რა ბედი ელის „თბილსერვის ჯგუფს“?

რა ბედი ელის „თბილსერვის ჯგუფს“?

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  საგამოძიებო სამსახური სპეციალურ  განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე შპს  „თბილსერვის ჯგუფის“ - ხელმძღვანელ პირთა მიერ ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და საბიუჯეტო სახსრების მითვისების ფაქტებზე.


აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 2012 წლის 27 ნოემბერს ორგანიზაციის ოფისიდან მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოღებულ იქნა დოკუმენტები, ასევე, მათ კუთვნილ სამ სასაწყობო ფართში მიმდინარეობს მატერიალური მარაგების ინვენტარიზაცია ისე, რომ ორგანიზაციის არც ერთი ობიექტი დალუქული არ არის და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებს თავისუფლად მუშაობის საშუალება აქვთ.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს II სამმართველოში შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელების მიერ ყალბი საანგარიშგებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე 2009 წლის 13 ივნისს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით).


შპს „თბილსერვის ჯგუფი“  2006 წლის 18 დეკემბერს რეგისტრირებულია იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი N67 და მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს დასუფთავებასთან დაკავშირებული მომსახურეობის გაწევა.  შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დამფუძნებელი ქალაქ თბილისის მერიაა, დირექტორად 2010 წლის 22 ნოემბრამდე დაფიქსირებული იყო გიორგი ხუჭუა, ხოლო აღნიშნული თარიღიდან დღემდე - თორნიკე შიოლაშვილი.


შპს „თბილსერვის ჯგუფის“ საბუღალტრო დოკუმენტაცია ამოღებულ იქნა მოსამართლის 2009 წლის 13 ივნისის ბრძანების საფუძველზე იურიდიული მისამართიდან, ხოლო გამომძიებლების მიერ 2009 წლის 15 ივნისს გამოტანილი დადგენილებების (გადაუდებელი აუცილებლობის გამო ამოღების ჩატარების შესახებ) საფუძველზე აღნიშნული ორგანიზაციის ფაქტობრივი ოფისებიდან.


2009 წლის 15 ივნისს გამომძიებლების დადგენილების საფუძველზე შპს „თბილსერვის ჯგუფში“ დაინიშნა მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია, თუმცა 2 დღეში ინვენტარიზაცია შეწყდა  და შესაბამისად არ შედგენილა ინვენტარიზაციის აქტი.


ზემოაღნიშნული ამოღებული დოკუმენტაცია კი, ხელწერილის საფუძველზე შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებს დაუბრუნდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: