კოტე კუბლაშვილის პასუხი თეა წულუკიანს
იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იუსტიციის სამინისტროს პოლიტიკურ ოპოზიციაში უდგას, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი ეხმაურება:
"დღეს მინისტრმა კოორდინირებული და შეთანხმებული მუშაობისკენ მოგვიწოდა. თეა წულუკიანის ამ განცხადებას საფუძვლად დაედო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ხელმოწერით ევროპის საბჭოში გაგზავნილი წერილი, რომელშიც კონსტანტინე კუბლაშვილი ვენეციის კომისიას სთხოვდა, საკუთარი დასკვნა წარმოედგინა იმ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიერ იყო ინიცირებული და სასამართლო სისტემის სტრუქტურულ რეფორმირებას ითვალისწინებს.
აღნიშნული წერილი ევროპის საბჭოში ევროპის საბჭოს ადგილობრივი წარმომადგენლობისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით გაიგზავნა. ევროსაბჭომ, კონკრეტულად კი ვენეციის კომისიამ 2005 წლიდან დღემდე დიდი წვლილი შეიტანეს სასამართლოსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაში, კერძოდ, სწორედ მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით დაიხვეწა და ევროპული სტანდარტების შესაბამისი გახდა ჩვენი კანონმდებლობა. სასამართლო ხელისუფლება მზადაა ასეთი თანამშრომლობისთვის სასამართლო რეფორმის წარმატებით დასრულებისა და მართლმსაჯულების წინაშე წამოჭრილი ახალი გამოწვევების ერთობლივი ძალისხმევით გადასალახად.
ევროპის საბჭო და კონკრეტულად ვენეციის კომისია საქართველოს სახელმწიფოს დიდი ხნის საქმიანი და კეთლგანწყობილი პარტნიორია და სასამართლო ხელისუფლება მომავალშიც კანონისა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გააგრძელებს ამ ურთიერთობას",- ნათქვამია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.