თამარ რუხაძე: ლუბა ელიაშვილთან მუშაობას ვერ შევძლებ!
საინფორმაციო სამსახურის უფროსმა თამარ რუხაძემ ტელეკომპანია "მე-9 არხი" დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინაც გავრცელდა, შემდეგ კი აღმოჩნდა რომ ეს ტყუილი იყო. "ივერიონი" კომენტარისთვის თამარ რუხაძეს დაუკავშირდა.
"ვადასტურებ გავრცელებულ ინფორმაციას _ მე წამოვედი "მე-9 არხიდან". ახლა ტელეკომპანიის რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ვფიქრობ, რომ ჩემსა და არხის ახალ გენერალურ დირექტორს _ ლუბა ელიაშვილს შორის შეხედულებათა რადიკალური სხვაობა არსებობს და ამის გამო გადავწყვიტე არხიდან წამოსვლა. მე ვერ შევძლებდი ტელეკომპანიაში დარჩენას და მასთან ერთად მუშაობას", _ ამბობს თამარ რუხაძე.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ "მე-9 არხი" დატოვა გენერალური დირექტორის მრჩეველმა საზოგადოებრივ საკითხებში ირინა თევდორაშვილმაც. მაგრამ, ჯერჯერობით, თევდორაშვილი ამაზე კომენტარს არ აკეთებს.
დადასტურდა, რომ არხი დატოვა რეგიონულმა პროდიუსერმა ირაკლი აბსანძემაც.
შეგახსენებთ, რომ არხის რეორგანიზაციისა და ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნის შემდეგ, ტელეკომპანია დატოვეს დილის გადაცემის ჟურნალისტებმა, ასევე გადაცემა "კონსილიუმის" წამყვანმა ვასილ მაღლაფერიძემ.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კახა ბექაური შესაძლოა, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელად დაინიშნოს.