სტიქიით დაზარალებულ კახელებს ფონდი "ქართუ" დაეხმარება

სტიქიით დაზარალებულ კახელებს ფონდი "ქართუ" დაეხმარება

კახეთში სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობისთვის სახლების გადახურვას და კომპენსირებას ფონდი "ქართუ" განახორციელებს, - ამის შესახებ ფონდ "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა.


მისი თქმით, ფონდი სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობის დახმარების საკითხში აქტიურად არის ჩართული. ეს დახმარება ითვალისწინებს გადახურვის სამუშაოებს და ზარალის ანაზღაურებას სოფლის მეურნეობის დარგში. "დაიხარჯება იმდენი, რამდენიც საჭირო იქნება", - განაცხადა ჩხეტიანმა.


ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას თქმით, ამ დროისთვის 895 სახლის სახურავია შესაკეთებელი ან მთლიანად გადასახური. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო ზიანის კომპენსირებას, ამასთან დაკავშირებით მეთოდოლოგია მუშავდება.


მისივე თქმით, ამ დროისთვის უცნობია მოხერხდება თუ არა წინასაახალწლოდ ყველა დაზიანებული სახლის გადახურვა. ნარმანიას ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ამ დრომდე 65 მილიონი ლარია დახარჯული, თუმცა, ეს საკმარისი არ იყო.


შეგახსენებთ, 19 ივლისს, ქარბორბალას და ძლიერი სეტყვის შედეგად თელავის, გურჯაანის, ლაგოდეხის, ყვარლის და ახმეტის რაიონებში რამდენიმე ათასი ოჯახი დაზარალდა. ქარიშხალმა 200–მდე სახლს მთლიანად, ათასზე მეტს კი სახურავი ნაწილობრივ გადახადა. დაისეტყვა ვენახები, ხეხილის ბაღები და ბოსტნეული. გურჯაანის სოფლებში ველისციხეში, ვაზისუბანში, შაშიანში, კალაურსა და ვაჩნაძიანში სეტყვამ მოსავლის 100% გაანადგურა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.


სტიქიის შედეგად დაზარალებულები მთავრობამ სამ კატეგორიად დაყო. პირველი კატეგორია, ანუ ოჯახმა, რომელსაც მოსავალი 100%–ით გაუნადგურდა, 1300–1500 ლარის ოდენობის კომპენსაცია მიიღო. მეორე კატეგორიაში ის ოჯახები შევიდნენ, რომელთაც მოსავალი 70–80%–ით გაუნადგურდათ. მათ კომპენსაციის სახით 800–900 ლარი მიიღეს. მესამე კატეგორიის დაზარალებულებს, მათ ვისაც სტიქიამ მოსავლის 50%–მდე გაუნადგურა, სახელმწიფო 300–500 ლარით დაეხმარა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: