ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ამერიკული აკადემიის ახალი შენობა გაიხსნება

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ამერიკული აკადემიის ახალი შენობა გაიხსნება

დღეს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე "გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია" ახალ შენობას საზეიმოდ გახსნის. 

"თიბისი ბანკის" ინფორმაციით, ღონისძიებას "თიბისი ჯგუფის" პრეზიდენტი, ამერიკული აკადემიის დამფუძნებელი და თანათავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე  და  სკოლის დირექტორი გარი კრიპინი გახსნიან. 

 

ამერიკული აკადემია 2001 წელს ქართველმა ბიზნესმენებმა - გივი ზალდასტანიშვილმა და მამუკა ხაზარაძემ დააარსეს. 2011 წლის 26 აპრილს საძირკველი ჩაეყარა ამერიკული აკადემიის ახალი ნაგებობის მშენებლობას, რომელიც 2012 წლის აგვისტოში დასრულდა. 

 

შენობის არქიტექტურულ ნაწილზე მუშაობდნენ კომპანიის "არქიტექტს.ჯი" არქიტექტორები - გაგა კიკნაძე და მარიკა სანაია. დანიურმა კომპანიამ "ნირასი" მწვანე კონცეფციის შემუშავებაში მიიღო მონაწილეობა. სამშენებლო სამუშაოები შეასრულა სამშენებლო კომპანიამ - "ენსისი".  ინტერიერის დიზაინის ავტორია ჰოლანდიური კომპანია “ჩონცერნია". 

 

ამერიკული აკადემიის ახალი შენობა განლაგებულია 4700 კვადრატულ მეტრზე და მოიცავს 33 საკლასო ოთახს, 3 მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილ ლაბორატორიას, 300 მოსწავლეზე გათვლილ აუდიტორიასა და კაფეტერიას. აკადემიის ბიბლიოთეკა მოსწავლეებს საინფორმაციო რესურსების ფართო არჩევანს სთავაზობს: მოსწავლეთა განკარგულებაშია 24 ათასი  წიგნი. ამჟამად დასრულების პროცესშია აკადემიის სპორტული ბაზის მშენებლობა კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნებით, რომლებიც 776 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული და სრულად პასუხობს აღნიშნული სახეობების საერთაშორისო სტანდარტებს. სკოლის განვითარების მეორე ეტაპზე იგეგმება 25-მეტრიანი საცურაო აუზისა და ხელოვნების ცენტრის მშენებლობა, სადაც თეატრი, საგამოფენო დარბაზი და საცეკვაო სტუდია განთავსდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: