დიმიტრი შაშკინი: ზოგიერთს ჰგონია, რომ დადგა დრო, სამაგიერო გადამიხადონ!
განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს მორიგი "ფეისბუკგანცხადებით" ეხმიანება.
"ივერიონი" განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
"კიდევ ერთხელ მინდა შევეხო განათლების სისტემაში გატარებულ რეფორმებს და ვუპასუხო აბსურდულ ბრალდებებს. განათლების სფეროში ჩვენ გავატარეთ ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა. სამწუხაროდ, ზოგი რეფორმა მტკივნეული იყო, თუმცა საჭირო და დროული. დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ამ რეფორმებს აკრიტიკებდა, დარწმუნდება მათ სისწორეში.
ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუდმივ დიალოგში იყო საზოგადოებასთან, მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში მაინც რჩებოდა შეკითხვები. ბუნებრივია, რომ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ შეკითხვებს გამოიყენებენ ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად. ზუსტად ასე მოხდა სახელმძღვანელოების თემის შემთხვევაში, როდესაც არაკეთილსინდისიერი გამომცემლები ცდილობენ ჩირქი მოსცხონ ჩვენს მიერ გატარებულ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას სასკოლო სახელმძღვანელოებთან მიმართებაში.
საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტავ ამ რეფორმის დეტალებს:
2009 წლის დეკემბერში, როდესაც პრეზიდენტმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დამნიშნა, პირველი რაც ჩვენ გავაკეთეთ ეს იყო კვლევა იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც მშობლების აზრით იმ დროისთვის იყო ზოგად განათლებაში. ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ ნომერ პირველი პრობლემა, რომელიც მშობლებს აწუხებდა იყო სასკოლო სახელმძღვანელოების ხარისხი და ფასი. 2009 წელს, მშობელს სახელმძღვანელოების ერთი კომპლექტი 300 ლარზე მეტი უჯდებოდა, ამასთან ეს სახელმძღვანელოები მაღალი პოლიგრაფიული ხარისხითა და დახვეწილი შინაარსით არ გამოირჩეოდა. პრობლემას კიდევ ის ამწვავებდა, რომ სახელმძღვანელოები ყოველწლიურად იცვლებოდა, რაც ხელს უშლიდა სახელმძღვანელოების მეორადი ბაზრის შექმნას და არსებობას.
პირადად მე შევისწავლე ყველა ის რეგულაცია, რომელიც აწესრიგებდა ამ სფეროს. აღმოჩნდა, რომ ის კეთილშობილი, თეორიულად სწორი რეგულაციები, რომლებიც ადრე იყო მიღებული, სამწუხაროდ პრაქტიკაში აბსოლუტურად სხვაგვარად მუშაობდა. კერძოდ, ძველი რეგულაციის ფარგლებში სახელმწიფომ უარი თქვა სახელმძღვანელოების შექმნაზე და ეს უფლება კერძო გამომცემლებს მიანიჭა, რაც, ბუნებრივია, კარგია. სკოლას საშუალება მიეცა, რომ თვითონ აერჩია სახელმძღვანელოები, რაც აგრეთვე პოზიტიური ფაქტია. სახელმწიფო თავის მხრივ აძლევდა ნებართვას (გრიფს) ყველა მსურველ გამომცემელს, იმ იმედით რომ ბაზარი თვითონ დაარეგულირებდა პრობლემას და გარიყავდა დაბალი ხარისხისა და ძვირი ფასის მქონე სახელმძღვანელოებს. იდეაში ეს რეგულაცია სწორია. რეალობაში კი აბსოლუტურად სხვა რამ მოხდა. ზოგმა არაკეთილსინდისიერმა გამომცემელმა იმის ნაცვლად, რომ შეექმნათ მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები, სხვა გზა აირჩია და დაიწყო სკოლების მოქრთამვა. მოქმედებდა ე.წ. ბონუსების სისტემა, რომელიც გულისხმობდა და მოიცავდა, როგორც უბრალო ქრთამებს დირექტორებისთვის, აგრეთვე თურქეთში ტურისტული მოგზაურობებსაც. ბუნებრივია, მოტივაცია რომ შექმნილიყო მაღალი ხარისხის სახელმძღვანელო, ხელმისაწვდომ ფასად, გაქრა. სამწუხაროდ, სისტემაში მომუშავე ბევრმა ადამიანმა ვერ გაუძლო ცდუნებას, და იმისთვის რომ ამ ე.წ ბონუსის სისტემით სარგებელი მიეღო, ყოველწლიურად ცვლიდა სახელმძღვანელოებს და გამომცემლებს. ხშირ შემთხვევაში ირღვეოდა ეროვნული სასწავლო გეგმა, არ იყო არანაირი ლოგიკური ბმა სხვადასხვა კლასის სახელმძღვანელოებს შორის. ჯამში, ეს ყველაფერი კეთდებოდა დიდი მოგებისთვის. საქართველოში სახელმძღვანელოების ბაზრის მოცულობა დაახლოებით 60 მილიონ ლარს მოიცავს, ეს ის თანხაა, რასაც მშობელი იხდის შვილის სასკოლო სახელმძღვანელოებში, შეგახსენებთ, რომ სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოებს სახელმწიფო იძენს.
ეს იყო ჩვენი მწარე რეალობა. მე ორი არჩევანი მქონდა. პირველი, მე შემეძლო განმეცხადებინა, რომ სახელმძღვანელოების ფასის და ხარისხის თემა არ ეხება სამინისტროს და დეიურე მე ვიქნებოდი მართალი, ამასთანავე ავიცილებდი ბევრ თავის ტკივილსაც. ხოლო მეორე გზა იყო: მიმეღო რთული გადაწყვეტილება, ჩავრეულიყავი ამ საკითხში და მომეწესრიგებინა ეს სფერო. მე წავედი მეორე გზით. ჩვენ დავამყარეთ წესრიგი სახელმძღვანელოების სფეროში, სამჯერ და მეტჯერ დავწიეთ სახელმძღვანელოების ფასი ბაზარზე, კომპლექტი, რომელიც 2009 წელს ღირდა 280 ლარი, 2012 წელს უკვე იყიდებოდა 79 ლარად. თან რაც მთავარია, ჩვენ ეს გავაკეთეთ სუფთა ხელებით. იყო ხალხი, რომელიც ცდილობდა ამ სფეროში მოეძებნათ ჩემი და ჩვენი გუნდის რომელიმე წევრის ინტერესები, თუმცა უშედეგოდ, მომავალშიც იქნება ასეთი მცდელობები, მაგრამ ტყუილად დაკარგავენ დროს.
მე ვამაყობ, რომ ჩემი ხელმძღვანელობით ჩატარდა ეს რეფორმა, ჩემმა თანამშრომლებმა გაუძლეს ბევრ ცდუნებას და ღირსეულად შეასრულეს თავიანთი მისია.
ახლა, რაც შეეხება რამდენიმე ბრალდებას, რაც მე ახლა მოვისმინე ზოგიერთი გამომცემლისგან. მესმის, რომ ახლა არის ახალი ხელისუფლება და ზოგიერთს ჰგონია, რომ დადგა მომენტი, გადამიხადონ სამაგიერო იმის გამო, რომ მე მათ შევუშალე ხელი, ხალხის ხარჯზე მილიონების კეთებაში. ამ ქვეყანაში ხალხი გონიერია და ყველაფერს ხედავს, მეც არ ვაპირებ უპასუხოდ დავტოვო აბსურდული ბრალდებები. კერძოდ, ერთ-ერთმა გამომცემელმა ახლა იჩივლა, რომ თურმე, ფულის გადახდა უწევდა სახელმწიფოსთვის, რომ მიეღო უფლება გრიფირების პროცესში მონაწილეობისთვის. დიახ, უწევდა და ეს არის აბსოლუტურად სწორი. გამომცემელი შედიოდა 60 მილიონის ღირებულების ბაზარზე და არ უნდოდა, რომ გადაეხადათ წიგნის შეფასების ფული?! რა გამოდის, რომ სახელმწიფოს უნდა ეფინანსებინა მათი ბიზნესი?! მე ასევე დამაბრალეს, რომ მათ ვურჩევდი საქართველოში დაებეჭდათ სახელმძღვანელოები და არა თურქეთში. აქ სიმართლე ნამდვილად ურევია, თუმცა არა იმ ახსნით და ბრალდებებით, რასაც გამომცემლობები ახმაურებენ. ბევრი გამომცემელი ბეჭდავდა წიგნებს თურქეთში, მე დავეჭვდი რატომ? საქართველოში არის კარგი სტამბები და ფასი უფრო დაბალია. გაირკვა, რომ თურქეთში ისინი ხელოვნურად ზრდიდნენ წიგნის ფასს, რათა საქართველოში გადაეხადათ ნაკლები გადასახადი. მაგალითად, წიგნის დაბეჭდვა უჯდებოდათ 4 დოლარი, საბუთებში წერდნენ 8 დოლარს, ამით ამართლებდნენ მაღალ ფასს და მალავდნენ გადასახადებს. გარდა ამისა, ზოგი გამომცემელი დისტრიბუტორებთან ერთად ქმნიდა ხელოვნურ დეფიციტს და ამით კიდევ უფრო მეტ მოგებას ნახულობდა. მაგალითად, 2009 წელს ბათუმში ხელოვნური დეფიციტის შექმნით ქართული ენის სახელმძღვანელო მაღალი კლასებისთვის იყიდებოდა 36 ლარად. ახლა სვამენ კითხვას, რატომ მოვაწერეთ ხელი "საქართველოს ფოსტასთან" და "24 საათთან" მემორანდუმებს. მინდა აგიხსნათ, რომ ეს მემორანდუმები მათ ესკლუზიურ უფლებას არ აძლევდა და იყო მხოლოდ მათი და ჩვენი მხრიდან კეთილი განზრახვების ჩვენება და გაკეთდა პირველ რიგში, იმის გამო, რომ გამომცემლები, რომლებიც ახლა ანგელოზის სახეებით ჰყვებიან "სატანა მინისტრზე", მემუქრებოდნენ საბოტაჟით. საბოტაჟით, იმის გამო, რომ მათ ვუთხარი 10 ლარზე მეტად არ გაეყიდათ სახელმძღვანელოები. ხოლო, როდესაც მე გამომცემლებს ვკითხე: თქვენ, რა, ბავშვებს წიგნების გარეშე დატოვებთ? - დამცინეს, თავის ჭკუით და მიპასუხეს, რომ ბავშვები კი არა, ფული იყო მთავარი. მე, როგორც მინისტრს, უფლება არ მქონდა საჯაროდ გამეცხადებინა ყველა ამ პრობლემური საკითხის თაობაზე, რადგან ეს იქნეობდა ინტერპრეტირებული, როგორც ზეწოლა კერძო ბიზნესზე, მაგრამ ახლა ამის უფლება მაქვს და ვეცდები, ბოლომდე ავუხსნა და დავანახო საზოგადოებას სიმართლე", - წერს დიმიტრი შაშკინი.