რეგიონებში პოლიტიკური კრიზისი მძვინვარებს
რამდენიმე დღეა, რაც მარტვილის ცენტრში კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტები აქციებს მართავენ. აქციის მონაწილენი საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის გადადგომას, ხოლო მათ ადგილზე "ქართული ოცნების" აქტივისტების დანიშვნას მოითხოვენ.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი "ივერიონთან" საუბარში აცხადებს: "მიუხედავად იმისა, რომ ამდენი დღეა აქციებს ვმართავთ, ჩვენი მოთხოვნა კვლავაც დაუკმაყოფილებელი რჩება. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, აქციის ზოგიერთი მონაწილე პროტესტის უკიდურეს ზომას _ შიმშილობას მიმართავს".
ვითარებაში გასარკვევად "ივერიონი" მარტვილის დეპუტატს ნაული ჯანაშიას დაუკავშირდა. მისი განმარტებით, აქციის ორგანიზატორები "ქართული ოცნების" წევრები არიან. "ამით ისინი ხელს უშლიან ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობას და მის სრულ პარალიზებას ახდენენ. მივმართავ ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებს, აღკვეთონ ეს უკანონობა", - აცხადებს ჯანაშია.