არაპროფესიონალები, თეთრხალათიანი „ჯალათები“ და უკონტროლოდ მიშვებული ჯანდაცვის სისტემა!
ნათქვამია: „კაცმა ჭირი მალა, ჭირმა თავი არ დამალაო“!
გასაგები მიზეზების გამო, ვცდილობ გაგებით მოვეკიდო დღევანდელი ხელისუფლების საშინაო პოლიტიკას და საქართველოს კოლექტიური მტრების წისქვილზე არ დავასხა წყალი. თუმცა, ჩნდება თემები, რომელსაც ვერ დამალავ, რადგან „ჭირი“ თავისით ამოხეთქავს ხოლმე!
* * *
ფარმაბიზნესის მესვეურთა გაძლიერებულ მადაზე (როცა მოგების ნიშნული ხშირად 1000 პროცენტსაც აჭარბებს!) ყველას კარგად მოეხსენება და ახალს არაფერს ვიტყვი. ერთს კი დავსძენ: მიუხედავად იმისა, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ვცხოვრობთ და, ამდენად, ყველაფერს ბაზარი არეგულირებს, სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოების ველური ბაზრისთვის მიგდება დანაშაულია, მითუმეტეს, ისეთ მოწყვლად ქვეყანაში, როგორიც საქართველოა!
სოციალისტური სისტემიდან (რაც თავის არსში სოციალურ გარანტიებს გულისხმობდა) კაპიტალიზმზე გადასვლის მტკივნეული პროცესები საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა, საკუთარ თავზე იწვნია და მოსახლეობა სოციალური გარანტიების გარეშე დარჩა. თუმცა, ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ სახელმწიფომ ყველაფერზე ხელები დაიბანოს და საკუთარი ხალხი ამ ე.წ. ველურ ბაზარს საჯიჯგნად მიუგდოს!!!
დიახ, სახელმწიფოს აქვს ბერკეტები არეგულიროს ეკონომიკური პროცესები ქვეყანაში - დააწესოს მოგების მაქსიმალური ზღვარი, შეზღუდოს ხელოვნური მონოპოლიები (ამისთვის არსებობს კიდეც ანტიმონოპოლიური სამსახური, რომელსაც, თუ არ ვცდები, ახლა კონკურენციის სამსახური ჰქვია). თუმცა, პრაქტიკაში მსგავსი რამ არ ხდება და ამის მიზეზი, სახელმწიფო ჩინოვნიკთა ინტერესებში იმალება - ისინი ლობირებენ ნებისმიერ ბიზნესს და ხელს გვარიანადაც ითბობენ. საბოლოო ჯამში, იძარცვება რიგითი მოქალაქე!!!
* * *
ჯანდაცვის სფეროში სერიოზული პრობლემები რომ არის, აქამდეც ვიცოდი, მაგრამ, როცა პირადად შევეჯახე, გაოგნებული დავრჩი - ვის ხელშია დღეს საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეზე (ჯანმრთელობაზე) ზრუნვა და სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს არაპროფესიონალიზმმა, გულგრილობამ და დანაშაულებრივმა უპასუხისმგებლობამ?!
ცალკე საუბრის თემაა სისტემაში ჩაბუდებული პროტექციონიზმი!
„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, „ნაციონალებისგან“ განსხვავებით (მათთვის ადამიანის სიცოცხლე ორ შაურადაც არ ფასდებოდა!), საყოველთაო (სამედიცინო) დაზღვევის სისტემა შემოიღო და ამით გარკვეული სოციალური გარანტიებიც შეუქმნა მოსახლეობას, რისთვისაც მადლობის მეტი რა გვეთქმის (12 წლის განმავლობაში მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ისარგებლა კიდეც ამ სიკეთით). თუმცა, ერთია, როცა სახელმწიფო სოციალურ გარანტიებს აწესებს საყოველთაო დაზღვევის სახით, მეორეა, რამდენად ხარისხოვანია სამედიცინო მომსახურება ქვეყანაში და როგორ ხდება ჯანმრთელობის დაზღვევისთვის გამოყოფილი თანნხის ათვისება?!
პირდაპირ ვიტყვი: საქართველოში საყოველთაო დაზღვევა კერძო სამედიცინო ობიექტების გამდიდრების წყაროდ იქცა - თუ ხელში ჩაგიგდეს, დიაგნოზს ხელოვნურად დაგიმძიმებენ, რომ მსუყე ლუკმას გამოჰკრან ხელი!
კაცმა რომ თქვას: მაგათგან რა მიდის - ფულს სახელმწიფო იძლევა და ხომ უნდა აითვისონ?!
აქსიომაა: ავადმყოფს ხეირიანად რომ უმკურნალო, ზუსტი დიაგნოზი უნდა დაუსვა, შემდეგ ზუსტად მისადაგებული მედიკამენტოზური მკურნალობაც უნდა ჩაუტარო.
მოდით, დავიწყოთ დიაგნოზით. საკუთარი ოჯახის წევრის მაგალითზე გამოვცადე, რამდენად ზუსტია საქართველოში არსებული კლინიკების სამედიცინო დასკვნები და, შესაბამისად, რამდენად სწორი მკურნალობა უტარდებათ ავადმყოფებს!
ერთადერთი, რაშიც ძალიან ყოჩაღები არიან, სადაზღვევო პოლისით გამოყოფილი თანხის ათვისებაა. კიდევ ვიმეორებ: მაქსიმალურად ცდილობენ დაამძიმონ სიტუაცია, რომ რაც შეიძლება მეტი მოგება მიიღონ! თუმცა, მკურნალობის ხარისხით თუ ვიმსჯელებთ, მთლიანობაში, მილიონობით თანხა წყალშია გადაყრილი. მინდა მჯეროდეს, რომ უფრო არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე, ვიდრე შეგნებულ დანაშაულთან, რომელსაც ადამიანთა სიცოცხლე ეწირება!
ცხადია, ჯერ სწორი დიაგნოზი უნდა დასვა (დიაგნოზი თურქეთში დასვეს!), რომ მკურნალობაც ეფექტური იყოს. ჩვენს შემთხვევაში, უფრო არასწორ მკურნალობასთან გვაქვს საქმე, რომელმაც სერიოზული გართულებები გამოიწვია!
წარმოიდგინეთ, ავადმყოფსარასწორადგაუკეთესგადანერგვადახუთჯერჩაუტარდაქიმიოთერაპია, რომელიც,თურმე,არსჭირდებოდა.
დასკვნათავადგამოიტანეთ!
როცა სიტუაცია ძალიან დამძიმდა, „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“, ნათქვამისა არ იყოს, იძულებული გავხდით, სასწრაფოდ უცხოეთში (საფრანგეთში) გადაგვეფრინა დამძიმებული ავადმყოფი.
კვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტს საქართველოში არასწორი მკურნალობა ჩაუტარდა, რომელმაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესი გაუარესება გამოიწვია. არ ვიცი, ყველაფერ ამის შემდეგ, გადმოგვხედავს თუ არა უფალი და გავალთ თუ არა სამშვიდობოს, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: ქართველი ექიმებისგან (მათი არაპროფესიონალიზმის და უპასუხისმგებლობის წყალობით) განწირული ვიყავით!
კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს: კარგია, თავის დროზე დღევანდელი ხელისუფლება მოსახლეობის საყოველთაო დაზღვევის გზას რომ დაადგა, - საკმაოდ სოლიდური თანხებიც იხარჯება ამ მიმართულებით, მაგრამ არ არსებობს მექანიზმი:
- გაკონტროლდეს რამდენად ეფექტურად იხარჯება სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები და რამდენად კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას იღებს ავადმყოფი;
- რატომ იქცა ეს სფერო კერძო კლინიკების გამდიდრების წყაროდ?!
- ვინ იღებს პასუხისმგებლობას ფინანსური რესურსების არამიზანმიმართულ ხარჯვაზე და ვინ დგას ამ მაფიის უკან?
- რატომ არის გადატენილი არაპროფესიონალიზმი მედიკოსებით კლინიკები და რატომ არ აგებენ ისინი პასუხს არასწორი დიაგნოზის დასმაზე და, მითუმეტეს, არასწორ მკურნალობაზე, რომელიც ხშირად ფატალური შედეგებით მთავრდება ხოლმე?!
- რატომ ხდება იაფფასიანი, წყალ-წყალა მედიკამენტებით მკურნალობის კურსის ჩატარება?
რატომ?!
რატომ?!
რატომ?!
* * *
ზემოთ სიტყვა წყალ-წყალა ვახსენე. ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესების გამო, ავადმყოფს მორფინი დასჭირდა. მომსახურება ფასიანია, მაგრამ ეს არ არის მთავარი - გამოძახებული ბრიგადებიდან (5-ჯერ გამოვიძახეთ სხვადასხვა ბრიგადა) მხოლოდ ერთს აღმოაჩნდა ნორმალური მორფინი, რომელმაც 24 საათი იმუშავა, დანარჩენ 4 შემთხვევაში, მხოლოდ 4-5 საათი. როცა მიზეზი ვიკითხეთ, გვითხრეს, ინდური წარმოშობის იაფფასიანი მორფინი მეტს ვერ „ქაჩავსო“!
ანალოგიური შედეგი მივიღეთ ტაბლეტების შემთხვევაშიც - იგივე ინდური წარმოშობის მორფინს საერთოდ არ ჰქონდა რეაგირება.
ერთი სიტყვით, როგორ შეიძლება გქონდეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის იმედი, სადაც ასეთი განუკითხაობა და ბარდაგია?!
სახელმწიფო, საყოველთაო დაზღვევის სახით, კარგ საქმეს აკეთებს, მაგრამ მადლს მარილიც (კონტროლი) თუ არ მოაყარეს, ადამიანის ჯანმრთელობა ყოველთვის საფრთხის ქვეშ დარჩება და ფინანსური რესურსებიც წყალში გადაყრილი იქნება!
P.S. თუ ღვთის წყალობით (მჯერა სასწაულების) „ქარტეხილებს“ გადავურჩით, ამ თემას უფრო კონკრეტულად (კონკრეტული კლინიკების და მედპერსონალის დასახელებით) ისევ დავუბრუნდები!
მეტიც, სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც მოვითხოვთ იმ პირების მიმართ, ვისი გულგრილობითა და უპასუხისმგებლობით ასეთ მძიმე შედეგამდე მივედით!
ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი