"ივანიშვილმა ხუხაშვილი მოისროლა, მისი საცეცები კი "ქართულ ოცნებაში" ისევ რჩება!"
"ივერიონს" ესაუბრება "სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ამირეჯიბი.
_ ლაშა, საზოგადოების ერთი ნაწილი უკვე ღიად აკრიტიკებს ბიძინა ივანიშვილს არასწორი საკადრო პოლიტიკის გამო. მათ შორის, ის პოლიტიკოსები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც არიან "ქართულ ოცნებას" მხარს რომ უჭერდნენ და საპარლამენტო არჩევნებში ამ კოალიციის გამარჯვებას გარკვეულწილად ხელიც შეუწყვეს. ჯერ დაფარულად, მაგრამ თავად "ქართული ოცნების" ლიდერები და აქტივისტები არ მალავენ, რომ "ქართულ ოცნებას" ნებისმიერ სამთავრობო დონეზე აქვს "საკადრო გარღვევა". მავანნი ირწმუნებიან, საქართველოში "საკადრო დეფიციტია" და ეს ამის ბრალიაო, ზოგი აცხადებს, ბიძინა ივანიშვილს საკუთარი გარემოცვა ახვევს ისეთ კადრებს, რომლებიც მერე საყოველთაო კრიტიკას იწვევენო. როგორ ფიქრობთ, რომელი მხარეა მართალი?
_ "აღმოჩენა", რომ საქართველოში "საკადრო დეფიციტია", ბატონ გია ხუხაშვილს ეკუთვნის, რაც სიცრუეა. საქართველოს არც ერთ სფეროში არ აკლია კვალიფიციური ხალხი, მათ მოძიება სჭირდება, მაგრამ ამას არ აკეთებენ. სამაგიეროდ, ძალოვანი უწყებები (განსაკუთრებით, შს სამინისტრო) გაივსო ოდიოზური ფიგურებით, შევარდნაძის დროინდელი ისეთი კადრებით, რომელნიც დანაშაულში იყვნენ მხილებულნი. ამ უწყებაში ასევე მრავლად არიან "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერები. ის ხალხი, რომლებიც თავის დროზე ოპოზიციას დევნიდან, ვისაც 2007 წლის ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის აქციების დარბევაში არათუ მონაწილეობა აქვთ მიღებული, მეტიც, ამ დარბევებს ხელმძღვანელობდნენ. ირაკლი ღარიბაშვილი წესიერი კაცია, კარგი მენეჯერი და ეჭვი ამ მეპარება, საბოლოოდ ჩინებული მინისტრიც დადგება. თუმცა, ამ ეტაპზე მას პრობლემებს უქმნიან მისივე ხელქვეითები. არ აწვდიან რეალურ ინფორმაციას თვით სამინისტროში არსებულ მდგომარეობაზე _ იმ ხალხის შესახებ, ვინც იქ მუშაობს და წესით, არ უნდა მუშაობდეს, ღარიბაშვილს სრული ინფორმაცია არა აქვს ქვედა რგოლებიდან.
_ ანუ, ირაკლი ღარიბაშვილი საინფორმაციო ბლოკადაშია?
_ საინფორმაციო ბლოკადას ვერ ვიტყვი, მაგრამ სრულყოფილი ინფორმაცია ნამდვილად არ აქვს. ამას წინათ ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას ინფორმაცია არ ჰქონდა. ცხადია, არც ექნებოდა, რადგან მისთვის გაფილტრული ინფორმაციის მთავარი მიმწოდებელი ღარიბაშვილია და თუ თავად მინისტრს აქვს პრობლემები ინფორმაციის მიღებაში, შესაბამისად, ის ივანიშვილს მიაწვდის მხოლოდ იმას, რაც ხელთ აქვს.
_ მაინც, ვინ უბლოკავს მინისტრს ინფორმაციას?
_ "ნაციონალური მოძრაობის" ის კადრები, რომლებიც შერჩნენ შს სამინისტროს. ყველა, ვინც პოლიტიკური ნიშნით მუშაობდა ამ სისტემაში, უნდა დაითხოვონ სამინისტროდან. გარდა ამისა, სამინისტროში დააბრუნეს ბევრი ისეთი ადამიანი, რომელთაც სერიოზული დანაშაულობები აქვთ ჩადენილი. მაგალითად, თავდაცვის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე მუშაობს ლევან გაბუნია. ეს ის გაბუნიაა, რომელმაც მეგის ქარდავასთან ერთად პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე უსაფუძვლოდ დააკავა და ბაჩო ახალაიას მიჰგვარა. ახლა სერგო თეთრაძის საქმე ხალახალ ძიებაშია და ლევან გაბუნიას გვარი უეჭველად ამოტივტივდება. ამიტომ, რაც უფრო მალე გაუშვებს მას სამინისტროდან ღარიბაშვილი, მით უკეთესი.
_ საიდან მოხვდა ლევან გაბუნია ამ პოსტზე?
_ ჩემი ინფორმაციით, ის ირაკლი ალასანიას გუნდთან არის დაახლოებული და ამის წყალობით დაინიშნა ამ თანამდებობაზე. თავის დროზე, სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმის გამოძიების მოთხოვნით ირაკლი ალასანია აქციებს ატარებდა და კარგი იქნება, თუ დაინტერესდება ამ მკვლელობაში ლევან გაბუნიას რა წვლილი მიუძღვის.
_ ლაშა, შენ ადრე, " ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის დაკომპლექტების პერიოდში ამბობდი, რომ ამ კოალიციის პროპორციული და მაჟორიტარული ოლქების კანდიდატთა სიები ხვედელიძემ დააკომპლექტაო.
_დავაკონკრეტებ, ხვედელიძემ და გია ხუხაშვილმა. სამწუხაროდ, გია ხუხაშვილს ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილზე, ხუხაშვილმა და ხვედელიძემ დააკომპლექტეს "ქართული ოცნების" საარჩევნო სია, გარდა იმ 20-30 კაცისა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ხელით ჩაწერა ამ სიაში. მერე ეს სია გადაეცა კოალიციის შტაბის უფროსს დავით საგანელიძეს, მას არც ერთი კაცის ამოღების ნება არ ჰქონდა, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაამატა. გია ხუხაშვილის გაცილებით მეტი კანდიდატი მოხვდა სიაში, ვიდრე ხვედელიძისა. საბოლოოდ კი, ამ ორმა კაცმა დააკომპლექტა სიის 80 პროცენტი.
გია ხუხაშვილს ბიძინა ივანიშვილი ენდობოდა და მან ამით ისარგებლა. ძალოვან უწყებებში ბევრი მისი კადრია, თანაც ისეთები, ვაჟა ლილუაშვილი მონაგონია მათთან. ერთ-ერთი ქალაქის პოლიციის უფროსად დაინიშნა პიროვნება, რომელმაც უდანაშაულო ადამიანი ამ რამდენიმე წლის წინ ისე სცემა, დააინვალიდა. ვერაფრით ვერ განიკურნა და ორი კვირის წინ ფეხი მოჰკვეთეს. ამ ძალოვანი ჩინოვნიკის ვინაობას მალე გავამხელ.
_ იმხელა გავლენა ჰქონდა გია ხუხაშვილს, რომ თითქმის მთელ საკადრო პოლიტიკას ის წარმართავდა "ქართულ ოცნებაში" და მერე ხელისუფლებაშიც?
_ კი, ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა. ახლა ოფიციალურად წამოსულა "ქართული ოცნებიდან", თუმცა მისი საცეცები კვლავ აკონტროლებენ საკადრო პოლიტიკას. ახლახან "საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ კოკა გუნცაძე დაინიშნა. კოკას კარგად ვიცნობ. ხუხაშვილის ძალისხმევით, მის მოადგილედ დაინიშნა ვინმე ბიჭაშვილი, ძველი რკინიგზელი. როცა თავად ხუხაშვილი "საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო, ბიჭაშვილი მისი მარჯვენა ხელი გახლდათ. კოკა გუნცაძის შინაგან პატიოსნებაში ეჭვი არ მეპარება, სწორედ ასეთი ადამიანი სჭირდება ხუხაშვილს, რომ მის გაუსვრელ იმიჯს ამოაფაროს ბიჭაშვილი.
_ რა ინტერესები აქვს რკინიგზაში ხუხაშვილს, როცა მოადგილედ გუნცაძეს საკუთარი კაცი "ჩაუსვა"?
_ საკუთარი ინტერესების გარეშე გია ხუხაშვილი თითს არავის გულისთვის არ გაანძრევს და არც ბიჭაშვილის დარდი ჰქონდა, როცა მოახერხა და ის კოკა გუნცაძეს მოადგილედ დაანიშნინა. ცხადია, ფინანსური ინტერესები აქვს ხუხაშვილს რკინიგზაში, მის ფინანსურ წყაროს კი ბიჭაშვილი გააკონტროლებს. რა დასამალია, რომ რკინიგზაში უზარმაზარი ფული იშოვება. ასე იყო შევარდნაძის დროს, შემდგომ პერიოდშიც და ახლაც ასეა. სავარაუდოდ, ჩვენ მალე ვნახავთ, რომ "საქართველოს რკინიგზაში" სხვადასხვა სახის ტენდერებში გაიმარჯვებენ ფირმები, რომლებიც რაღაც ფორმით, აუცილებლად იქნებიან ხუხაშვილთან დაკაშვირებულნი. ფულის კეთების სხვა მრავალი გზა არსებობს რკინიგზაში და ხუხაშვილმა ყველა გზა კარგად იცის, ის საკმაო ხანს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და კორპორაციული დირექტორი იყო.
თქვენმა სააგენტომ ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გია ხუხაშვილმა მიხეილ სააკაშვილს შეუთვალა _ თუ დავით კეზერაშვილის ბიზნესს მომცემ, ბიძინა ივანიშვილის შესახებ უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას მოგაწვდიო. საბედნიეროდ, ეს გარიგება არ შედგა, თუმცა უნდა გითხრათ, რომ თქვენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია გადავამოწმე და ის რეალურია _ ხუხაშვილი მზად იყო კეზერაშვილის ბიზნესისა და მისი სხვადასხვა ბიზნესზე გავლენის ხელში ჩასაგდებად გაეყიდა ივანიშვილი. "ქართული ოცნებიდან" წამოსულმა გია ხუხაშვილმა ოფისი ვაკეში, PIXEL-ის შენობაში იქირავა კეზერაშვილის კუთვნილი ოფისი. ვაკეში და საერთოდ თბილისში საოფისე ფართების მეტი რა არის, რაღა კეზერაშვილს მიადგა? ვინმე იტყვის, შეიძლება არ იცოდა, რომ PIXEL-ი კეზერაშვილისა იყოო. ხუხაშვილმა იმდენი რამე იცის, ზოგს არც დაესიზმრება და რაღა ეს გამოეპარა? ანდა, ახლა ხომ იცის, ვისიც არის ეს შენობა, რატომ არ მიატოვა? რატომ მიუჩოჩდა "ნაციონალთა" ერთ-ერთ ლიდერს და მათი ფინანსების მთავარ მაკონტროლებელს? თუ ივანიშვილის მხარდამჭერია, მისგან შორს უნდა ეჭიროს თავი, ეს კი "ჩაუსახლდა" კეზერაშვილს. ბევრი საეჭვო შეინიშნება ხუხაშვილის ქმედებებში და ამაზე არ უნდა გავჩერდეთ, არ უნდა გაჩუმდეს ის ხალხი, ვინც ბიძინა ივანიშვილს უჭერს მხარს, თორემ ისეთ პრობლემებს შეუქმნის, მათ გამოსწორებას დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება, საერთოდ თუ შესაძლებელი გახდა მათი გამოსწორება.
წეღან ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია ვახსენე და ისევ იქ უნდა დავბრუნდე. ამ პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა საკადრო პოლიტიკაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებზეც ხალხი ამბობს, რომ მათ ცუდი წარსული და ისტორია აქვთო. ცუდი ისტორია კი არა აქვთ, ხალხმა ამ ადამიანების კონკრეტული დანიშნულებები იცის. ხალხს მათი შეურაცხმყოფელი განცხადებები და დანაშაულებრივი ქმედებები კარგად ახსოვს და ამის პატიებას მათთვის არ აპირებს. ეს ადამიანები, ძირითადად, ხუხაშვილის კადრები არიან და ვიდრე ივანიშვილსა და მის მინისტრებს მათ გამო საბოდიშოდ არ გახდომიათ საქმე, უმჯობესია, მოიშორონ თავიდან.
_ კიდევ რომელ უწყებაში არიან ხუხაშვილის კადრები მაღალ პოსტებზე?
_ ენერგეტიკის სფეროში შეაღწიეს გია ხუხაშვილის ხალხმა და თუ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ დროზე არ გაუშვა ისინი, სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიან. კახი კალაძის მოადგილეა ვალიშვილი. ეს პიროვნება ბლოკავს ნიკა გილაურისა და ალექსანდრე ხეთაგურის მინისტრობის პერიოდში გაფლანგული 200 მილიონის გამოძიების პროცესის დაწყებას. ცდილობს, ეს საქმეები ჩაფარცხოს. ვინმე დაიჯერებს, რომ ვალიშვილი უანგაროდ ირჯება ამ 200 მილიონის ჩასაფარცხად? მე ძალიან მეეჭვება, ასე იყოს. კახი კალაძემ თუ ამის შესახებ არ იცის, იქნებ ახლა მაინც შეიტყოს, ფინანსური პოლიცია შეუშვას სამინისტროში, რათა გაარკვიონ, სად გაქრა 200 მილიონი. ეს ინფორმაცია ენერგეტიკოსებმა მომაწოდეს და უტყუარია.
ხუხაშვილის შესახებ უარესსაც გეტყვით, გახსოვთ, ალბათ, ეროვნულმა ბანკმა "ქართუ ბანკში" დროებით მმართველად კახა უგულავა რომ დანიშნა. მაშინ უგულავამ ლამის გააკოტრა ბიძინა ივანიშვილის ბანკი _ სამ იურიდიულ პირს 160 მილიონი კრედიტი, თან შეღავათიანი პირობებით, ერთ კვირაში დაუმტკიცა, უგულავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის მითითებას ასრულებდა და ეს იყო პოლიტიკური ნიშნით ბიზნესის გაკოტრების მცდელობა. ივანიშვილმა 80 მილიონიანი ჯარიმა გადაიხადა და დროებითი მმართველი უგულავა უკან გაიწვია ქადაგიძემ. ახლა, როგორც ვიცი, კახა უგულავას ცუდად აქვს საქმე, სამართალდამცავები მის უკანონო ქმედებების შესწავლას აპირებენ, გია ხუხაშვილი კი დარბის, რომ კახა უგულავა გადაარჩინოს. გეკითხებით, უანგაროდ აკეთებს ამას? რაღაც, არა მგონია. ან კიდევ, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, მისი ერთ-ერთი ყველაზე სანდო ადამიანი, დღეს მისი, ფაქტობრივად, მტრის გადასარჩენად ირჯება. აი, ეს კაცია გია ხუხაშვილი, მას არასდროს ანაღვლებდა ქვეყნის ბედი, მისთვის მთავარი პირადი ინტერესებია და ადამიანის ერთგულებაც უცხოა მისთვის.
_ "ნაციონალები" ყველა დაჭერილ ყოფილ ჩინოვნიკზე ამბობენ, რომ ის პოლიტიკური ნიშნითაა დაჭერილი და დღენიადაგ პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკობენ.
_ მაგათ შუბლის ძარღვი არასდროს ჰქონიათ, არ არსებობს ქვეყნაში სიავე და სისაძაგლე, "ნაციონალებმა" რომ არ იკადრონ. პოლიტიკური დევნა მათი 9 წლიანი მმართველობის დროს ჩვეულებრივი ამბავი იყო. არ გახსოვთ, წინასაარჩევნოდ, რა ხდებოდა? რამდენი უდანაშაულო ადამიანი დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" უბრალო აქტივისტები იყვნენ? დაავიწყდათ, რა საშინელებებს სჩადიოდა კონტროლის პალატის ჩინოვნიკი ნათია მოგელაძე? ვინც თანხა გადაურიცხა "ქართულ ოცნებას" ყველა ამ თანხის ათმაგი ოდენობით დააჯარიმეს, სახლები დაუყადაღეს და კონტროლის პალატაში ამ ადამიანებს კუდ-ის გამომძიებლები ჰკითხავდნენ. არჩევნები რომ მოეგოთ "ნაციონალებს", ასეულობით ადამიანი დარჩებოდა უსახლკაროდ. აი, ეს იყო პოლიტიკური დევნა.
7 ნოემბრისა და 26 მაისის აქციების ორგანიზატორთა და ამ აქციებში მონაწილეთა დაკავება იყო პოლიტიკური დევნა. რომელ პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკობენ, როცა 9 წლის მანძილზე, სისტემატურად სულში აფურთხებდნენ ქართველ ხალხს, საზოგადოება დაყვეს ორ ნაწილად _ "ნაციონალებად" და დანარჩენებად, მეორეხარისხოვან მოქალაქეებად. ლამის სამოქალაქო ომი გააჩაღეს ქვეყანაში. უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი ამ 9 წლის მანძილზე და ყველაფერზე უნდა აგონ პასუხი, საზოგადოება მკაცრად მოითხოვს ამას და საზოგადოების მოთხოვნა უნდა შესრულდეს!
ქართველმა ხალხმა პირველ ოქტომბერს გააკეთა არჩევანი და "ნაციონალურ მოძრაობას" უარი უთხრა ქვეყნის მმართველობაზე. ეს უნდა შეიგნონ "ნაციონალებმა". მათი ლიდერები ყოველდღე ლაპარაკობენ, რომ პოლიტიკური ზეწოლაა რაიონულ და ქალაქების თვითმმართველობებზე და ამ პროცესს "ქართული ოცნება" მართავს. ესეც სულელური ბრალდებაა. ხალხს ყელში ამოუვიდა "ნაციონალთა" გამგებლები და საკრებულოს წევრები, რომელთაც ხალხის ხარჯზე მოიწყვეს ცხოვრება და ამ ხალხის დევნა-შევიწროვება და შეურაცხყოფა გაიხადეს მთავარ საქმედ. ხალხმა ისინი კინწისკვრით უნდა გაყაროს. ამ პროცესებს ხალხი მართავს, არანაირი პოლიტიკური ზეწოლა ეს არ არის, "ქართული ოცნება" ამ საქმეში არ ერევა, ეს არის ხალხის ამბოხი და ვიდრე კაბინეტებიდან სკამებიანად გამოყრიან მათ, უმჯობესია, გადადგნენ პოსტებიდან და ადგილი იმ ადამიანებს დაუთმონ, ვინც ხალხს უნდა!
ესაუბრა ლევან ჯავახიშვილი