ლევან ბერძენიშვილი: უჩა ნანუაშვილს „უმცირესობაც“ დაუჭერს მხარს!
უჩა ნანუაშვილი ყველაზე უფრო მეტად აკმაყოფილებს სახალხო დამცველისთვის წაყენებულ მოთხოვნებს.
ამის შესახებ „ივერიონთან“ საუბრისას უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.
„პირველად არის საქართველოში, როცა რომელიმე ვაკანტურ თანამდებობაზ რამდენიმე კანდიდატი გვყავს. ამ შემთხვევაში, პარლამენტმა მოუსმინა სახალხო დამცველის 6 კანდიდატურას, გელა ნიკოლაიშვილი შეხვედრაზე არ მოვიდა, „თუ გინდათ ისე დამნიშნეთო“. როცა ნინა ხატისკაცი დავასახელეთ, ბრალი დაგვდეს რომ ის ჩვენი პარტიის წევრის მეუღლე იყო, ახლა ახალ პრეტენზიებს წამოაყენებენ. მიმაჩნია, რომ უჩა ნანუაშვილი ყველაზე უფრო მეტად აკმაყოფილებს სახალხო დამცველისთვის წაყენებულ მოთხოვნებს. პარლამენტი მუშაობს და დარწმუნებული ვარ, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.
დეპუტატის თქმით, უჩა ნანუაშვილს საპარლამენტო უმცირესობაც დაუჭერს მხარს. „ ამ სფერიში ის ძალიან გამოცდილი და კარგი კადრია“, - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.
7 დეკემბერს ცნობილი გახდება სახალხო დამცველის ვინაობა. გუშინ, პარლამენტში მოუსმინეს ომბუცმენის 6 კანდიდატს. პარლამენტის სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს უჩა ნანუაშვილს უჭერს.
შეგახსენებთ, რომ აქამდე უმრავლესობა მხარს ნინა ხატისკაცს უჭერდა, მაგრამ მისი მეუღლის მესტიის გამგებლად დანიშვნის გამო, ხატისკაცის კანდიდატურის მიმართ არაერთი კრიტიკული შენიშვნა გაკეთდა.