ახლა მოდაშია...

ახლა მოდაშია...

ახალი წლის მოახლოვება ყოველთვის სიახლესთან, უკეთესის მოლოდინთან და მოდის ახალ ტენდენციებთან ასოცირდება, განსაკუთრებით ქალბატონებისთვის. სუსტი სქესის წარმომადგენლებს ყოველთვის აინტერესებთ, როგორი მაკიაჟი, ვარცხნილობა, ტანისამოსი და ფეხსაცმელი იქნება მოდური.


2013 წლის ზამთარში აქტუალურია თბილი, ნაქსოვი, რკინის მცირე დეტალებით გაწყობილი სვიტერები და ჟაკეტები. აქტუალურობას არ კარგავს "ელასტიკები", თუმცა გაცილებით მოდურია ფერადი, სხვადასხვა აპლიკაციებით.


თბილისური ზამთრის მოდის განუყოფელი ნაწილია "უგები", რომელიც თითქმის ყველა თინეიჯერს ამშვენებს. მეტალებით გაწყობილი შუზები და მაღალყელიანი ჩექმები განსაკუთრებით აქტიურადაა ჩართული მანდილოსნების ყოველდღიურობაში. რეზინის ბოტები, განსაკუთრებით წვიმიან დღეებში, ამ სეზონზეც მოდაშია.


მოდურია ქამრებიც, როგორც მსხვილი, ასევე წვრილი _ სხვადასხვა ბალთებით, რკინის, ჯაჭვის და თვლების ელემენტებით.


ტყავი არც ამ სეზონზე კარგავს აქტუალობას. დიზაინერებმა დამდეგი წლისთვისაც უხვად გამოიყენეს ბევრისთვის საყვარელი ქსოვილი, არჩევანი მხოლოდ თქვენზეა. თუმცა განსაკუთრებული აქცენტი მაინც ტყავის ქვედაბოლოებზე კეთდება, რომლებიც ნაქსოვ ჟაკეტებთან ერთად განსაკუთრებით მოდურია.


"პრინტებიანი" ბლუზები წელს ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს, განსაკუთრებით მუქი ლურჯი, ნაცრისფერი, ფორთოხლისფერი, ხაკისფერი და ბორდოსფერი. არჩევანში თითქმის თავისუფლები ხართ, ყველაფერი თქვენს ხასიათსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული.


ფერები, რომლებიც ძვირფას ქვებს და მეტალებს მოგვაგონებს გასული შემოდგომიდან ახალ სეზონზე ინაცვლებს. ლალისფერი, ზურმუხტისფერი და  ოქროსფერი საფუძველს უდებს ახალი სეზონის ფერთა პალიტრას. განსაკუთრებულად მოდურია ღვინისფერის და ხაკისფერის, ლურჯისა და ოქროსფერის, მუქი მწვანისა და ლურჯის, ბორდოსფერისა და იასამნისფერის, ვარდიფერისა და მუქი ლურჯის ფერთა შეხამება.


მუხლამდე კაბებს გველის წელიწადშიც საპატიო ადგილი უჭირავს ქალბატონების გარდერობში. თუმცა მოდაშია როგორც თავისუფალი, ასევე ტანზე მომდგარი სტილის კაბებიც.


რაც შეეხება ჩანთებს. გველის ტყავის ელემენტებით გაწყობილი ჩანთები წელს ყველაზე მოდური იქნება. თუმცა ჯაჭვებით, რკინის ელემენტებით გაწყობილი ისევ მოდურია. არც ფერების და ფორმების აღჩევანში იქნებით შეზღუდულები.


მაკიაჟი თითქმის ყველა ქალის სუსტი წერტილია. პასტელურ ფერებში მაკიაჟი ყველაზე მოდურია. ჩამქრალი ტონები თვალებსა და ტუჩებზე წლის ჰიტია. ასეთი მაკიაჟი ტუჩებს უფრო ბუნებრივს, ხოლო კანის ტონს გაცილებით მიმზიდველს ხდის. ამავე დროს, დიზაინერები არც თვალის ლაინერის და წითელი პომადის გამოყენებაზე ამბობენ უარს. ღვინისფერი (შინდისფერი) პომადა წელს ისეთი მოდურია, როგორც არასდროს. ასეთი გლამურული მაკიაჟი  განსაკუთრებულ ეფექტს შესძენს თქვენს სახეს.


მთავარია, იყოთ ბედნიერები, გაღიმებულები და მოდაში ყოველთვის ის არის, რაც ყველაზე მეტად გიხდებათ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: