რა ხმებს უვრცელებს აკაკი მინაშვილი ქარელის გამგებელს?
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრმა აკაკი მინაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქარელის გამგეობაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა.
მისი თქმით, საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობა გამგებელს ილია ბურჯანაძეს გადადგომისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაკავებით ემუქრება.
„ივერიონი“ ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელს ილია ბურჯანაძეს დაუკავშირდა. მან ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ გამგეობასა და მას დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში მართლაც შევიდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, თუმცა მასზე რაიმე სახის წეზოლა ან მუქარა არ ყოფილა.
„სამი დღის წინ შემოვიდა საგამოძიებო სამსახური, წაიღეს დოკიმენტაცია. მსგავსი შემოწმებები სხვა დროსაც ყოფილა და ამჯერად რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევასთან ნამდვილად არ გვაქვს საქმე. მით უმეტეს, არავინ დამმუქრებია და არც გადადგომაზე მიუნიშნებიათ რამე. ასე რომ, ჩემთვის უცნობია, ვინ მიაწოდა აკაკი მინაშვილს ასეთი ინფორმაცია“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
ილია ბურჯანაძის თქმით, მომავალ კვირას საკრებულოს სხდომაა დანიშნული, სადაც სავარაუდოდ, გამგებლის თანამდებობაზე მისი დარჩენის მიზანშეწონილობაზე ისაუბრებენ. „საკრებულო, ალბათ, მიიღებს გადაწყვეტილებას და რასაც გადაწყვეტენ, დავემორჩილები, არ ვაპირებ წინააღმდეგობის გაწევას“, - ამბობს ილია ბურჯანაძე.
ილია ბურჯანაძე საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ქარელის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინეს, თუმცა ის „ქართული ოცნების“ კანდიდატთან - ლერი ხაბელოვთან დამარცხდა.