ილია მეორე: თუ მეცნიერება დაეცემა საქართველოში, თვითონ ქართველი ხალხიც დაეცემა!

ილია მეორე: თუ მეცნიერება დაეცემა საქართველოში, თვითონ ქართველი ხალხიც დაეცემა!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაში ახალგაზრდებს მოუწოდებს იმეგობრონ არა ტელევიზორთან, რადიოსთან და ინტერნეტთან, არამედ – წიგნებთან.

 

მისმა უწმინდესობამ დღეს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას მეცნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბერძნულისგან განსხვავებით, საქართველოს მონასტრები საზღვარგარეთ და საქართველოში  სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდნენ და ხატმწერები, წმინდანების გარდა,   ანტიკური ფილოსოფოსების ხატებსაც წერდნენ.

 

"დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ პერიოდში. ეს რთული პერიოდია მთელ მსოფლიოში. ადამიანები უფრო გამიწიერდნენ. მატერიალისტები გახდნენ და როცა ვეკითხებით ახალგაზრდებს, სად უნდათ სწავლა, ან საერთოდ არ უნდათ, ან  საფინანსო, ეკონომიკურ და ისეთ სასწავლებლებში მიდიან, სადაც მატერიალური შემოსავალი ექნებათ. მინდა, მივმართო ახალგაზრდებს და ვუთხრა, რომ თუ მეცნიერება დაეცემა საქართველოში, თვითონ ქართველი ხალხიც დაეცემა", - ბრძანა უწმინდესმა. 

 

მან ასევე ისაუბრა, რომ ქართულმა ეკლესიამ  ძალიან მძიმე გზა გაიარა. იგი იდევნებოდა და ამიტომაც არ ჰქონდა საშუალება ეწერა და მეცნიერების განვითარებაზე ეზრუნა.

 

"ეკლესიის საქმეს ჩვენი დიდი მეცნიერები აკეთებდნენ. აქ არიან მეცნიერთა აკადემიის პრეზიდენტი, ასევე უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი როინ მეტრეველი და სხვები. მინდა გამოვთქვა ერისა და ეკლესიის აზრი: მადლობა ჩვენს მეცნიერებას, რომ შეგვინარჩუნეს ეს განძი. მინდა მივმართო ახალგაზრდებს, რომ თქვენი მუდმივი მეგობარი  ტელევიზია, რადიო და ინტერნეტი კი არა,  წიგნები უნდა იყოს. წიგნი უნდა გვედოს საწოლთან. კლიმენტი ალექსანდრიელი წერდა, რომ მორწმუნე ადამიანი არის მონა ღვთისა, ხოლო მორწმუნე და განათლებული ადამიანი – მეგობარი ღვთისა", - ბრძანა უწმინდესმა. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: