ბადრი ბასიშვილი: ცხინვალის რეგიონიდან დევნილები ახლა პოლიციის დევნილები გახდნენ
შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის აპარატის ორ დაკავებულ თანამშრომელს – რეზო კახნიაშვილს და ალექსანდრე ზანგალაძეს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არ დაუდასტურდა.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს რეზო კახნიაშვილის ადვოკატმა ნინო შავშიშვილმა განუცხადა. როგორც ცნობილია, 2012 წლის 28 ნოემბერს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა 5 პიროვნება, მათ შორის რწმუნებულ-გუბერნატორის აპარატის თანამშრომლები ნარკოტიკული საშუალების მოხმარება-დამზადების ბრალდებით დააკავეს.
რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე ბადრი ბასიშვილი აცხადებს, რომ პოლიცია ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრების პოლიტიკურ დევნას ახორციელებს.
,,ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრები არანაირი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდნენ. ეს არის პოლიტიკური დევნა. იცით, რომ რეზო კახნიაშვილი ამავე დროს ჩემი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელიც იყო? სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოქალაქეები ახლა პოლიციის დევნილები გახდნენ. წუხანდელი ფაქტი არის პოლიტიკური შურისძიება”, – აცხადებს ბადრი ბასიშვილი.