რაოდენობით ფლობისთვის სჭირდებათ აწარმოონ ომები, რომელიც კოლოსალურ მოგებასთან ერთად ამ სახელმწიფოების დაკაბალებასაც ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში ორმაგი სარგებლის პრინციპი გადამწყვეტია.
რუსეთ-უკრაინის ომში უკვე ჩართულია 50-ზე მეტი დასავლეთის სახელმწიფო. ეს ძმათა მკვლელი პროცესი უკვე თითქმის სამი წელია გრძელდება და მის დასრულებას ბოლო არ უჩანს! აქედან იბადება გონივრული ეჭვი იმის შესახებ, რომ ომის გახანგრძლივება ვიღაცის ინტერესებშია. აქ ხომ არ გვაქვს საქმე იმასთან, რომ ომის მანქანა მისი მოძველებული იარაღის გასაღებასა და თავისი არსენალის ახლით შევსებაზეა ორიენტირებული. სხვადასხვა მონაცემებით, მარტო აშშ-ის კორპორაციებმა ამ სიტუაციიდან 4 მლრდ დოლარამდე მოგება უკვე მიიღეს, უკრაინამ კი, ნულოვანი! ამ დროს უკრაინის სახელმწიფოს კაბალური ვალი შეადგენს 300 მლარდ დოლარს! ავიღოთ ბოლოს გამოყოფილი 60 მლრდ დოლარი. აქედან უკრაინაში წავიდა მხოლოდ და მხოლოდ 11 მლრდ, ანუ გამოყოფილი თანხის 18%! ამის მერე რამდენად ჯდება უკრაინა-რუსეთის ომი მავანთა ნეგატიურ თუ პოზიტიურ ინტერესებში, სრულიად ნათელია. აშშ-ის კონგრესის ერთ-ერთმა წევრმა დაუფარავად განაცხადა: რასაც ჩვენ უკრაინაში ვხარჯავთ, ამაზე უკეთესი ფული ჩვენ არ დაგვიხარჯავსო! რას ნიშნავს ეს? იმას ხომ არა წინ კიდევ უამრავი ნგრევა და ადამიანური მსხვერპლი ელოდება მსოფლიოს დაუცველ ქვეყნებს და ვინ იცის, ვინ აღმოჩნდება მათ მომაკვდინებელ ხაფანგში?!
გლობალური მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ აქამდე მოქმედი მსოფლიო წესრიგის მთავარი დოქტრინა იყო ომები, იმ სახელმწიფოებში, სადაც ინტერესთა სფერო იკვეთებოდა მათთვის მიუღებელი ხელისუფლების მხრიდან. ყოველივე ეს დემოკრატიის შენიღბული ფორმებით კეთდებოდა, რომლის უკან რეალურად იდგა "ლიბერალური ფაშიზმი" მთელი თავისი ავბედითი ზრახვებით. თავის დროზე ამ იდეოლოგიის მამამთავარ ბ. ბჟეზინსკის მთავარი გზავნილი იყო, მსოფლიოსა და რუსეთის, აშშ-ს დიქტატს დამორჩილება, რისთვისაც მთავარ ბერკეტს ნატოს გაფართოებაში ხედავდა. ცხადია, აშშ-ის ასეთმა ამბიციამ დღის წესრიგში დააყენა ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების იდეა, რომელიც მის ერთპოლუსიანობას ემყარებოდა. ცხადად გამოჩნდა ისიც, რომ მსოფლიო ჰეგემონიის ხანგრძლივად შენახვისთვის მარტო მაღალი ტექნოლოგიების მიღწევა საკმარისი არ არის. ამას სჭირდებოდა მძლავრი ეკონომიკური საფუძველი, რომლისთვის საჭირო რესურსები ერთი სახელმწიფოს ხელში ვერ იქნებოდა. ცნობილია, რომ აშშ-ის წილი მსოფლიოს მთლიან შიდა პროდუქტში შეადგენდა 20%-ს. (დღეისათვის 15%-მდე შემცირდა.) ამ დროს მეორე ადგილზე მყოფ იაპონიას ჩინეთმა უკვე გაუსწრო, რომლის საშუალო წლიური ზრდის ტემპი 5-6 %-ია, აშშ კი - 2,5%-ი!
ნიშანდობლივია ერთი ფაქტიც, რომელიც მსოფლიო დონის ექსპერტების მოსაზრებაა. ეს ეხება მსოფლიოში ეკონომიკის ზრდას 2038 წლისთვის. აქ უპირატესობა ჩინეთის მხარესაა, რომლის მოცულობა 38 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწევს, აშშ-ის კი - 37,5 ტრილიონის ფარგლებში იქნება. ამის ამოსაქაჩავად აშშ-ს თავისი უმაღლესი ტექნოლოგიებით დასჭირდება 8 წელიწადზე მეტი. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკული დოლარის ჰეგემონიით უმეტესწილად მიღწეული ეკონომიკურ უპირატესობას შეიძლება საფრთხე დაემუქროს. მითუმეტეს, მსოფლიო ვაჭრობაშიც აშშ-ს ხვედრითი წილიც შემცირების ტენდენციით ხასიათდება.
მსოფლიო ომების, მისი ლოკალური მასტაბების გათვალისწინებით, უმეტესობის უკან ბუნებრივი რესურსების ფლობის ინტერესები დგას. ამ მხრივ საინტერესოდ გვეჩვენება დედამიწაზე არსებული დაზვერილი ბუნებრივი რესურსების მოცულობის სტრუქტურა და გეოგრაფიული განლაგება. თანამედროვე მაღალი ტექნოლოგიების შესაქმნელად ისეთი სახის ბუნებრივი რესურსები გამოიყურება, როგორიცაა: ლითიუმი, ურანი, ქვანახშირი, ნავთობი, იშვიათი მიწამეტალები. ამის გარეშე მსოფლიო ინდუსტრიის განვითარება შეუძლებელია. აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ტერიტორიას, რაშიც რუსეთის ფედერაციას გააჩნია არსებითი უპირატესობა. ამ მხრივ გამოირჩევა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიც.
ღირებულებითი მაჩვენებლების მიხედვით პირველ ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს, რომელსაც გააჩნია 75 ტრილიონი აშშ დოლარის ქვანახშირის, ნავთობის, ოქროს, ბუნებრივი აირისა და იშვიათი მიწამეტალების მარაგები. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ საპროგნოზო მონაცემებით, მისი რესურსული პოტენციალი 140 ტრილიონი დოლარის ფარგლებშია. განსაკუთრებით ბუნებრივი აირის სარეზერვო მოცულობა 0,037 კვადრილიონი კუბური მეტრია, რაც გლობალური მარაგების 20%-ს შეადგენს.
მეორე ადგილზეა აშშ-ი, 45 ტრილიონი დოლარის რეზერვებით, მესამეზე, საუდის არაბეთი, რომლის სანავთობო რეზერვი 34 ტრილიონი დოლარია. მსოფლიო ხუთეულში კანადა, ირანი და ვენესუელაც შედის.
აქვე უნდა ითქვას არქტიკის სიმდიდრის შესახებაც, სადაც დომინანტი ისევ რუსეთია. იქ მთლიანად განლაგებულია მსოფლიოში აუთვისებელი ნავთობის 13%, ბუნებრივი აირის - 30%. ამ სიმდიდრიდან რუსეთი აკონტროლებს 22 ტრილიონის, ხოლო აშშ-ი, 8 ტრილიონის რესურსების საბადოებს.
ეს მონაცემები მეტყველებს იმაზე, თუ საით გადაწონის მსოფლიო განვითარების ვექტორი და ვის კონტროლქვეშ აღოჩნდება კაცობრიობა უახლეს მომავალში. ახალი მსოფლიო წესრიგის იდეაც დროული სჩანს, მაგრამ არა ერთი რომელიმე ქვეყნის ჰეგემონიით ნაკარნახევი. დღევანდელი გადასახედიდან არც ისაა შემთხვევითი კოლექტიურ დასავლეთს ისეთი გლობალური გაერთიანება უპირისპირდება, როგორიც ბრიკს-ია. ესეც, ჩვენი აზრით, დროის მოთხოვნითაა ნაკარნახევი, რაც გლობალურ მოთამაშეთა ინტერესების მაქსიმალურ გათვალისწინებას გულისხმობს. ეს ალტერნატიული წარმონაქმნი, თუ შეინარჩუნებს ერთიანობას, მსოფლიოში ძალთა გაწონასწორების ერთ-ერთი ფაქტორი გახდება. ეს კი გაზრდის კონკურენციულ გარემოს, რაც პროგრესს შეუწყობს ხელს.
ბრიკსის ეკონომიკური სიძლიერე მეტად დამაფიქრებელია, სადაც ჯერჯერობით ოფიციალურად 9 სახელმწიფოა. მასში გაწევრიანების სურვილი კიდევ 27-მა ქვეყანამ გამოთქვა. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ამ ქვეყნებში ცხოვრობს მსოფლიო მოსახლეობის 57%. ისინი იძლევიან მსოფლიო წარმოების 47%-ს. თუ გადავხედავთ მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო წლიური ზრდის ტემპს, ასეთია: ბრიკსის ქვეყნებში ის შეადგენს 5%-ს, ხოლო აშშ-ში, 2%-ია! პერსპექტივაც დამაიმედებელია პირველის სასარგებლოდ.
აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ მსოფლიო ახალი წესრიგის კონფიგურაცია ძირეულად იცვლება და უახლოეს 15-20 წელიწადში კაცობრიობა სრულიად ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდება. რაც შეეხება საქართველოს ადგილს, საჭიროა ასეთ მეგამოთამაშეებთან მიმართებაში სწორი და საკუთარ ინტერესებზე მორგებული სტრატეგიის შერჩევა. ასე, რომ საქართველო არ შეიძლება აღმოჩნდეს ლიბერალების ხელში, რომლებისთვისაც მამული, ენა და სარწმუნოება წარსულიდან შემთხვევით გადმოხვეწილი თითიდან გამოწოვილი პოსტულატებია. არადა, ეს ქართველი ერის გონების ისტორაში ჩაკირული ღირებულებებია საუკუნეებიდან აღმოშობილი.
დღევანდელი რეალური მდგომარეობა საქართველოში, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნა, მეტყველებს იმ მოღალატეთა სიჭარბეზე, არა მარტო საკუთარი თავის, არამედ ქვეყნისაც, როლებსაც საკუთარი კეთილდღეობის მოპოვება უზენაეს მიზნად გაუხდიათ სახელმწიფოს ხარჯზე. მათი უარგუმეტო არგუმენტაცია უკვე მარაზმშია გადასული, საიდანაც გამოსავლის ძიება საკუთარი სახის შენარჩუნებით, წარმოუდგენელია და არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.
ფაქტია, წყალწაღებულთა გნიასი არ წყდება და გადართულები არიან ქვეყნის გარეთ მაშველი როლის ძიებაზე, სადაც იმედს ეძებენ პოლიტიკურ სანაგვეში გადასროლილი მანქურთების დასავლურ პერსონებში, რომლებსაც ქუჩის ძაღლების სიბრალული უფრო აღელვებთ, ვიდრე ქვეყნის მოყვარული ადამიანების ბედი. ამ დროს მედროვეთა და ძეშეცდომილთა უკანა რიგებში მდგომთა გნიასი შეშინებული მელიის თვალებით საკუთარ კუბოებს უკანასკნელ ლურსმანს აჭედებენ. მათზე უნდა ითქვას, ნეტარ არიან მორწმუნენი, რადგან არ იციან რასა იქმნ და როგორ მიემართებიან საკუთარი ფეხებით მარადიული ჯოჯოხეთისაკენ.
გვახსოვდეს რაბლეს შემოძახილი: კარიმარა! მხოლოდ წინ გამარჯვებისკენ!
ისე, ქართველებს ბევრი ფიქრი და განსჯა გვმართებს იმისთვის, რომ გავაცნობიეროთ გულდამწვარი პოეტის ნათქვამი "...ტირილით დადის დამარცხებულ საქართველოში სული ჩემი და გამარჯვებულ სამშობლოს ეძებს".
მურმან კვარაცხელია,
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.