დიმიტრი შაშკინი ამერიკიდან თავს იმართლებს!

დიმიტრი შაშკინი ამერიკიდან თავს იმართლებს!

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი, კალაშნიკოვის სისტემის საბრძოლო შაშხანების საეჭვო შესყიდვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს "facebook" საკუთარ გვერდზე  ეხმაურება.


“რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრძანა იმის შესახებ, რომ თავდაცვის სამინისტროს ჰქონდა განხორციელებული კალაშნიკოვის სისტემის საბრძოლო შაშხანების საეჭვო შესყიდვა. მოგვიანებით ბატონმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ ამ შესყიდვებთან დაკავშირებით რთულია ინფორმაციის მოპოვება, რადგან მე შეერთებულ შტატებში, ხოლო ბაჩო ახალაია ციხეში იმყოფება (ჩემი აზრით უცნაური ლოგიკაა). მე კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, რომ ყოველთვის მზად ვარ, ვუპასუხო ნებისმიერ შეკითხვას, თუ ბრალდებას. ამერიკაში ჩემი წამოსვლის ერთ–ერთი მიზეზიც სწორედ ის იყო, რომ საშუალება მქონოდა, მეპასუხა საზოგადოებისთვის ღიად ასეთი ტიპის ბრალდებებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ეს შესყიდვა ბაჩო ახალაიას მინისტრობის პერიოდში განხორციელდა, პასუხისმგებლობას მეც ვგრძნობ და ვთვლი, რომ ყველა ბრალდებას და შეკითხვას უნდა ვუპასუხოთ.

ერთ–ერთ ინტერვიუში საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სწორად აღნიშნა, ჩვენი გუნდის მნიშვნელოვან შეცდომას ის წარმოადგენს, რომ ჩვენ არ ვპასუხობდით ჩვენი აზრით სულელურ და უსაფუძვლო ბრალდებებს. ჩვენ გვეგონა, რომ საზოგადოება ისედაც მიხვდება და გაარჩევს მტყუან–მართალს. სამწუხაროდ, შედეგად ჩვენ მივიღეთ უამრავი ცრუ, ტყუილზე დაფუძნებული სტერეოტიპი და მითი ჩვენი გუნდის შესახებ.


რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა  დიდი დანაკარგი განიცადეს, როგორც პირადი შემადგენლობის, ასევე შეიარაღების კუთხით. მტერმა საქართველოს ბაზებიდან მოიპარა და გაზიდა არა მხოლოდ უნიტაზები და ლეიბები, არამედ იარაღიც. ომის შემდეგ მწვავედ დადგა საკითხი, შექმნილიყო შინაარსობრივად ახალი ტიპის რეზერვი. ზუსტად რეზერვისთვის იყო შესყიდული ბრალდებაში ნახსენები იარაღი. მოგეხსენებათ M4 ტიპის ნატო-ს სტანდარტის საბრძოლო შაშხანა ხარისხით ბევრად უკეთესია AK-ის (კალაშნიკოვის) იარაღზე, თუმცა M4 უფრო რთულად მოსავლელია და სპეციალურ მომზადებას ითხოვს. სამხედრო ექსპერტებმა გვირჩიეს, რეზერვისთვის სწორედ AK ტიპის იარაღი შეგვესყიდა, რადგანაც რეზერვში მყოფ ჯარისკაცებს საომარ ვითარებაში გაადვილებოდათ იარაღის მოვლა, ადვილად აეთვისებინათ მისი მოხმარების წესები და რაც მთავარია, პარტიზანული ბრძოლების შემთხვევაში მტრის ტყვია–წამლის გამოყენების შესაძლებლობა ჰქონოდათ. (მოგეხსენებათ, რომ რუსეთის არმია შეიარაღებულია AK შაშხანებით).


ეს შესყიდვა განხორციელებული იყო ეგრეთ წოდებულ "თეთრ ბაზარზე", აბსოლუტურად კანონიერად. არსებობს ინფორმაცია გამყიდველზე და თუ ვინმე ფასის საკითხით დაინტერესდება, ეს ძალიან ადვილად გადასამოწმებელი ინფორმაციაა, რადგან იარაღის "თეთრი" ბაზარი არის მკაცრად კონტროლირებადი და რეგლამენტირებული.


მე აქვე მინდა დავასწრო მოვლენებს და მოსახლეობას ავუხსნა (რადგანაც ველი რომ ამას უკვე მე დამაბრალებენ) რომ ჩემი ხელმოწერით იყო განხორციელებული M4 ტიპის საბრძოლო შაშხანების შესყიდვა ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც მიემგზავრებოდნენ ავღანეთში ISAF-ის მისიის ფარგლებში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს ჯარისკაცებს მოუწევდათ სხვისი ნახმარი იარაღით ბრძოლა, რაც ჩემი ღრმა რწმენით აბსოლუტურად მიუღებელია. ამ შემთხვევაშიც როგორც ფასი, ისე გამყიდველი არის სრულიად საჯარო და ინფორმაცია ამის შესახებ მიეწოდათ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ შეიარაღების შესყიდვის მონიტორინგს",- წერს დიმიტრი შაშკინი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: