თამარ ჩერგოლეიშვილი: პრემიერ-მინისტრს მეტყველების შესაძლებლობა შეუზღუდეთ, ან დაარიგეთ, რა ილაპარაკოს!

თამარ ჩერგოლეიშვილი: პრემიერ-მინისტრს მეტყველების შესაძლებლობა შეუზღუდეთ, ან დაარიგეთ, რა ილაპარაკოს!

თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქზე“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ივერიონი“ უცვლელად გტავაზობთ:

 

„მესმის, რომ ბრაზობთ, როდესაც თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის პირველ თვეს სამარცხვინოდ აფასებს საერთაშორისო პრესა, შეშფოთებას გამოხატავენ საერთაშორისო ორგანიზაციები, შეერთებული შტატების ხელისუფლება. 

 

ნამდვილად საწყენია, რომ თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქართული დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ კითხვებმა არათუ იკლო, არამედ ბევრად იმატა. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გვქონდა შანსი, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის ფაქტი ქვეყნის სასარგებლოდ გამოგვეყენებინა და წინ წავსულიყავით დემოკრატიის კონსოლიდაციის მიმართულებით. სამწუხაროდ, თქვენ ეს ვერ შეძელით. იმედს ვიტოვებ, რომ გვიანი არ არის. 

 

მესმის, რომ დიდია ცდუნება საკუთარი შეცდომები სხვას გადააბრალო. თუმცა, არ მესმის, ხმამაღლა როგორ ამბობთ, რომ თქვენს კრიტიკას წინა ხელისუფლება აფინანსებს. ამაზე ხმამაღლა საუბარი ხომ სირცხვილია? 

 

ამიტომ გადავწყვიტე აგიხსნათ, რაში მდგომარეობს კრიტიკის არსი და რამ გამოიწვია ის. 

 

მართლმსაჯულების აღსრულებას ხელს არავინ უშლის. ყველასთვის (როგორც ჩემთვის, ისე რასმუსენისთვის, ისე ჰილარი კლინტონისთვის) ცხადია, რომ ის ადამიანები, ვინც ციხეში პატიმრებს აწამებდნენ, მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგნენ, თუ ვიღაც კორუმპირებული იყო, უნდა დაისაჯოს, თუ რომელიმე თანამდებობის პირმა დანაშაული ჩაიდინა, ამაზე პასუხი უნდა აგოს. ამაზე არავინ გედავებათ. 

 

მაგრამ თქვენი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ მართლმსაჯულება არ გაღელვებთ. თქვენ (შესაძლოა, ზურგის ტვინით) ხვდებით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ "ცოცხლად" დატოვება საქმეს გაგირთულებთ, რადგან მათი სახით მუდმივად დაგაკვირდებათ ძალა, რომელიც თქვენს წინასაარჩევნო დაპირებებს შეგახსენებთ, რომელიც გაგაკრიტიკებთ. იმასაც ხვდებით, რომ თქვენი მოთხოვნის შესაბამისად რიტორიკას არავინ შეიცვლის. 

 

ამიტომ ადარებთ „ნაციონალურ მოძრაობას“ ნაცისტურ პარტიას და საუბრობთ "დენაციფიკაციაზე". 

 

ეს სიგნალი ყველა საღად მოაზროვნეს მისდის, ამას ყველა საღად მოაზროვნე ხვდება როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით. პირველ რიგში, იმიტომ, რომ თავად "ბატონი ბიძინა" ვერ მალავს თავის გამოსვლებში. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ პასუხგაუცემელი რჩება კითხვები, თუ ეს ყველაფერი "საყოველთაო სამართლიანობის" აღსადგენად ხდება:

 

ა) რატომ ეხება ეს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს და არ ეხებათ „ქართული ოცნებისადმი“ ლოიალურად განწყობილი პერსონების აგრესიულ ვაჟებს, მაგალითად რატომ შეუფარდეს დაკავების სახით აღმკვეთი ღონისძიება შოთა ხიზანიშვილს, მაშინ როდესაც ეკა ბერიძისა და ლევან გაჩეჩილაძის ვაჟები გარეთ დასეირნობენ? 

 

გ) რატომ იჭერენ გუნავას ბენზინის ტალონების გამო, მაშინ როდესაც ამერიკის საელჩოსთან ტერორიზმში მსჯავრდებულებს და აგრესიულ ფუნდამენტალისტებს მმართველი პარტიის წარმომადგენლები პოლიტმატიმრის სტატუსს ანიჭებენ? 

 

დ) რატომ არ დააკავეს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი ლუკა კურტანიძე მუქარისა და დაშინებისთვის, და რატომ დააკავეს ზესტაფონის გამგებელი გეწაძე ორი წლის წინათ ჩხუბისთვის? 

 

ე) რატომ დაიწყო მართლმსაჯულების "ზეიმი" ივანიშვილისთვის 80 მილიონის უკან დაბრუნებით, მაშინ როდესაც ამდენი ადამიანი გრძნობს უსამართლოდ დაჯარიმებულად თავს? 

 

და ასე შემდეგ... კითხვა ბევრია. 

 

მოკლედ, ახალო მთავრობავ, თუ გსურთ დასავლეთის კრიტიკა არ დაიმსახუროთ, ქვეყანა იზოლაციაში არ მოაქციოთ და რუსეთის გარდა სხვა არჩევანიც დაგვიტოვოთ: 

 

ა) თანმიმდევრულები იყავით;

ბ) ნუ ცდილობთ ოპოზიციური პოლიტიკური ძალის განადგურებას;

გ) პრემიერ-მინისტრს მეტყველების შესაძლებლობა შეუზღუდეთ, ან დაარიგეთ, რა ილაპარაკოს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: