თამარ ჩერგოლეიშვილი: ახალო მთავრობავ, ქვეყნის შერცხვენა სინათლის სიჩქარით შეძელით!

თამარ ჩერგოლეიშვილი: ახალო მთავრობავ, ქვეყნის შერცხვენა სინათლის სიჩქარით შეძელით!

„მატყუარა ივანიშვილმა, არ მცალია და იმიტომ არ წავედი ვაშინგტონშიო. მიზეზი მე კი ვიცოდი, რატომაც ვერ წავიდა, მაგრამ საჯაროდ ვერ ვამბობდი. კარგია, რომ “ვაშინგტონ პოსტის” რედაქციამ დაწერა“, - ამ განცხადებას  თამარ ჩერგოლეიშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე აკეთებს.


„საუბარია ვაშინგტონ პოსტის“ სტატიაზე, რომელიც საქართველოს ახალ მთავრობას ეხება. სტატიაში ახალი ხელისუფლება მკაცრად არის გაკრიტიკებული, რასაც ვერ ვიტყვით მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაზე.


 „ივერიონი“ გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:


„ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე კვირაში, ახალმა ხელისუფლებამ 20-ზე მეტი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი დააპატიმრა. მათ შორის არიან თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები, გაერთიანებული შტაბის უფროსი.



მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა, რომლის ვადა კიდევ ერთი წელი არ იწურება, ხელი შეუწყო ახალი მთავრობის ფორმირებას, ივანიშვილმა რამდენჯერმე მოითხოვა მისი გადადგომა და ამავდროულად მიანიშნა, რომ სააკაშვილის მოკავშირეების დევნა, მანამდე გაგრძელდება, სანამ ის არ გადადგება. საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის დაფინანსება შეამცირა და ზეწოლას ახდენს ოპოზიციის დეპუტატებზე, რათა ისინი მმართველი ძალის რიგებში გადაიყვანოს. ამავდროულად ავიწროვებს მედიას, რომელიც ყოფილი ხელისუფლებისადმი სიმპათითაა განწყობილი”.


"პრემიერ მინისტრად ქცეულმა მაგნატმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი შეერთებულ შტატებში გადაიდო. ეს ძალიან კარგია. მანამდე, სანამ ის განაგრძობს პოლიტიკური ოპონენტებისადმი ანგარიშსწორებას, მას ვაშინგტონმა არ უნდა უმასპინძლოს“, - აცხადებს ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი.


მის ამ განცხადებას ბევრი თანამოაზრე გამოუჩნდა.  facebook-ის ერთ-ერთი იუზერი წერს:  „მართლა მგონია, რომ ძალით აკეთებენ. მგონია, რომ ბიძინას ბიზნესგეგმის ნაწილია საქართველოს გაწმენდა თავისუფალად მოაზროვნე ადამიანებისგან და ქვეყნის მოქცევა სრულ იზოლაციაში“.


დღეს დილიდან თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობს, საქართველოს მთავრობის დაპირებებს აფასებს და საკუთარ დასკვნებსაც აკეთებს.


“ვაშინგტონ პოსტის სარედაქციო საბჭომ, ფაქტობრივად "ათრია" ივანიშვილი და საქართველოს ახალი ხელისუფლება. გილოცავთ, ახალო მთავრობავ, თქვენ ქვეყნის შერცხვენა სინათლის სიჩქარით შეძელით!”

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: