კახა კუკავა: უმრავლესობას სახალხო დამცველის კანდიდატურა საზოგადოების აქტივობამ შეაცვლევინა
პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა სახალხო დამცველის პოსტზე უჩა ნანუაშვილის წარდგენას მიესალმება.
როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ძალიან კარგია, რომ უმრავლესობას სახალხო დამცველის კანდიდატურა საზოგადოების აქტივობამ შეაცვლევინა.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წარუმატებლობა სახალხო დამცველთან დაკავშირებული პროცედურების დარღვევაა.
"თუ სხვა საკითხებთანაც იგივე მიდგომები იქნება, რაც სახალხო დამცველთან დაკავშირებით მოხდა, ეს საპარლამენტო უმრავლესობისთვის სრული კრახი იქნება. მათ უნდა დაენიშნათ ის, ვისაც საზოგადოების მხრიდან ყველაზე მეტი მხარდაჭერა ჰქონდა", - განაცხადა კახა კუკავამ.
მისივე თქმით, სახალხო დამცველის პოსტზე დასახელებული ერთ-ერთი კანდიდატის ნინა ხატისკაცის კანდიდატურასთან შედარებით, უჩა ნანუაშვილის კანდიდატურა მისასალმებელია.
"ახალმა მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ თუ არჩევნები მოიგეს და პარლამენტში მოვიდნენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახალხო დამცველიც მათ უნდა დანიშნონ", - აღნიშნა კუკავამ.
საპარლამენტო უმრავლესობა უჩა ნანუაშვილს დახურულ ფორმატში გუშინ შეხვდა. მან შეხვედრაზე დეპუტატებს საკუთარ ხედვა და ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში, საკუთარი სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები გააცნო.
ომბუდსმენის პოსტზე სულ 7 კანდიდატი განიხილება. ესენი არიან თამარ გურჩიანი, გელა ნიკოლეიშვილი, ლია მუხაშავრია, უჩა ნანუაშვილი, ნინა ხატისკაცი, დიმიტრი ლორთქიფანიძე და ნათია იმნაძე, თუმცა გაირკვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს უჩა ნანუაშვილს დაუჭერს.