ლევან პირველი: პირველი პოლიტდევნილი მე ვარ!
„ევროკავშირის შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებით, პირველი პოლიტდევნილი მე ვარ“, - აცხადებს ლევან პირველი „პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში გამართულ სკაიპ-კონფერენციაზე.
მისი თქმით, ქვეყანას ჰყავს ორი სამთავრობო პარტია - „ნაციონალები“ და „ქართული ოცნება“, რომლებიც მართავენ ქვეყანას და არ გვყავს ოპოზიცია.
„მათი მმართველობა მაგონებს კომუნისტური პარტიის მოქმედებას, რომელმაც ე.წ. „მრგვალ მაგიდას“ უბრძოლველად ჩააბარა ხელისუფლება, რა თქმა უნდა, რაღაცის მოლოდინით. თუ არ გვეყოლება ოპოზიცია, ვერ მივიღებთ ჯანსაღ პოლიტიკურ სპექტრს. მე აქამდე დავდიოდი გაძლიერებული დაცვით იმის გამო, რომ მდევნიდა ხელისუფლება. აქ არ იკვეთება მარტო ახალაიას ბრალეულობა, კიდევ ბევრი პიროვნებაა, რომელთა ვინაობაც მალე გამომჟღავნდება“, - განმარტავს ლევან პირველი.
რაც შეეხება ნიკა უჩანეიშვილის მკვლელობის საქმეს, ლევან პირველი ამას უარყოფს. ის ამ საქმეში თავს ეჭვმიტანილადაც კი არ თვლის. მან ამ კითხვით ჟურნალისტები პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან, საპარლამენტო კომიტეტის წევრთან ელენე თევდორაძესთან, ბადრი ბიწაძესთან და „ნაციონალებთან“ გადაამისამართა. მანვე ბრალი დასდო „ქართულ ოცნებას“ 2003 წელს „ნაციონალების“ და „ვარდების რევოლუციის“ ორგანიზებაში. „მათ უნდა სცოდნოდათ, რა ურჩხულიც მოჰყავდათ! თუ არ იცოდნენ და ამის გათვლა არ შეეძლოთ, მაშინ საერთდ არ ჰქონიათ პოლიტიკური ხედვა“, - ამბობს ლევან პირველი.
ლევან პირველი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს, რომელმაც ნიკა უჩანეიშვილის მკვლელობის საქმე პირდაპირ ეთერში გააჟღერა. რაც შეეხება ახალაიას ჩამოსვლას და მის დაპატიმრებას, „ყველაზე დიდ ავანტიურას და წინასწარ გათვლილ სცენარს“ უწოდებს. მისი განმარტებით, ახალაიას სურს, მოელაპარაკოს ხელისუფლებას და თანამშრომლობის გზით მიაღწიოს თავისუფლებას. პირველმა უკმაყოფილება გამოთქვა ასევე საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით და განმარტა, რომ უმრავლესობაც იგივე იდეოლოგიით ხელმძღვანელობს, როგორითაც „ნაცმოძრაობა“.