თედო ჯაფარიძე: მიხეილ სააკაშვილი ელჩების გამოწვევაზე უარს ამბობს
მიხეილ სააკაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოთხოვნას ელჩების გამოწვევის შესახებ არ დააკმაყოფილებს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ავრცელებს.
"საგარეო უწყებამ პრეზიდენტს გადაუგზავნა ელჩების სია, თუმცა ხელმოწერაზე ჯერჯერობით უარს ამბობს. ის მიიჩნევს, რომ მის მიერ დანიშნული საქართველოს ყველა ელჩი ძალიან ეფექტური იყო და ისინი კარგად მუშაობდნენ. ის, ალბათ, ასევე თვლის, რომ მის მიერ დანიშნული ელჩები მისი ვადის ამოწურვამდე ადგილზე უნდა იყვნენ. ჩვენ კი ამ ელჩების მისამართით გარკვეული შეკითხვები გვაქვს. დაიწყო პოლიტიკური კინკლაობა, რაც მისაღები არ არის", - განმარტა ჯაფარიძემ.
საყურადღებოა, რომ არც იმ ელჩების მოთხოვნები დაკმაყოფილდა, რომლებმაც წასვლა თავადვე გადაწყვიტეს.