კრებსითი მოღალატეები ტოპტვინიკოსის მანტიაში!
ადრე, სოციალურ ქსელში პირველ ნაბიჯებს რომ ვდგამდი და ფეისბუქის „ლომობას“ ვაპირებდი, ვცდილობდი, ყველა ჩემთვის მიუღებელი პოზიცია კომენტარის (რეაგირების) გარეშე არ დამეტოვებინა - დიახ, ყველას „ხურდას“ ვუბრუნებდი და ძალიან განვიცდიდი, რომ არგუმენტებიც არ ჭრიდა, მაინც თავისას „უბერავდნენ“. ბილწი ლექსიკა და შეურაცხყოფათა კორიანტელი ხომ სახსენებელიც არ არის!
თანდათან მივხვდი, რომ ამაოდ ვხარჯავდი დროსა და ენერგიას - არგუმენტები არავის აინტერესებდა და ვერც მათ ცნობიერებაზე „ვაკაკუნებდი...“
* * *
გულწრფელად ვიტყვი, პროფესიული ინტერესიდან გამომდინარე, დღესაც სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი ვარ - ყველაფერს ვხედავ (რაც ჩემი ინტერესის სფეროშია), ყველაფერს ვაკვირდები. ხშირად სტრიქონებს შორის ჩამარხულ აზრებსაც ვკითხულობ, ზეპირად ვიცი, ვინ რითი სუნთქავს - ვინ გულწრფელია საკუთარ ემოციებში და ვინ ფარისევლობს!
ძირითადად ორი კატეგორია შემიძლია გამოვყო: „ფეისბუქის ლომები“, რომლებიც გარკვეულ დავალებას ასრულებენ და ყოველთვის „პირველ ჩვენებას“ აწვებიან (მათზე არანაირი არგუმენტი არ მოქმედებს) და ასევე „ფეისბუქის ლომები“, რომლებიც მყრალი ლექსიკითა და არაადამიანური ბულინგით ცდილობენ განსხვავებულად მოაზროვნეთა დაშამათებას!
რა თქმა უნდა, ორივე მავნებელია - მათი მიზანი საზოგადოების ცნობიერებაზე ზემოქმედება და სახელმწიფოსთვის ძირის გამოთხრაა!
დამეთანხმებით, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ბევრი რამ გადააფასა. ყველაზე მთავარი, რაც გამადიდებელი შუშის გარეშეც იკითხება, ადამიანებმა თვითლუსტრირება მოახდინეს, რაც, ერთის მხრივ, კარგია, მეორეს მხრივ კი, სასტიკი განაჩენი... ასეთი ფერიცვალება უნდობლობის ბარიერს აჩენს - უკვე გიჭირს, ვის ენდო, ან საერთოდ, ენდო თუ არა ვინმეს! არადა, ადამიანურ ურთიერთობებში უნდობლობა კოშმარად შეიძლება იქცეს - ვიღაცასთან ხომ უნდა იმოგობრო, ვიღაცასთან ხომ უნდა იურთიერთობო?
* * *
საკმაოდ ბევრი ე.წ. ფეისბუქმეგობარი მყავს სოციალურ სივრცეში, მათ შორის, რეალური მეგობრებიც არიან (ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე მეგონა), რომლებმაც ყველა წითელი ხაზი გადალახეს და სოციალურ ქსელში ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკით ყელყელაობენ. ვერ ვიტყვი, რომ ზოგიერთი მათგანი უწიგნურია, მათი ფეისბუქსტატუსებიდან კარგად ჩანს, რომ ბევრი რამ წაუკითხავთ, ისტორიული პარალელების გავლებასაც ცდილობენ ბოლო დღეებში რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებთან, მაგრამ მათ რიტორიკაში ყოველთვის საქართველოს სიძულვილი და თეთრის შავად წარმოჩენის მცდელობა იკითხება - აკეთებენ წინასწარ აკვიატებულ პროგნოზებსაც:
რომ,
ხელისუფლება დღეს თუ ხვალ ჩამოიშლება!
რომ,
„ქართული ოცნების“ ლიდერშიპი გაქცევას ვერ მოასწრებს!
რომ,
თუ ახალი არჩევნები არ დაინიშნა, ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირება და ხელისუფლების ძალადობით დამხობა არ აცდება!
რომ,
დღეს საქართველოს ერთ-ერთი ლეგიტიმური ხელისუფალი, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია და ხელისუფლებას თუ საკუთარი თავისა და სახელმწიფოს გადარჩენა უნდა, მისი წინადადება (ხელახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე) უპირობოდ უნდა მიიღოს!
რომ,
სასწრაფოდ უნდა გადადგეს დღევანდელი მთავრობა და იგი ჩანაცვლდეს ე.წ. „ტექნიკური მთავრობით“!
რომ,
ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს საერთაშორისო ორგანიზაციების პატრონაჟით (ჰაჰაჰაა, რა გარანტია გვაქვს, რომ ე.წ. საერთაშორისო თანამეგობრობა დღევანდელ კრიმინალურ ოპოზიციას გამარჯვებულად არ გამოაცხადებს?) და ა.შ. და ა.შ.
სხვათაშორის, მათი „პროგნოზები“ ყოველთვის სასურველის (მიცემული დავალების) რეალურად წარმოჩენას ემსახურება და არასდროს მართლდება. მაგალითისთვის მარტო უკრაინასთან რუსეთის მყისიერად დამარცხების და რუსეთის სახელმწიფოს ჩამოშლის „პროგნოზირებაც“ კმარა!
ასეთ ტოპტვინიკოსებს, უკვე საუბარიც კი ზედმეტად მიაჩნიათ, სინამდვილეში გაყალბდა თი არა 26 ოქტომბრის არჩევნები. მეტიც, არანაირი მყარი არგუმენტი, თუ რატომ უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, არ გააჩნიათ - მე-5 კოლონას (მათ პატრონებს) ასე უნდა და მორჩა! თუ მარტივად ვიტყვით, „ქართული ოცნება“ მათთვის (მათი პატრონებისთვის) მიუღებელია, რადგან, იგი უარს ამბობს „ევროპულ მომავალზე“ და არ ასრულებს ე.წ. „გლობალური პარტიის“ მოთხოვნას: გააუქმოს ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ინიციატივები („გამჭვირვალობის“ კანონი და კანონი „ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“).
ტოპტვინიკოსთა აზრით, თუ სამოქალაქო დაპირისპირება ვერ მოხერხდა და სახელმწიფო გადატრიალებას ვერ მიაღწიეს, არსებობს მეორე გზა - ეკონომიკური კოლაფსი, რომლის გამოწვევისთვის, თურმე, მზად არის კოლექტიური დასავლეთი.
როცა,
ასეთი „ნარატივით“ აშინებ საკუთარ მოსახლეობას და ფაქტიურად ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებ, მოღალატე, ორ გროშად გაყიდული ხარ, აბა ვინ ჩემი --------- ხარ?!
როცა,
ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლად სტაჟიან აგენტს, რეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ასახელებ და მის წინადადებაზე ხელისუფლების უსიტყვო მორჩილებას ითხოვ, მოღალატე ხარ, აბა ვინ ჩემი ---------- ხარ?!
როცა,
არჩევნების გაყალბება-არგაყალბება არ გაინტერესებს და მაინც ხელახალი არჩევნების დანიშვნას აწვები, მოღალატე ხარ, აბა ვინ ჩემი --------- ხარ?!
ასეთები ძალიან ბევრია ჩვენს გვერდით, ჩვენს რეალობაში და მათი კრებსითი სახელი ასე იშიფრება - სამშობლოს მოღალატე!
P.S. დარწმუნებული ვარ, ხელოვნურად აგორებული ქარიშხალი მშვიდობიანად გადაივლის, ქართველი ხალხის უმრავლესობა აცნობიერებს ობიექტურ რეალობას - იგი არ წამოეგება სულგაყიდული უმცირესობის ანკესზე და ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს.
საბოლოო სიტყვა ხომ მაინც უფალს ეკუთვნის!
ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი