ნოდარ ხადური: ხეთაგურმა "რუსთავი-2"-ს მილიონობით ლარი აპატია
ტელეკომპანია "რუსთავის 2" ავრცელებს ინფორმაციას, ფინანსთა სამინისტროში 20 ნოემბერს ჩატარებული კრების ოქმის შესახებ, რომელიც ტელეკომპანიას შემთხვევით ჩაუვარდა ხელში.
კრების ოქმიდან ირკვევა, რომ ფინანსთა სამინისტრო ერთდროულად რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე მუშაობს. მათ შორის არის ნოდარ ხადურის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური "რუსთავი 2"-ისა და "იმედის" წინა წლების დავალიანებას ერთდროულად შეისწავლიან.
ამან გამოიწვია საფუძვლიანი ეჭვი იმის შესახებ, რომ აღნიშნული უწყებები ტელეკომპანიებში შემოწმების მიზნით შევლენ. მაგრამ ეს მოსაზრება, თავად ფინანსთა მინისტრმა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტთან საუბარში უარყო.
ოქმში წერია: "დაევალოს შემოსავლების სამსახურის უფრსოსის მოვალეობის შემსრულებელ კახა ცერცვაძეს და საგამოძიებო სამსახურის უფროს აპოლონ კაკაბაძეს, დაიწყონ სატელევიზო კომპანიების, "რუსთავი 2"-სა და "იმედის" საშემოსავლო გადასახადის დავალიანების დეტალური შესწავლა. კონტროლი აღნიშნულ საკითხზე დაევალოს შემოსავლების სამსახურის უფროს კახა ცერცვაძეს და საგამოძიებო სამსახურის უფროს აპოლონ კაკაბაძეს".
ამის შესახებ განმარტება ნოდარ ხადურმა გააკეთა: "კრების ოქმში საუბარია იმაზე, რომ ტელეკომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემოსავლების შესახებ ინფორმაცია და ისინი არ შემოწმდებიან. თქვენ ყოველწლიური გადასახადები უნდა გადაგეხადათ, რომელსაც "რუსთავი 2" არ იხდიდა, მათ შორის, პირადად თქვენ, საშემოსავლო გადასახადს გიკავებდნენ, მაგრამ იმას ბიუჯეტში არ მიმართავდნენ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს სრული ინფორმაცია, რატომ არ იხდიდა ტელეკომპანია გადასახადს. ვანო მერაბიშვილმა და ალეკო ხეთაგურმა ათეულობით მილიონი ლარი აპატია "რუსთავი 2"-ს, მათ შორის, 2010 წელს 20 მილიონი ლარი, მაშინ, როცა ტელეკომპანია "კავკასიას" 2 ლარის გამო ინკასო დაედო; მაშინ როცა, ასანთის ქურდობისთვის 500 ლარით აჯარიმებდნენ, "რუსთავის 2"-ს მილიონები აპატიეს. მერაბიშვილის მთავრობამ 3-ჯერ აპატია ტელეკომპანიას გადასახადები. "რუსთავი 2"-ში შესვლას აზრი არ აქვს, ჩვენ გვირჩევნია გავარკვიოთ წინა ფინანსთა მინისტრმა რატომ აპატია აღნიშნულ ტელეკომპანიას ამხელა დავალიანება და რატომ დააჯარიმა უფრო მცირე დავალიანების გამო "კავკასია". "რუსთავი 2"-ის მიმართ არანაირი ღონისძიებები არ გატარდება, დაიწყება მათი საქმის გამოძიება, ვინც ეს დაუშვა. ის ფული, რომელიც გადასახადების გადახდით ბიუჯეტში უნდა შესულიყო და სოციალურად დაუცველებს და პენსიონერებს უნდა მოხმარებოდა, "რუსთავი 2"-მა არასწორად დახარჯა და არ გადარიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში, მერაბიშვილის მთავრობამ ეს ქმედება წაახალისა",- განაცხადა ნოდარ ხადურმა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებთან შეხვედრისას.