„მოსყიდული“ „ვაშინგტონ პოსტი“ და მოტივირებული თინა ხიდაშელი

„მოსყიდული“ „ვაშინგტონ პოსტი“ და მოტივირებული თინა ხიდაშელი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „რესპუბლიკელი“ თინა ხიდაშელი „ვაშინგტონ პოსტში“ საქართველოს ახალი ხელისუფლებისადმი „მიძღვნილ“ სტატიას „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე ვრცელი „პოსტით“ ეხმიანება.


„ივერიონი“ ხიდაშლის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


„ვაშინგტონში პოსტში“ გამოქვეყნებული სტატიის გარშემო აჟიოტაჟის შესახებ სხვადასხვა ტიპის მანიაკებისთვის მინდა განვმარტო, რომ ათასობით კითხვაზე პასუხის გაცემისთვის თავის ასარიდებლად „ვაშინგტონ პოსტმა“ ასე ან ისე დაწერა და ამაზე რას იტყვითო არგუმენტი არ გამოდგება, ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის, იმიტომაც, რომ მათ ის ერთხელ უკვე გამოაცხადეს „პრავდად“, ხოლო თავად ვაშინგტონი კრემლად. იმის მიუხედავად, რას დაწერს „ვაშინგტონ პოსტი“, კითხვები მაინც იქნება და მათზე პასუხის გაცემა მაინც გარდაუვალია.


დიახ, არც მე და არც ბევრ სხვა ადამიანს უმრავლესობაში ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ გვაქვს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებთან და შესაძლოა, რამდენიმე დაკავების დროს გამოკვეთილი ბრალდებები ვინმეს სუსტად მოეჩვენოს, "ჩემთვის დანაშაული კია მარა, ამისთვის როგორ დაიჭირეთო" არგუმენტი არ არის, არც ზოგადად და არც კონკრეტულად დღევანდელ საქართველოში. დიდ და პატარა დანაშაულს შესაბამისად დიდი და პატარა პასუხისმგებლობა აქვს ჩვენს კანონმდებლობაში, მაგრამ მთავარი ის არის, ყველა ფაქტებზე, დანაშაულზე, ხელისუფლების სრულიად პირდაპირი მნიშვნელობით მანიაკალურ მოქმედებებზე ზუსტი, ამომწურავი და დასაბუთებული მასალები მომზადდეს, რომელსაც ჩვენს მოქალაქეებს მივაწვდით, ყველა ქვეყნის ყველა კაბინეტში მივიტანთ და ყველას დეტალურად ავუხსნით:


1. საქართველოს ერთ დილას აღარ ჰყავდა პრემიერ-მინისტრი და მისი საქმე თაროზე იყო შემოდებული;


2. სტრასბურგის სასამართლომ, მოკლედ რომ ვთქვათ, დაწერა სახელმწიფო ორგანოების შეთქმულება იყო სანდრო გირგვლიანის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის წინააღმდეგო;
3. 19 წლის ბიჭი მოკლეს, მერე ყაჩაღად გამოაცხადეს და მერე წლები რომ გავიდა იძულებული გახდნენ პატრულის ჩვენება შეეცვალა და ის გაასამართლეს მკვლელობისათვის. თუმცა სხვა არავინ, ვინ აფარებდა ხელს, ვინ აყალბებდა დოკუმენეტებს, აღარ გავაგრძელებ იცით კარგად;


4. საქართველოს პარლამენტის ორი წევრი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ვითარებაში სასიკვდილოდ გაიმეტეს და არც ერთი გამოძიებული არ არის "ხერხემალის" მიერ;
5. ჩვენ ყველას მუდმივად გვისმენდნენ, და მარტო პოლიტიკოსებს კი არა, ჩვენი ოჯახის წევრებს უსმენდნენ, უთვალთვალებდნენ, პირად ცხოვრებაში ერეოდნენ;


თქვენ გიყვართ 5 და აქ გავჩერდები თუმცა ბევრჯერ 5 შემიძლია დავწერო და როდესაც საქმის მასალებით და სასამართლოში წასული საქმეებზე არსებული მტკიცებულებებით დადგინდება სინამდვილეში რა მოხდა ზურაბ ჟვანიას საქმეში, ბუტა რობაქიძის საქმეში, სანდრო გირგვლიანის საქმეში, ასეულ მილიონობით წართმეული ქონებისა და ბიზნესების საქმეებში, ვალერი გელაშვილთან ანგარიშსწორების საქმეში, კობა დავითაშვილის გატაცების საქმეში, როცა გავიგებთ ზუსტად და ცალსახად ვისი დავალებით გვისმენდნენ, გვდევნიდნენ, აყალბებდნენ არჩევნებს მერე ყველაფერი გასწორდება და „ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო სტატიაც არგუმენტებით და ფაქტებით გამაგრებული იქნება.


ჩვენ რთული გზა ავირჩიეთ. სამართლის გზა და იმედი მაქვს არც ერთი წუთით ამ გზიდან გადახვევა არ მოხდება მიუხედავად ზეწოლისა და დიდი წნეხისა.


იმედი მაქვს, რომ შთაბეჭდილების მოხდენის სურვილით ტელეკამერებით არავის შეუვარდებიან საწოლ ოთახში დასაჭერად;


იმედი მაქვს, მხოლოდ გონივრული ეჭვის გამო, რომელიც არსებობს ბევრ ამ საქმეზე, არავის დაიჭერენ;


იმედი მაქვს, სამართლიანობის აღდგენის მოტივით წართმეულ ქონებას უკან იარაღის ქვეშ მუქარით შუაღამის 3 საათზე ნოტარიუსთან არ გადააფორმებინებენ;


და კიდევ ბევრი ასეთი იმედი მაქვს.

ეს გზა რთულია, გრძელია, მაგრამ ყველაზე სწორია და თუ ამ გამოწვევას გავუძლებთ და სამართლიანობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და კანონიერების გზაზე ზიგზაგებს არ გავაკეთებთ ყველაფერი კარგად იქნება თბილისშიც, ვაშინგონშიც და ბრიუსელშიც.


მანიაკებისათვის კიდევ ერთელ განვმარტავ:

1. მათი ბელადისგან განსხვავებით არ მგონია, რომ „ვაშინგტონ პოსტი“ „პრავდაა“, და მგონია, რომ ავტორიტეტული და მნიშვნელოვანი გაზეთია;


2. ზუსტად ასე მეგონა იმ დროიდან, როცა პირველად გავიგე მისი არსებობის შესახებ, ასე მეგონა ბოლო ერთი წლის მანძილზე და დღესაც ასე მგონია;


3. არ ვეთანხმები სტატიის არც პათოსს და არც შინაარსს, მაგრამ ამის გამო არ ვთვლი, რომ გაზეთის სარედაქციო კოლეგია მოსყიდულია, ან კრემლის ან კიდევ სხვა ვინმე უბედურების დავალებებს ასრულებს;


4. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანას და მის ხელისუფლებას პოზიტიური უცხოური პრესა ჰქონდეს და ამაზე უნდა ვიმუშავოთ, მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ გარეთ და კომუნიკაციის ახალი არხები უნდა გაიჭრას სწრაფი და ეფექტური ურთიერთობების ასაწყობად, და არ და არა მხოლოდ მედიასთან;


P.S.
მაინტერესებს, ეს ისევ ის „ვაშინგტონ პოსტია“ მათ ბელადზე იმავე სარედაქციომ პუტინსა და ვაშინგტონს შორის არჩევანზე რომ დაწერა და „პრავდად“ რომ გამოაცხადეს, თუ მე მეშლება რამე და რომელიმე სხვა გაზეთზეა საუბარი? :((((

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: