ზაურ ნაჭყებია: ლიტსექტაც... სექტაა!

ზაურ ნაჭყებია: ლიტსექტაც... სექტაა!

ამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში სტატუსი დავდე სათაურით: „სექტა... მაინც სექტაა“. სტატუსს, რომელიც პარტიულ ფანებს (უაზროდ აჟიტირებულ სექტანტებს) ეხებოდათ, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რა თქმა უნდა, სექტანტებისგან საკმარისზე მეტი შეურაცხყოფაც მივიღე, თუმცა, იმის შიშით, ვიღაცა პირს აიმყრალებს და დაუმსახურებლად „დაგსჯის“, სათქმელი მაინც უნდა ითქვას - როგორც იტყვიან, ღმერთი ზევიდან იყურება!


* * *


პარტიულ სექტანტებზე არანაკლებ აგრესიულები და უთავმოყვარენი არიან ლიტსექტანტებიც - თუ პირველნი თავიანთი უგუნურებითა თუ შეგნებული მავნებლობით საფრთხეს უქმნიან ქვეყნის მომავალს, მეორენი მდარე ხარისხის „მაკულატურით“ და ერთმანეთისადმი სოლიდარობით აქვესკნელებენ ოდესღაც ზენიტზე მყოფ ქართულ ლიტერატურას!


აბა ერთი გაბედე და რამე წამოგცდეს მათი მისამართით - ჭეშმარიტებას რომც ღაღადებდე, ისე დაგეძგერებიან, როგორც სალაფავზე გამოსული ძერა მიზანში ამოღებულ წიწილას! მერე რა, თუ კამათის კულტურაზე საერთოდ მწყრალად არიან - არც არგუმენტები აინტერესებთ, თუ რატომ გაბედე და მათ „წმიდათაწმიდა სალოცავს“, ანუ პრაქტიკაში დამკვიდრებულ უმსგავსობას შეეხე.


* * *


სექტა რისი სექტაა რამე გაპატიოს, ან უკან დაიხიოს?! ჯერ უხეშად დაგამუნათებენ, რატომ იჭრები მათ პირად სივრცეში (არამკითხე მოამბეობას დაგწამებენ), ხოლო, შემდეგ განაჩენსაც გამოგიტანენ - ბოროტი, შურიანი და დაუნახავი ხარ, არ აცლი (არ შეარგებ) ადამიანებს სიყალბით ტკბობას!


იმაზე ნაკლებად ფიქრობენ, ამ უთავმოყვარეო, აბდაუბდა „შედევრებით“ გატენილი კასტის რა უნდა შეგშურდეს?! პირიქით, იმდენად თავხედები არიან, „გიმტკიცებენ“, რომ მათი „შემოქმედება“ ძალიან შთამბეჭდავია და დრო ყველაფერს დაალაგებს!


მრავალგზის მითქვამს: ამ უნიჭოთა და თვითმარქვია პოეტების გაჯეჯილების მიზეზი ლიტერატურული კრიტიკის არქონა და მეტ-ნაკლებად ჯერ კიდევ შემორჩენილი ლიტკრიტიკოსების ჩირგვში დამალვაა - ყველას ეშინია ლიტსექტიდან გადმოღვრილი აგრესიის! იმაზე კი ნაკლებად ფიქრობენ, რომ თუ ასე გაგრძელდა (დღევანდელი განწყობით, ეჭვგარეშეა რომ ასე გაგრძელდება), თანამედროვე ქართული ლიტერატურა „გავიქნიე ხელი, ფეხის“ დონეზე დარჩება!


მტკიცება არ უნდა, რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურულ სივრცეში გაბატონებული მარაზმის (სხვა სიტყვას ვერ დავარქმევ) მიზეზი, სახელმწიფოს მხრიდან ლიტერატურის განვითარებით დაუინტერესებლობა და არსებული (ტრადიციული) თუ ახლადშექმნილი პროფესიული ლიტერატურული ორგანიზაციების სრული უპასუხისმგებლობაა.


თუ ტრადიციული მწერალთა კავშირი, რომელსაც არაპროფესიონალიზმს ვერ დასწამებ, ცრუ განდიდების მანიით შეპყრობილთა თავშესაფრად იქცა, ძალადშექმნილი ლიტორგანიზაციები (ჭრელა-ჭრულა „შემოქმედებითი“ გაერთიანებები) საერთოდ გვაოცებენ წერა-კითხვის უცოდინართა (შეფასება პირობითია) სიმრავლით. უკვე იმდენად გაუტკბათ, პირადობის მოწმობებსაც არიგებენ, რომელსაც სოციალურ ქსელში მრავლად იხილავთ...


გუშინ, სწორედ სოცქსელში ერთ-ერთი „შემოქმედებითი გაერთიანების“  მიერ გაცემული მოწმობის პირადობის აფრიალების გამო დაწერილმა ჩემმა კომენტარმა ჩემს წინაღმდეგ დაგეშა გაერთიანების ლიტსექტა - რაც მე დღე მაყარეს...


თუმცა, როცა დისკუსიაში ვერ შემოვიდნენ, დამბლოკეს და როგორც ამბობენ, სტატუსიც წაიშალა...


ცალკე საუბრის თემაა ასეთი შემოქმედებითი გაერთიანებების“ მიერ გამოცემული ე.წ. კოლექტიური კრებულები, რომელიც ვერანაირ ლიტერატურულ კრიტიკას ვერ უძლებს, არადა  ტომობით კი ხვავდება...


* * *


- „დაანებე თავი, თავიანთი ჭია გაახარონ“ - მოსაყვედურებს მავანი. ჩემი პასუხი მარტივია: ვისაც საკუთარი ჭიის გახარება სურს, რაღა ლიტერატურაში უხეირო ექსპერიმენტების ჩატარებით ცდილობს, რომ ფონს გავიდეს?! ლიტერატურა ხომ უნიჭოთა და უგემოვნოთა გასართობი არენა არ არის?!


და ბოლოს: რაც არ უნდა აბუჩად ამიგდოთ და აგრესიის ნიაღვარი დააყენოთ, ჩემს მოკრძალებულ სათქმელს ყოველთვის ვიტყვი. მისიას შესრულებულად ჩავთვლი, თუ ერთ ლიტსექტანტს მაინც დავაფიქრებ და უაზრო ამბიციაზე ხელს ავაღებინებ!


 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: