ევროკავშირის 40 მილიონიანი გრანტი საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის

ევროკავშირის 40 მილიონიანი გრანტი საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის

ევროკავშირი და საქართველოს ხელისუფლება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის ევროპის სამეზობლო პროგრამას განახორციელებს.


ამის შესახებ ევროკავშირის მისიისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შეხვედრისას გახდა ცნობილი.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ, ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობის მისიის ხელმძღვანელმა ანდრეა ფონტანამ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა შეხვედრაზე პროექტის დაწყების თარიღი და  ძირითადი პრიორიტეტები განიხილეს.

ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროსთვის 40 მილიონ ევროს  გრანტს გამოყოფს.

„სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ამ მიმართულებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და  ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას ერთობლივად ვიწყებთ“, - განაცხადა დავით კირვალიძემ.

პროგრამის მიზანი საქართველოში სურსათის წარმოების გაზრდა და სოფლად სიღარიბის შემცირებაა, ასევე ეროვნული სექტორული სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობა და მცირე ფერმერული ორგანიზაციების გაძლიერება.

„მომავალ წელს ევროპის საქართველოსადმი მხარდაჭერის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სოფლის მეურნეობა იქნება. თუმცა მისია ასევე მუშაობს გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე 2014-17 წლებისთვისაც. ჩვენ შევხვდით ქართულ მხარეს, რომ განგვესაზღვრა ის მიმართულებები, რომელიც უფრო საინტერსოა საქართველოსთვის ევროპული დახმარების მიღების კუთხით. ვფიქრობ, შეხვედრა საინტერესო და ნაყოფიერი იყო“, - აღნიშნა ფილიპ დიმიტროვმა.

პროგრამა მოიცავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარებას კოოპერაციის მხარდაჭერისა და სერვის ცენტრების შექმნის პროგრამაში, ასევე დაეხმარება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ხელს შეუწყობს არასამთავრობო სექტორის ჩართვით კერძო სექტორის განვითარებას.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: