როდისთვის ველოდოთ შედევრებს?! ანუ, როცა უტიფრობასაც არა აქვს საზღვარი!
ამ ბოლო დღეებში, სოციალურ ქსელში სისტემატურად ქვეყნდება თანამედროვე ნიჭიერი პოეტის - ლევან ფანჩვიძის არაჩვეულებრივი სონეტები. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ლევანი ქართულ სინამდვილეში სონეტების დიდოსტატია!
მე ყოველთვის დიდი ინტერესით ველოდები სოციალურ ქსელში ამ ნიჭიერი კალმოსნის მომდევნო გაბრწყინებას.
ასე იყო დღესაც. გულწრფელად ვიტყვი: მისი ყველა სონეტი ერთმანეთზე უკეთესია.
რატომღაც დამაინტერესა, რამდენი კომენტარი და მოწონება ჰქონდა მის სონეტებს სოციალურ ქსელში და გულწრფელად გითხრათ, გაოცებული დავრჩი: იმაზე ათჯერ ნაკლები, ვიდრე, ჩვეულებრივი ლექსმწერების ნაცოდვილარს!
თუმცა, არაფერი მიკვირს - ჭეშმარიტი შემფასებელი თანდათან გზას უთმობს შარლატანებს, რომლებსაც ჰყოფნით თავხედობა - „შედევრია“ და „გენიალურია“ არ დაიშურონ ასევე იმ თავხედების მიმართ, რომლებსაც წარმოდგენა არა აქვთ, რა არის ჭეშმარიტი პოეზია და რას ნიშნავს პოეზიაში - „შედევრი“.
...
სიტყვა „შედევრზე“ გამახსენდა.
ორიოდე დღის წინ, ერთმა ფეისბუქმეგობარმა რჩევა მკითხა:
რაღაც კოლექტიური კრებული მზადდება სახელწოდებით: „შედევრები“ (როგორც გავიგე, „21-ე საუკუნის ქართული პოეზიის“ ეგიდით) და მირჩევთ თუ არა საკუთარი ლექსები გადავაგზავნოო.
მეგონა მომესმა და ვთხოვე ისევ დაუკონკრეტებინა გამოსაცემი კრებულის სახელწოდება. გაირკვა, არ მომესმა - თურმე „შედევრები“-ს გამოცემას აპირებს ზემოთ ნახსენები ლიტერატურული ჯგუფი!
ამაზე მეტი თავხედობა და მკითხველის სულში ჩაფურთხება რა გინდათ?!
არა მგონია, იდეის ინიციატორებმა არ იცოდნენ, რას ნიშნავს სიტყვა: „შედევრი“. თუ არ იციან და მთლად ასეთი ჩამორჩენილები არიან, შევახსენებ შედევრი განმარტებას:
„შედევრი“ - ხელოვნების ნიმუში, რომელიც მაღალი ოსტატობითაა შესრულებული.
და კიდევ:
„შედევრი“ - სანიმუშო ნაწარმოები, ხელოვნების ოსტატობის უდიდესი მიღწევა.
ახლა მე თქვენ გეკითხებით, ვის შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია „ხელოვნების ოსტატობის უდიდეს მიღწევაზე“ „21-ე საუკუნის ქართული პოეზიიდან“?!
ეს ხომ არა მარტო საკუთარი თავისა და გაბრიყვებული ავტორების, არამედ, ქართველი მკითხველის შეურაცხყოფა, მეტიც, სულში ჩაფურთხებაცაა?!
რამდენად უპასუხისმგებლო და თავხედი უნდა იყო, ასეთი სიბრიყვე თავში მოგივიდეს?! თქვენ კიდევ, ზოგ-ზოგიერთები გადმოდგებით და მე მამუნათებთ: ნუ ღელავ, დრო ყველაფერს გამოარჩევს და თავის სახელს დაარქმევსო!
უკვე მერამდენედ გეუბნებით: ასეთი დოყლაპიობით მხოლოდ „შედევრებით“ თუ ავავსებთ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას!
ფულზე დაგეშილობა და ზეამბიციურთა გაბრიყვებაც მესმის, მაგრამ, ამასაც უნდა ჰქონდეს საზღვარი!!!
P.S. არავისი არ მშურს, არავის ჯიბეში არ ვუძვრები, მაგრამ, ასეთ თავხედობას ვერ გავატარებ!
ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი