კახა კახიშვილი: მინისტრებმა კადრები ბიძაშვილ-მამიდაშვილებში არ უნდა ეძებონ!

კახა კახიშვილი: მინისტრებმა კადრები ბიძაშვილ-მამიდაშვილებში არ უნდა ეძებონ!

"მეოცნებეთა" საკადრო პოლიტიკამ საზოგადოებაში გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც არაერთი ექსპერტი არა მარტო პირად საუბარში, არამედ საჯაროდაც აცხადებს.


თუ რა ხდება ქვეყნის საკადრო პოლიტიკაში და როგორ მიმდინარეობს კადრების შერჩევა, "ივერიონმა" კომენტარი ექსპერტ კახა კახიშვილს სთხოვა:


"მინისტრებმა კადრები, მოადგილეები იქნებიან თუ დეპარტამენტის ხელმძღვანელები ბიძაშვილ-მამიდაშვილებში და ახლობლებში არ უნდა ეძებონ. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ კადრების შერჩევა კონკურსის წესით არ ხორციელდება და ადამინებს არ აქვთ უფლება ჩაერთონ საკადრო პოლიტიკაში".


ექსპერტი აცხადებს: "ახალ მთავრობაში არ უნდა ინიშნებოდნენ ის ადამიანები, რომელნიც წინა ხელისუფლების დროს საკუთარ თანამდებობებს ბოროტად იყენებდნენ და ატარებდნენ "ნაცმოძრაობის" იდეოლოგიას. როგორ შეიძლება მინისტრად ან მინისტრის მოადგილედ დაინიშნოს "ნაცმოძრაობის" იდეოლოგიის გამტარებელი პირი, როცა ის პოლიტიკური ფიგურაა და არა რიგითი თანამშრომელი?


კადრების დანიშვნისას უნდა იყოს დადასტურებული იმ ადამიანების საქმიანობა, თუ რას საქმიანობას ეწეოდნენ ისინი მანამდე _ ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას თუ იყვნენ იმ უკანონო ბრძანებების გამტარებლები, რომელსაც წინა ხელისუფლება იძლეოდა.


ეს ფაქტიც უნდა იქნეს ობიექტურად გამოძიებული შიდა ინსპექციების მიერ, რომელიც ყველა სამსახურს გააჩნია. ინსპექციები სილამაზის გამო არცერთ სამსახურს არ ყავს, არამედ მათი უშუალო მოვალეობაა, დაადგინონ, თუ რა საქმიანობას ეწეოდა წინა ხელისუფლების დროს ესა თუ ის მომსახურე პერსონალი.


არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, ვიფიქროთ იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრს არ გააჩნია ინფორმაცია საკადრო პოლიტიკაზე რადგან მან თავიდანვე გასცა განკარგულება კადრების სწორად და ობიექტურად შერჩევაზე", _ აღნიშნავს კახა კახიშვილი.


ვალერი ვახანია 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: