საქართველოში ყველაზე მეტი მოთხოვნა პროგრამისტებზეა

საქართველოში ყველაზე მეტი მოთხოვნა პროგრამისტებზეა

სამუშაო ვაკანსიების ნაკლებობა და დაუსაქმებლობის პრობლემა უკვე დიდი ხანია ჩვენს ქვეყანაში პრობლემად იქცა. ის, რომ საქართველოში საკმაოდ რთულია სამსახურის შოვნა როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სტრუქტურებში, ყველასთვის ცხადია.


არსებობს სამსახურის საძიებო პორტალი, სადაც თითქმის ყველა ტიპის ვაკანსიაა აღნუსხული, თუმცა ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ნაცნობების გარეშე თითქმის შეუძლებელია სამუშაოს დაწყება.


სტუდენტი, რომელიც უმაღლეს სასწავლებელს ამთავრებს, მისი მომავალი საქმიანობა თითქმის ბუნდოვანია.


იწყება რეზიუმეების გაუთავებელი გზავნა სხვადასხვა ორგანიზაციების ელექტრონულ ფოსტებზე, გასაუბრებები. თავაზიანი, ღიმილიანი პასუხები: - იცით, თქვენ თითქმის ჩვენს მიერ ჩამოთვლილ თითქმის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებთ და არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენს ენაში არსებობს მრავლისმთქმელი "თითქმის". გასაუბრების მეორე ეტაპი და ბოლოს გაუთავებელი მოლოდინი იმისა, რომ დაგირეკავენ და გეტყვიან – დიახ, თქვენ აყვანილი ხართ სამსახურში.


"ივერიონი" საჯარო სამსახურების მიერ გამოცხადებული ვაკანსიებით დაინტერესდა, თუ რომელი სფეროა ყველაზე მოთხოვნადი და რა პროფესიებს ენიჭება პრიორიტეტი.
როგორც სახელმწიფო სამსახურების ვაკანსიების ვებპორტალიდან ჩანს ყველაზე მეტი მოთხოვნა კომპიუტერული პროგრამების სპეციალისტებზეა. იურისტებზე მოთხოვნა ცოტათი ჩამორჩება პროგრამისტებზე მოთხოვნას. აქტუალურია აგრეთვე ეკონომიკის სფეროც, რომელიც ბიზნესის მართვას და მარკეტინგს მოიცავს. მოთხოვნადია ფსიქოლოგიაც. აქტუალურია მანდატურის სამსახური, პედაგოგიკა, კინოლოგია და მრავალი სხვა.


რაც შეეხება კერძო კომპანიების მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებს, ყველაზე მოთხოვნადი დისტრიბუტორის პოზიციაა. ლიდერობს სარეკლამო აგენტის, გაყიდვების მენეჯერის, სტილისტის, მზარეულის, კონსულტანტის, მოლარე-ოპერატორის, უძრავი ქონების აგენტისა და პრისელერის ვაკანსიები.


არჩევანი, შეიძლება ითქვას, მრავალფეროვანია. ყველაფერი თქვენს სურვილებზე, შესაძლებლობებზე, მოთხოვნებსა და პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული. თუმცა მნიშვნელობა იღბალს და გამართლებასაც აქვს.

ლანა გაბუნია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: