...როცა ჭარბი დემოკრატიაც საშიშია!

...როცა ჭარბი დემოკრატიაც საშიშია!


„მე მაქვს ქართველი ხალხის ჭარბი ნდობა“ - თქვა რამდენიმე წლის წინ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და სხვადასხვა დროს, სხვადასხვა კონტექსტში რამდენჯერმე გაიმეორა კიდეც!


მაშინ სიტყვა „ჭარბი“-სთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ვიფიქრე, როგორც ქველმოქმედს და 2012 წლის 2 ოქტომბრის შემოქმედს, ხალხი განსაკუთრებულად ენდობა-მეთქი! არადა, ჭარბად არც ნდობა შეიძლება. ყველაფერში ზომიერებაა საჭირო!


რატომ გამახსენდა ახლა ეს?!

 

* * *

 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წლებში იგივე ბიძინა ივანიშვილმა დადო პირობა, რომ ჩვენ ევროპას „ქართული დემოკრატიით“ გავაოცებდით!


გამოვტყდები, კრიტიკულად ამ გამოთქმისთვისაც მაშინ არ შემიხედავს - ვიფიქრე, მხოლოდ სიტყვის მასალად იყენებს და ევროპას უმტკიცებს, რომ სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმი წარსულს ჩაბარდება და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში საფრთხე არ შეექმნება-მეთქი!


ისე, დემოკრატია (ჭეშმარიტ დემოკრატიას ვგულისხმობ) კარგი რამეა, მაგრამ, ჯაბა იოსელიანის „ფრთიანი“ გამოთქმისა არ იყოს, ლობიობა ნამდვილად არ არის! სამწუხაროდ, სხვაგან როგორაა არ ვიცი, მაგრამ ქართველებისთვის მისი უდიდებულესობა დემოკრატია, ოპიუმი აღმოჩნდა - ყველა „მოწამლა“, მისი არსი კი დამახინჯებულად გავიგეთ! ყალბად გაგებულმა დემოკრატიამ სადამდე მიგვიყვანა, კარგად ჩანს, თუნდაც, რუსთაველზე განვითარებული დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციის ფონზე...


ჩვენ მართლაც გავაოცეთ ევროპა ქართული დემოკრატიით - სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ყველაფრის კადრებაში აგვერია და როგორც კი ვიღაცის (თუნდაც დამნაშავის) პასუხისმგებლობაზე მიდგება საქმე, ეგრევე აკაკანდება ე.წ. მე-5 კოლონა და დღევანდელ ხელისუფლებას უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს! არც შერცხვებათ ყველაფერზე წამსვლელ დამნაშავეს პოლიტიკური პატიმარი უწოდონ, პიროტექნიკისა და მოლოტოვის კოქტეილებით შეიარაღებულ (არა მარტო შეიარაღებულ) პროტესტანტებს - მშვიდობიანი მომიტინგეები, სამართალდამცავების კანონიერი მოქმედება კი, ძალის გადამეტებად მონათლონ (ვადასტურებ, რომ ცალკეულ შემთხვევებში იყო ძალის გადამეტების მაგალითებიც).


დასკვნა მარტივია: თუ სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმი ადამიანებს სულს უხუთავდა და ქვეყანას დიქტატურისკენ მიაქანებდა, სადაც გამოხატვის თავისუფლება ნულს უტოლდებოდა, ივანიშვილის დასავლეთისთვის მიცემულმა პირობამ, რომლის დედააზრი ქვეყანაში ჭარბი დემოკრატიის დამკვიდრებად შეიძლება ითარგმნოს, სახელმწიფო ინსტიტუტები სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენა!


დემოკრატია, თავისი არსით, რა თქმა უნდა, სჯობს დიქტატურას, მაგრამ ჭარბი არც დემოკრატია ვარგებულა - ყველაფერი კანონის ჩარჩოებში უნდა მოექცეს, რომ დამნაშავეს შეგნებული დანაშაულის სურვილი დაეკარგოს, ხოლო ქვეყანა, მუდმივი ქაოსისგან ვიხსნათ. სხვანაირად, სახელმწიფოს ჩამოშლამდე ნახევარი ნაბიჯია!


არა ჭარბ დემოკრატიას!


გაუმარჯოს კანონის „დიქტატურას“!


ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: