ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ჩაიშალა
2012 წლის ბოლოს საქართველოში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი იგეგმებოდა. საქართველოში ისრაელის ელჩის იუვალ ფუქსის ინფორმაციით, კი ეს ვიზიტი აღარ შედგება.
ამის შესახებ ელჩმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ელჩმა ვიზიტის გადადების მიზეზი არ დააკონკრეტა. მისი თქმით, ამ დროისთვის უცნობია, როდის ჩამოვა ავიგდორ ლიბერმანი საქართველოში.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ისრაელის საინფორმაციო საშუალებებით ოქტომბერში გავრცელდა. აღნიშნული ცნობების თანახმად, ლიბერმანის ვიზიტი 2012 წლის ბოლომდე უნდა შემდგარიყო.
ვიზიტის გადადება გაეროს რეზოლუციას უკავშირდება. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ისრაელისა და აშშ-ს წინააღმდეგობის მიუხედავად, პალესტინისთვის სტატუსის გაზრდას დაუჭირა მხარი. მხარდამჭერ ქვეყნებს შორის არის საქართველოც.