რეგიონებში ძველ კადრებს „ქართული ოცნების“ აქტივისტები ანაცვლებენ

რეგიონებში ძველ კადრებს „ქართული ოცნების“ აქტივისტები ანაცვლებენ

პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელები და ზოგ შემთხვევაში, მთლიანად  გამგეობის კოლექტივი თანამდებობეს ტოვებს.


ამ ტენდენციით განსაკუთრებით გამოირჩევა კახეთი. თელავში, ახმეტასა და გურჯაანში უკვე შეიცვალა ადგილობრივი თვითმმართველობების შემადგენლობები. გათავისუფლებული თანამშრომლები აცხადებენ, რომ  გათავისუფლების შესახებ ბრძანებებს აწერინებენ და მათ ადგილას „ქართული ოცნების“ წევრებს ნიშნავენ.


„კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებს და ყველა სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები დააწერინენ. სამსახურიდან უკვე წავიდნენ გამგებლის მოადგილეები.


გამგებლის ახალ მოადგილეებად უკვე დაინიშნენ აკაკი ნატროშვილი, ნიკოლოზ ხუციშვილი და გივი გიგაური. სამივე მათგანი „ქართული ოცნების“ წევრია.


სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილი კომენტარს არ აკეთებს, ნაწილი კი ამბობს, რომ განცხადება თავისი სურვილით არ დაუწერიათ.


დედოფლისწყაროს გამგებელი ირაკლი შიოლაშვილი, რომელიც ამ თანამდებობაზე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა, ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, ყველა თანამშრომელი სამახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: