ბექაურს ელიაშვილი შეცვლის, სხვა რა იცვლება „მეცხრე არხზე“?

ბექაურს ელიაშვილი შეცვლის, სხვა რა იცვლება „მეცხრე არხზე“?

რას უკავშირდება „მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორის შეცვლა და როგორი იქნება  არხის მომავალი?


 გავრცელებული ინფორმაციით, „მეცხრე არხის“ მენეჯმენტში ცვლილებებია, თანამდებობა დატოვა არხის გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა და ადგილი ლუბა ელიაშვილს დაუთმო, რომელიც მისი მოვალეობის შემსრულებლად აღიქმება. როგორც ბექაური აცხადებს, ეს გადაწყვეტილება არხის რეორგანიზაციის პროცესს უკავშირდება. აღსანიშნავია გადაწყვეტილება  „მეცხრე არხის“ იურიდიული სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ არხი აღარ იქნება პრემიერ-მინისტრის ოჯახთან დაკავშირებული. ბიძინა ივანიშვილმა თავადვე განაცხადა, რომ შეიქმნება ბორდი, რომელსაც არხის აქციები მართვაში გადაეცემა.


„გუშინ ვიყავი არხის გენერალური დირექტორი, დღეს მე ვწერ განცხადებას და შვებულებაში გავდივარ. მაგრამ ვტოვებ არხს, შვებულების შემდეგ აღარ ვიქნები არხის ხელმძღვანელი. შვებულების დროს გამოვიყენებ იმისთვის, რომ არხზე მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს შევუწყო ხელი, ჩემი მოვალეობის შემსრულებელი კი, იქნება ქალბატონი ლუბა ელიაშვილი“, - აცხადებს „მეცხრე არხის“ უკვე ყოფილი გენერალური დირექტორი კახა ბექაური.


უფრო ვრცლად საუბარი იმაზე, თუ რატომ დატოვა არხი, კახა ბექაურს პასუხის გაცემა უჭირს და ამბობს, რომ ის შეფასებებისგან თავს იკავებს. რაც შეეხება არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს - ლუბა ელიაშვილს, ის აცხადებს, რომ ვრცლად კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, როცა არხზე არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნობა. „მე არ ვიცი, რა ტექნიკური ბაზა და ბიუჯეტი გვაქვს“,- ამბობს ელიაშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: